მესტიის გამგეობის ყოფილმა თანამშრომლებმა სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან

უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება
უჩა ნანუაშვილი/ფოტო: მზია საგანელიძე, რადიო თავისუფლება

გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.

 

ომბუდსმენის ოფისის ცნობით, dოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1 ბრძანება „მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ“ და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

 

როგორც ომბუდსმენის ოფისმა გამოარკვია, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არათუ შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, არამედ ერთი შტატით გაიზარდა კიდეც.

 

სახალხო დამცველის განცხადებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას.

 

როგორც საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ასევე, სასამართლო დადგენილებების, მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებას, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა სოფიო კვარაცხელიას და მაია სორდიას პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ.

 

ომბუდსმენის შეფასებით, გამოვლენილი დარღვევები იძლევა საფუძველს, რომ ბათილად იქნეს ცნობილი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ გამოცემული ბრძანებები, რადგან ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლების უფლებებს.

 

ჩვენ დავუკავშირდით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელ კაპიტონ ჟორჟოლიანს, რომელმაც განგვიცხადა, რომ ის ომბუდსმენის განცხადებაზე კომენტარს ჯერ არ გააკეთებს, რადგან საქმესთან დაკავშირებით ელოდება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

 

მესტიის გამგებლის თქმით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო მისი ბრძანებები სოფიო კვარაცხელიასა და მაია სორდიას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მესტიის გამგეობამ კი აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

 

კაპიტონ ჟორჟოლიანისვე თქმით, მან არ იცის, რას წერს ომბუდსმენი და მან თანამშრომლები სამსახურიდან მხოლოდ შტატების შემცირების გამო გაათავისუფლა და უფრო დეტალურ განცხადებას ამის შესახებ მხოლოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *