ახალი ამბები

როგორ უნდა გაერთიანდეს სამინისტროები – “შენების მოძრაობის” ალტერნატიული გეგმა

4 დეკემბერი, 2017 • 2827
როგორ უნდა გაერთიანდეს სამინისტროები – “შენების მოძრაობის” ალტერნატიული გეგმა

4 დეკემბერს “შენების მოძრაობამ” მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ალტერნატიული გეგმა წარმოადგინა. ეს გეგმა სამინისტროების გაერთიანების განსხვავებულ მოდელს ითვალისწინებს.

“ფაქტია, რომ ეს არის მოუმზადებელი პროექტი და ფაქტია, რომ არ იწვევს არანაირ ხარჯების შემცირებას” – განაცხადა მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ცვლილებებზე თავიანთი წინადადებების წარდგენისას.

“შენების მოძრაობის” მიერ შემოთავაზებული ცვლილებებია:

[gray_box]”საგარეო საქმეთა“ სამინისტროს ეწოდოს „საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის“ სამინისტრო[/gray_box]

დავით უსუფაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის სვლის თაობაზე ჩანაწერი გაჩნდა და ამავდროულად, უქმდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სწორი და ლოგიკური იქნება, თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაერქმევა საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის სამინისტრო.

[gray_box]”სოფლის მეურნეობის” სამინისტრო გარდაიქმნას “მიწათმოქმედებისა და სოფლის განვითარების“ სამინისტროდ, ნაცვლად “გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების” სამინისტროსი[/gray_box]

“შენების მოძრაობის” წინადადების თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა გარდაიქმნას „მიწათმოქმედებისა და სოფლის განვითარების“ სამინისტროდ და მისი ფუნქცია უნდა გახდეს აგრარული და სოფლის (რურარული) განვითარების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, საგარეო-სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ხარისხის კონტროლი, სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის უვნებლობა, ევროკავშირთან აგრარული და რურარული პოლიტიკის ჰარმონიზაცია და მიზნობრივი საგრანტო რესურსების მოზიდვა.

“მიწათმოქმედება არის ის ტერმინი, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს ამ საკითხს, რაზეცაა საუბარი, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს სამინისტრო სწორედ ასე იწოდებოდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხია,”-განაცხადა უსუფაშვილმა.

[gray_box]შენარჩუნდეს „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების“ სამინისტრო[/gray_box]

“შენების მოძრაობა” აცხადებს, რომ „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების“ სამინისტროს გაუქმება არ არის მიზანშეწონილი, ხოლო  სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროებზე მისი ფუნქციების გადანაწილებით გარემოს დაცვის სფეროში არსებული ინტერესთა კონფლიქტები კიდევ უფრო დამძიმდება.

“ეკონომიკური ბლოკის უწყებების ინტერესები და გარემოსდაცვითი პოლიტიკა თავისი ბუნებით ხშირად შეუთავსებულია. ბუნებრივი რესურსების გამოყენების უფლების გაცემა (ლიცენზირება) და მოსაპოვებელი რესურსების ოდენობისა და  მოპოვების პირობების დადგენა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების კონტროლის ფუნქციების ერთ უწყებში მოექცევა დაუშვებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს უწყება ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად მოხმარებაზეა ორიენტირებული” – აცხადებს შენების მოძრაობა.

მათივე განცხადებით, მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, სერიოზულად შეფერხდება ევროკავშირთან დადებული ასოცირების  შეთანხმებით გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება, რაც თანამდროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვასთან ერთად ამავე სფეროში ფუნქციონალურად და სტრუქტურულად ერთიანი პასუხისმგებელი უწყების არსებობასაც მოიცავს.

[gray_box]შენარჩუნდეს “დაზვერვის სამსახური” და არ შეუერთდეს სუს-ს[/gray_box]

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს დაზვერვის სამსახურის გაერთიანება სუს-თან, ვინაიდან, შემოთავაზებული პროექტით, პრაქტიკულად, სუს-ის სუპერძლიერ ორგანოდ გადაქცევა არის შემოთავაზებული,”- ამბობს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, კანონპროექტში ვერ ვპოულობთ საგარეო დაზვერვის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებებს.

“სამაგიეროდ, დაგეგმილია საგარეო დაზვერვის სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმის („ოდეერები“, კადრების აბსოლუტური კონფიდენციალობა, „ჩავარდნილი“ აგენტისთვის სამმაგი გასამრჯელოს შენარჩუნება პატიმრობის ვადით, შენიღბვა-დაშიფვრა, საბიუჯეტო ხარჯების გაუმჭვირვალობა) გავრცელება სუს-ის მთელ სისტემაზე. ამით სუს-ი ხდება სუპერძლიერი მონოპოლისტი ორგანო იმ სფეროებში, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებათა ქსელს ქმნიან ურთიერთდაბალანსებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებისთვის,”- აცხადებს “შენების მოძრაობა”

[gray_box]”სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო“ გარდაიქმნას „სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოდ“, ხოლო მისი კრიზისების მართვის კომპონენტი გადაეცეს შსს-ს „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“[/gray_box]

“იმ ვითარებაში, როდესაც კონსტიტუციით უქმდება პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო, შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საბჭო, ასევე, შემოთავაზებული ცვლილებებით, უქმდება საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც საგარეო რისკების შეფასებისთვისაა შექმნილი, ქვეყანა რჩება უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის შემმუშავებელი და მაკოორდინირებელი ორგანიების გარეშე. ეს დაუშვებელია,”- ამბობს უსუფაშვილი.

შენების მოძრაობის მიერ შემოთავაზებული გეგმით, კრიზისების მართვის კომპონენტი უნდა გადავიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, ხოლო დანარჩენი – დარჩეს პრემიერთან.

[gray_box]შინაგან საქმეთა სამინისტრო“ გარდაიქმნას „საშინაო საქმეთა სამინისტროდ“[/gray_box]

“ამით უნდა დასრულდებს საბჭოთა პრაქტიკა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უდრიდა პოლიციას,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის დეპარტამენტი იქნება ერთ-ერთი დეპარტამენტი საშინაო მმართველობის სხვა სამოქალაქო უწყებებს შორის.

გაუქმდეს “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო“ და დაექვემდებაროს იუსტიციის სამინისტროს

“შენების მოძრაობა” მიიჩნევს, რომ სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე მიზანშეუწონელია ამ ფუნქციისთვის ცალკე სამინისტროს არსებობა.

მათივე განცხადებით, თავის დროზე, მისი გადაცემა შსს-დან იუსტიციის სამინისტროსთვის სწორი გადაწყვეტილება იყო, შემდეგ საჭირო გახდა მისი იუსტიციის სამინისტროდან გატანა პროკურატურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის გამო. “შენების მოძრაობა მიიჩნევს, რომ რადგან ახალი კონსტიტუციით პროკურატურა კარგავს კავშირს იუსტიციის სამინისტროსთან, ამიტომ ლოგიკურია ამ ფუნქციის იუსტიციის სამინისტროსთვის დაბრუნება.

[gray_box]სამინისტროებში მინისტრის პირველი მოადგილის ნაცვლად შემოიღონ „სახელმწიფო მდივნის“ თანამდებობა, რომელიც უმაღლესი რანგის კარიერული საჯარო მოხელე იქნება[/gray_box]

დავით უსუფაშვილმა განმარტა, თუ რა განსხვავება იქნება მინისტრის პირველ მოადგილესა და “სახელმწიფო მდივნის” თანამდებობას შორის:

“მინისტრი და მისი მოადგილეები ერთად მიდიან და მოდიან სამინისტროში. ამით ხდება სამინისტროს ფუნქციების მნიშვნელოვანი შეფერხება. სახელმწიფო მდივანი იქნება საჯარო მოხელე, რომელიც ვადით იქნება დანიშნული და მინისტრისა და მთავრობოს ცვლილება მასზე გავლენას არ მოახდენს. ანუ, სამინისტროს მუდმივად ეყოლება ორგანიზატორი მენეჯერი, რომელიც მზად იქნება, გაატაროს ამა თუ იმ მინისტრის პოლიტიკა,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ამ საკითხის განმარტებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი