როგორც თამარ კინწურაშვილმა დღეს, 17 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად იქნება ეს კომისია, მთავარია, რამდენად ეფექტური იქნება მისი მუშაობა.

 

“არსებითია, რომ ამ ფორმატმა იმ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც დღეს არსებობს და რომლის შესახებაც კომისიის თავმჯდომარემ [გიგა ბოკერია] თავის საბოლოო რეკომენდაციებში აღნიშნა: პირველ რიგში, ეს არის ძალადობრივი გარემო როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, ისე სხვადასხვა უმცირესობების ჯგუფების მიმართ და ამ საქმეების არასათანადო გამოძიება, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და პოლიტიკური ლიდერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რაც ხელს უშლის არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ასევე, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტებზე არასათანადო რეაგირება, კერძო ფულის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიციის ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რასაც შუალედურ არჩევნებზე ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა კინწურაშვილმა.

 

მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა ინტერფრაქციული ჯგუფის გადაწყვეტილების შესახებ მედიიდან შეიტყვეს. 

 

“ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ მედიის მეშვეობით. ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული იმ ფორმატში, რომელიც არსებობს პარლამენტთან და ჩვენი პოზიცია არის, რომ როგორც კანონმდებელი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამის მიხედვით ვიმოქმედებთ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება უწყებათაშორისი კომისიის ახალი თავმჯდომარე.

 

“არ აქვს მნიშვნელობა არც ინსტიტუტებს. მთავარია, რომ კომისია იყოს ეფექტური და არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და თავისუფალ გარემოში”, – განაცხადა მან. 

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, ხომ არ ფიქრობს, რომ უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადატანით მმართველ გუნდს ამ კომისიის მისთვის კომფორტულ და მთავრობის მიერ კონტროლირებად სფეროში მოქცევა სურს, კინწურაშვილი პასუხობს:

 

“წინასწარ ვარაუდებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ და ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება მისი მუშაობა. შუალედური არჩევნების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც საკითხებზე, ვთქვათ, ჩვენ არ გვქონდა კონსენსუსი იუსტიციის სამინისტროსთან თუ შსს–თან… მაგალითად, ისეთ საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო პოლიციის მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში, პლაკატების ჩამოხევა და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ადეკვატურ პოზიციას დაიკავებენ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ეს არის კანონმდბელობის დარღვევა და ჩვენ გვქონდა გამოცდილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების დროს 20–ზე მეტი საჯარო მოხელე დავაჯარიმეთ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის და იდენტურ საქმეებზე მათი პოზიცია იყო განსხვავებული”.

 

უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს გამოეყოს და იუსტიციის სამინისტროსთან გააგრძელოს ფუნქციონირება. 

 

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხება და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ცვლილებათა ზემოხსენებული პაკეტი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააცნო.

 

“უწყებათაშორისი კომისია ფუნქციონირებდა უშიშროების საბჭოსთან და უშიშროების საბჭოს ნორმალურ ქვეყანაში არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო კამპანიასთან. უშიშროების საბჭო პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე და არა არჩევნებზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვტოვებთ უწყებათაშორის კომისიას იმიტომ, რომ ეს იყო დაჟნებული მოთხოვნა საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უბრალოდ მას ამიერიდან უხელმძღვანელებს იუსტიციის სამინისტრო”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

მისივე თქმით, პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში ჩართული არასამთავარობო სექტორი ითხოვდა უწყებათაშორის კომისიის მთავრობაში გადატანას. იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ეს კომისია პრემიერ–მინისტრს დაქვემდებარებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ კომისია იუსტიციის სამინისტროსთან იფუნქციონირებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ უხელმძღვანელებს კომისიას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თუ მისი რომელიმე მოადგილე. ქუცნაშვილის თქმით, მისი სურვილია, რომ კომისიას წულუკიანმა უხელმძღვანელოს. 

 

ზემოხსენებული კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით იგეგმება საქართველოს პარლამენტში ივლისის ერთ–ერთ საგანგებო სესიაზე. როგორც ცნობილია, დღეისათვის უწყებათაშორის კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. იმ შემთხვევაში თუ ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი ძალაში შევა, ქუცნაშვილის თქმით, შეიცვლება კომისიის თავმჯდომარე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *