ახალი ამბები

მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად 51-ე სკოლასთან აქცია მიმდინარეობს

3 დეკემბერი, 2017 • 5666
მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად 51-ე სკოლასთან აქცია მიმდინარეობს

51-ე სკოლის წინ არასრულწლოვნებს შორის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლული ბავშვების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღე იმისათვის შეიკრიბნენ, რომ მათი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოხატონ.

მოქალაქეები სკოლასთან სანთლებს ანთებენ. მათ ასევე მიიტანეს ყვავილები. როგორც აცხადებენ, ამ ფორმით ცდილობენ, დაანახონ სახელმწიფოს და ახალგაზრდებს, რომ ცივილიზებული პასუხი სურთ იმაზე, რაც 1 დეკემბერს მოხდა, რათა მომავალში სხვა ბავშვები მაინც დაიცვან.

მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია 51-ე საჯარო სკოლასთან. ფოტო: თამარ გურჩიანი

როგორც წავიკითხე, ბავშვებს უნდა მისცე საშუალება, თავად აირჩიონ გლოვის ფორმა… მადლობა 51-ე სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს ამ დაფების დადგმისთვის… © თამარ გურჩიანი

ბავშვების მკვლელობასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია დაანონსდა 4 დეკემბერსაც. ორშაბათს, 20:00 საათზე, ახალგაზრდები 51-ე საჯარო სკოლასთან შეიკრიბებიან. როგორც სოციალურ ქსელში აქციის მონაწილეები წერენ, რაც მათ მეგობრებს შეემთხვა და რაც ქვეყანაში ხდება, არის უდიდესი ტკივილის და შიშის შეგრძნება:

“ჩვენ, ახალგაზრდებს გვაწუხებს ეს ყველაფერი და ვფიქრობთ, რომ ჩვენც უნდა გვისმენდეს საზოგადოება. არ გვინდა გვეშინოდეს სკოლაში წასვლის, ქუჩაში გავლის! ჩვენ გვინდა სიცოცხლე და გვინდა განვითარება.”

[red_box]3 მოკლული ბავშვი 2 დღეში[/red_box]

1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციამ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავა. 3 დეკემბერს პროკურატურამ 2 მოზარდი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად კიდევ ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა. 1999 წელს დაბადებული განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი