ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალი – საბჭოთა წარსული სომხეთში

29 ნოემბერი, 2017 • 5276
ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალი –  საბჭოთა წარსული სომხეთში

“ოქროს საუკუნე” თუ ოკუპაცია? როგორ ახსოვთ საბჭოთა კავშირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

“ოქტომბრის რევოლუციის” [ან “ოქტომბრის გადატრიალების”] ასი წლისთავი კარგი საბაბია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პოსტსაბჭოთა საზოგადოებას თავისი წარსულის მიმართ.

საბჭოთა წარსულთან დამოკიდებულების პრობლემა სომხეთში  საზოგადოებრივი დისკუსიის ყურადღების ცენტრში აღნიშნულ იუბილემდე დიდი ხნით ადრე მოექცა. ამის მიზეზი იყო სომეხი ბოლშევიკების პატივსავემად სახელდებული ქუჩების სახელების გადარქმევის ინიციატივა. ეს ინიციატივა ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში სომხურმა ოპოზიციურმა პარტია “ელკმა” შემოგვთავაზა.

ოპოზიციის ინიციატივით გამოწვეული მღელვარება ჯერ კიდევ არ იყო ჩამცხრალი, როდესაც ცეცხლზე ნავთი თავად ხელისუფლებამ გადაასხა: ლიბერალური საზოგადოება შეაშფოთა გამოფენის დახურვამ, სახელწოდებით «დაბინდება», რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლებს ეძღვნებოდა.

მათთვის, ვისაც 90-იანები ახსოვს, მსგავსი დისკუსიები “დეჟა-ვუა”. ეს ყველაფერი სომხეთმა 90-იანებში გამოიარა, როდესაც ქუჩებს სახელები გადაარქვეს, საბჭოთა მოღვაწეების ძეგლები ჩამოხსნეს, რუსულენოვან სკოლებში სწავლება კი სომხური ენით ჩაანაცვლეს. ამის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში, საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული საკითხები უკვე არააქტუალურად გვეჩვენებოდა. თუმცა დღეს, როდესაც სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია, საბჭოთა წარსულთან დამოკიდებულების საკითხმა კვლავ შეიძინა აქტუალობა, ვინაიდან საბჭოთა მემკვიდრეობის თემა ყოფილ მეტროპოლიასთან – რუსეთთან, მჭიდროდაა დაკავშირებული.

სრულიად ბუნებრივია, რომ რუსეთში, ყოფილ მეტროპოლიაში, საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგია ძლიერია. ეს ნოსტალგია მისთვის დამახასიათებელი გროტესკული ფორმით სერგეი შნუროვმა, რუსეთში პოპულარული ჯგუფის “ლენინგრადის” ლიდერმა, ამგვარად გამოხატა: “«И вроде бы всё есть/ И даже что поесть / Но вот только когда напьюсь / Мне снится Советский Союз». “თითქოს ყველაფერი გვაქვს, საკვებიც არ გვაკლია, მაგრამ აი, დალევის შემდეგ, საბჭოთა კავშირი მესიზმრება”. თუ 1990-იან და 2000-იან წლებში საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია უფრო “დაბალი ფენებისთვის» იყო დამახასიათებელი, ვიდრე ოფიციალური პირებისთვის, ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო ხდება მეხსიერების ოფიციალური პოლიტიკის ნაწილი.

საბოლოო ჯამში, ბოლო წლების განმავლობაში საბჭოთა წარსულისადმი დამოკიდებულება საოცრად აერთიანებს ნოსტალგიას ბრეჟნევის “სტაბილურობის” მიმართ, “დიდ სამამულოში” გამარჯვების კულტს, სტალინისადმი არაერთგვაროვან დამოკიდებულებას და რომანოვების იმპერიის იდეალიზაციის ფონზე ლენინის და ბოლშევიკების კრიტიკას. ამ საერთო სურათში კი რუსული იმპერია და საბჭოთა კავშირი რაღაც იდეალიზებულ ზესახელმწიფოს ერწყმის. ნოსტალგიის ობიექტი სწორედ ეს მითოლოგიზებული კონსტრუქცია ხდება.

ამასთან, რუსეთის მოკავშირეებისა და მეზობლების მხრიდან საბჭოთა წარსულის მიმართ გარკვეული ლოალობის მოლოდინი არსებობს, მისი კრიტიკა კი, არცთუ ისე იშვიათად, მოსკოვის მიმართ მტრულ დამოკიდებულებად აღიქმება.

რაც შეეხება დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საბჭოთა წარსულის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ მრავალფეროვანია. ბალტიის ქვეყნებში და საქართველოში დომინირებს ისეთი ხედვა, როგორიცაა ძლიერი მეზობლის მიერ ოკუპაცია ან კოლონიზაცია. ბელარუსში საბჭოთა წარსულის მიმართ დამოკიდებულება მეტისმეტად ლოალურია და საბჭოთა მემკვიდრეობის ზოგიერთი ელემენტი – როგორიცაა ისტორიული ნარატივი “დიდ სამამულო ომზე”- ეროვნული იდენტობის ნაწილი ხდება. ამგვარი მიდგომები შეიძლება გარკვეულწილად შევაფასოთ, როგორც პოლუსები. დანარჩენი ქვეყნები, მათ შორის სომხეთი, ამ სპექტრში სადღაც შუაში იმყოფებიან.

“მეორე რესპუბლიკა”: “საბჭოთასა” და “ნაციონალურს” შორის კომპრომისი

რა ადგილი უკავია ამ სქემაში სომხეთს? ერთი მხრივ, 1980 წლების ბოლოს სომხეთი, საქართველოსთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, სადაც ეროვნული მოძრაობა იშვა. კავშირის ცენტრთან კონფრონტაცია მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც 1990 წლის ზაფხულში ეროვნულ-დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში გაიმარჯვეს. 1991 წლის აგვისტოს პუტჩის შემდეგ სომხეთმა შექმნილი ვითარებით ისარგებლა: უკვე სექტემბერში რეფერენდუმი გაიმართა და დამოუკიდებლობა გამოცხადდა.  

იმ წლებში საბჭოთა მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულება სომხეთში შესაბამისი იყო: ქუჩებს, რომლებიც საბჭოთა მოღვაწეების სახელებს ატარებდა, გადაარქვეს; აიღეს საბჭოთა ძეგლები; რუსულენოვანი სკოლები, სადაც იმ წლებში ძირითადად სომხური ელიტის ბავშვები სწავლობდნენ, სომხურ სწავლებაზე გადავიდნენ; გასაჯაროვდა საბჭოთა ისტორიის შავბნელი ფურცლები, რომლებიც შეეხებოდა 1930-იანი წლების რეპრესიებსა და 1940-იანი წლების ბოლოს ციმბრში მასობრივ გადასახლებებს.

სომხეთში ადგილობრივი სპეციფიკაც იყო – ბევრი საუბრობდა ქემალისტურ თურქეთსა და ბოლშევიკებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე, აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის გადაცემის საკითხში სტალინის სავარაუდო როლზე.

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ბევრად არ განსხვავდებოდა ბალტიური მაგალითის დეკომუნიზაციისგან, მაგრამ რეალურად, არსებობდა მნიშვნელოვანი განსხვავებები. საბჭოთა პერიოდი სომხეთში არასოდეს, 1990-იანი წლების დასაწყისშიც კი, არ განიხილებოდა, როგორც “ოკუპაცია”. საბჭოთა სომხეთს მიიჩნევდნენ და ამჟამადაც მიიჩნევენ სომხური სახელმწიფოებრიობის ფორმად, მას “მეორე რესპუბლიკას” უწოდებენ.

ამ ნარატივში, რომელიც პოსტსაბჭოთა სომხეთის დომინანტი გახდა, საბჭოთა “მეორე რესპუბლიკა” “პირველ რესპუბლიკასა” [1918-1920 წლები] და “მესამე რესპუბლიკას” [თანამედროვე სომხეთი] შორის გარკვეული ხიდის როლს ასრულებს.

1920 წელს სომხეთის “სოვეტიზაცია” აღიქმებოდა, როგორც ნეგატიური მოვლენა, თუმცა თურქეთიდან მომდინარე საფრთხესთან შედარებით, რომელიც სომხური საზოგადოების თვალში ყოველთვის იყო ჩრდილოეთის საფრთხეზე ძლიერი,ის გაცილებით ნაკლებ ბოროტებად მიიჩნეოდა.

მეტიც, საბჭოთა პერიოდის მოღვაწეების მიმართ გარკვეული დიფერენციაცია არსებობდა. სომეხი ბოლშევიკები და კომუნისტები ორ ჯგუფად დაყვეს- “ანტინაციონალურად” და “ნაციონალურად ორიენტირებულებად”. პირველებს მათი ძეგლების დანგრევითა და ქუჩებისა და სკოლების სახელების გადარქმევით “სჯიდნენ”, მეორეებს კი ეს ტალღა პრაქტიკულად არ შეხებიათ. შესაბამისად, ამ დრომდე ერევანში ლენინის თანამებრძოლის ძეგლი არსებობს, ასევე- “ბაქოელი კომისრის”, სტეპან შაუმიანის ძეგლი და მისი სახელობის სკოლა.

აი, სხვა ბოლშევიკის, გუკას გუკასიანის ძეგლი კი გაქრა, მის ქუჩასაც გადაარქვეს სახელი. ნაციონალური პანთეონის ნაწილი გახდა ზოგიერთი საბჭოთა სამხედრო მეთაურიც, რომლებმაც სახელი მეორე მსოფლიო ომის დროს გაითქვეს. საბჭოთა კავშირის მარშალის, ქრისტოფერ ბაგრამიანის პროსპექტის სახელის გადარქმევის აზრი არავის მოსვლია თავში, მეტიც, უკვე დამოუკიდებლობის წლებში პროსპექტს ცხენზე ამხედრებული მარშალის ძეგლი ამშვენებს.

მიკოიანი თუ ნჟდე? რატომ დაიბრუნა საბჭოთა მემკვიდრეობის თემამ აქტუალობა?

1990-იანი წლების დასაწყისში სომხურმა საზოგადოებამ საბჭოთა წარსულთან დაკავშირებით თითქოს იპოვა კომპრომისული ხედვა, რომელიც ყველას აწყობდა, ორივე მხარის რადიკალური ჯგუფების გარდა. 1990-2000- წლებში საბჭოთა წარსულის შესახებ მიმდინარე დისკუსიები ძირითადად საყოფაცხოვრებო საუბრების დონეს არ სცდებოდა და პოსტსაბჭოთა რეალობისთვის დამახასიათებელი ძეხვითა და სოჭის საგზურების ფასით შემოიფარგლებოდა. თუმცა ეს დისკუსები პერიოდულად გადაინაცვლებდა ხოლმე პოლიტიკურ სივრცეშიც. მაგალითად, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდადტად სომხეთის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივანი კარენ დემირჩიანი დარეგისტრირდა, ამან მეხსიერების ოფიციალურ პოლიტიკაზე დიდი გავლენა იქონია. როგორც მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკა, ასევე ინტელექტუალურ ელიტის დომინანტური ხედვა მთლიანობაში, კომპრომისული მოდელის ჩარჩოში რჩებოდა, რომელიც 1990 წლების დასაწყისში შემუშავდა.

თუმცა, ბოლო წლებში საბჭოთა მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულების თემა კვლავ დისკუსიის საგანი გახდა, იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური მოსკოვი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მეხსიერების პოლიტიკის პრობლემების მიმართ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, ეს პრობლემა სომხურ-რუსულ ურთიერთობებს უკავშირდება.

ერთ-ერთი პირველი ეპიზოდი, როდესაც ნათელი გახდა, რომ საბჭოთა წარსულის პრობლემა  კვლავ აქტუალურია, საბჭოთა მოღვაწის, ანასტას მიკოანის ძეგლთან იყო დაკავშირებული. მიკოიანი 1920- იან წლებში სომხეთის ძალადობრივი “სოვეტიზაციის” აქტიური მხარდამჭერი იყო, არასოდეს მიიჩნეოდა “ნაციონალურად ორიენტირებულ” ბოლშევიკად.

მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ მიკოიანი საბჭოთა ელიტის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო, ბევრი სომეხისთვის სიამაყის ობიექტად იქცა. ამიტომ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მიკოიანის შთამომავლებს სურდათ, მისი ბიუსტი დაედგათ ერევანში, აზრი ორად გაიყო. საბოლოოდ, მუნიციპალურმა საბჭომ ერთი ხმის უპირატესობით ძეგლის აღმართვის ნებართვა გასცა, თუმცა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, სიტუაცია არ გაერთულებინა და ბიუსტი არ დადგეს. მაგრამ თავად დისკუსიამ აჩვენა, რომ კონსენსუსი საბჭოთა წარსულის საკითხთან დაკავშირებით სომხეთში არ შედგა: საკითხი, რომელიც 1990 წლებში დახურული ჩანდა, კვლავ ღია აღმოჩნდა.

მსგავს დისკუსიას ადგილი ჰქონდა მარშალ ამაზასპ ბაბაჯანიანის ძეგლთან დაკავშირებითაც. ერთი მხრივ, როგორც უკვე ზემოთ ნახსენები ბაგრამიანი, ბაბაჯანიანიც მიიჩნევა, როგორც მეორე მსოფლიო ომის გმირი. თუმცა ინიციატივის კრიტიკოსები მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ 1956 წელს ბაბაჯანიანი მონაწილეობდა  საბჭოთა ჯარების მიერ უნგრული რევოლუციის ჩახშობაში. საბოლოოდ, როგორც ომის გმირს, ბაბაჯანიანს ძეგლი დაუდგეს. შესაძლოა, ბაბაჯანიანის ძეგლის დახმარებით სომხეთის ხელისუფლება სომხეთსა და რუსეთს შორის იმ მცირე სკანდალის დალაგებას ცდილობდა, რომელიც მეთაურ გარეგინ ნდჟეს ძეგლთან იყო დაკავშირებული.

გარეგინ ნდჟე არა მხოლოდ “პირველი რესპუბლიკის” ერთ-ერთი გმირია, არამედ სომხეთის რესპუბლიკური მმართველი პარტიის იდეურ სულისჩამდგმელადაც მიიჩნევა.

ნდჟესთან დაკავშირებული სიტუაციის დელიკატურობა იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში მისი სახელი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობასთან იყო დაკავშირებული: ნდჟე სომეხი ტყვეებისგან “სომხური ლეგიონის” შექმნაში მონაწილეობდა.

სომხეთში ფიქრობენ, რომ ნდჟე არასოდეს ყოფილა ნაციზმის მომხრე, მის თანამშრომლობას ნაცისტებთან კი იმით ხსნიან, რომ ბანაკებიდან სომეხი ტყვეები გადაერჩინა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლო დევნისგან დაეცვა. მით უმეტეს, “სომხურ ლეგიონს” არასოდეს მიუღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მეტიც, 1945 წელს თავად ნდჟემ არ ისარგებლა შესაძლებლობით, დასავლეთში გაქცეულიყო, ჩაბარდა საბჭოთა ჯარს და თანამშრომლობა შესთავაზა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ჟესტი არ დააფასა და ნდჟე საბჭოთა ციხეში გარდაიცვალა. როგორიც არ უნდა იყოს ისტორიული რეალობა, ნდჟეს ძეგლის აღმართვამ, რომელსაც რუსულ პრესაში აიგივებდნენ ისეთ ანტიგმირებთან, როგორებიც არიან ბანდერა და ვლასოვი, ოფიციალური მოსკოვის  ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. სავარაუდოდ, საბჭოთა მარშალის, ბაბაჯანიანის ძეგლის დადგმა, რომელიც თითქმის ნდჟეს ძეგლთან ერთდროულად გაიხსნა, ამ უსიამოვნო ნალექის მოსაშორებლად იყო განპირობებული.

სწორედ ამ დისკუსიების ფონზე, ოპიზიციური ბლოკის, ელკის ინიციატივას ქუჩებისა და “საბჭოთა სახელების” მქონე სკოლების გადარქმევასთან დაკავშირებით ფართო რეზონანსი მოჰყვა, მით უმეტეს, იგივე ელკი გარკვეული დროის შემდეგ გამოვიდა წინადადებით ევრაზიული კავშირიდან გამოსვლის შესახებ. მუნიციპალური კრების დეპუტატთა ინიციატივა მედიასა და სოციალურ ქსელებში ფართო  განხილვების საგნად იქცა და რუსულ მედიამდეც მიაღწია, სადაც შეფასდა, როგორც “ანტირუსული” ინიციატივა.

რაც არ უნდა იყოს, სახელისუფლებო პარტიამ საბჭოთა სახელების გადარქმევაზე ინიციატივა დაბლოკა. აშკარაა, რომ სომხეთის ხელისუფლება არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს “დეკომუნიზაციის” კამპანიაში და ამის გამო მოსკოვთან ურთიერთობა გაიფუჭოს.

ასეთი პოზიციის კიდევ უფრო ნათელი მტკიცებულებაა გამოფენის,“დაისის”დახურვა მწერალ ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში. გამოფენა ეძღვნებოდა წითელ ტერორსა და რეპრესიებს, რომლის მსხვერპლი გახდენენ მწერლის შვილები. თავად გამოფენა სავარაუდოდ ექსცესების გარეშე ჩაივლიდა, რომ არა კულტურის სამინისტროს მოულოდნელი გადაწყვეტილება მისი დახურვის შესახებ.

კულტურის მინისტრის მოადგილემ არევ სამუელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გამოფენა იყო “პოლიტიზებული”, რამაც სოციალურ ქსელებში აღშფოთება გამოიწვია – როგორ შეიძლება პოლიტიკური რეპრესიების შესახებ გამოფენა “არაპოლიტიზებული” იყოს?!

ხელისუფლების კრიტიკოსებმა ეს გადაწყვეტილება შეაფასეს სურვილად, “მოემსახურონ” რუს პარტნიორებს. ისტორიკოსმა, აიკ დემოიანიმა გამოფენის დახურვა და მთელი ეს ისტორია მიკოიანის შეუსრულებელ ძეგლთან დაკავშირებით “რუსეთში მცოცავ რესტალინიზაციასთან”  დააკავშირა.

ყველა ეს ეპიზოდი ადასტურებს იმას, რომ საკითხი, თუ რა დამოკიდებულება არსებობს საბჭოთა წარსულის მიმართ, რომელზეც მსჯელობა თითქოს ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიხურა, კვლავ აქტუალურია. მეტიც, სახეზეა სომხეთის ორი საზოგადოებრივი მიმართულება, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ “პროსაბჭოთა” და “ანტისაბჭოთა”. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “პროსაბჭოთა” პოზიცია უკავშირდება “პრორუსულს” ან “ევრაზიულს” იმ დროს, როდესაც “ანტისაბჭოთა” – პროდასავლურს” ან “ევროპულს”.

რაც შეეხება ხელისუფლებას, რჩება შთაბეჭდილება, რომ მეხსიერების პოლიტიკის  საკუთარი კონცეფცია არ არსებობს და ორ არსებულ პოზიციას შორის ვარირებენ. ამავდროულად, ცდილობენ, არ აწყენინონ რუს მოკავშრეებს.

შესაძლოა, დღეს ეს ყველაზე პრაგმატული პოზიციაა, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მეხსიერების პოლიტიკის არარსებობას უფრო მეტი პრობლება მოჰყვეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი