ახალი ამბები

სესიაშვილის თქმით, კანონში დაზუსტდება, რომ ოდეერებზე ჩანაწერი დაზვერვას შეეხება

29 ნოემბერი, 2017 • 2301
სესიაშვილის თქმით, კანონში დაზუსტდება, რომ ოდეერებზე ჩანაწერი დაზვერვას შეეხება

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამთავრობო ცვლილებების ნაწილი, რომელიც “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონს ეხება, უფრო მეტად დაზუსტდეს.

სესიაშვილი არ გამორიცხავს, კანონში განისაზღვროს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სუს-თან კუთვნილების გამჟღავნების გარეშე მუშაობა მხოლოდ დაზვრევის განყოფილების თანამშრომლებს შეეხოთ და არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა მოხელეს.

“ჩვენ მივუთითეთ, რომ აუცილებლად დაკონკრეტებული უნდა იყოს, რომ ეს შეეხებათ მხოლოდ და მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს. ეს არის აპრობირებული ფუნქცია, რომელიც გამოიყენება ბევრ ქვეყანაში და აქამდე ჩვენს ქვეყანაშიც გამოიყენებოდა. ამიტომ, ეს ხარვეზი კომიტეტის ფარგლებში იყო აღნიშნული, მთავრობამ გაიზიარა და, შესაბამისად, უკვე პირველი მოსმენის პირობებში ის წარმოდგენილი იქნება ამ ჩასწორებით და მიეთითება წინ, რომ ეს მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს შეეხებათ”, – აღნიშნა მან.

სამთავრობო ცვლილებების ზემოაღნიშნული ნაწილი როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონი ე.წ. “ოდეერის” ინსტიტუტის აღდგენის საფრთხეს აჩენს.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი