ახალი ამბები

“ბიძგი თბილისს სახიფათო ავანტიურისკენ” – რუსეთის საგარეო უწყება “ჯაველინზე”

28 ნოემბერი, 2017 • 2696
“ბიძგი თბილისს სახიფათო ავანტიურისკენ” – რუსეთის საგარეო უწყება “ჯაველინზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო გადმოცემას საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც გავრცელდა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

კარასინი გაეროსა და ეუთოს სპეციალურ წარმოამდგენლებს, ასევე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარს, ჟენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში შეხვდა. საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა საფრთხეს, რომელიც თბილისისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ახლავს თან. ამ კონტექსტში კი, “ჯაველინის” სისტემებთან დაკავშირებით საქართველოსა და აშშ-ს შორის მიღწეულ შეთანხმებას უსვამს ხაზს.

“სახელმწიფო დეპარტამენტმა და პენტაგონმა თანხმობა განაცხადეს საქართველოსთვის “ჯაველინის” ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემაზე. ეს ამ მასშტაბის პირველი შეთანხმებაა საქართველოსა და აშშ -ს შორის 2008 წლის ომის შემდეგ. ამის პარალელურად, აშშ-მა ქართველი სამშვიდობოების გადამზადების პროგრამა რეგულარული საბრძოლო შენაერთების გადამზადებით ჩაანაცვლა. აშშ-ის დახმარებით საქართველოში კიდევ ერთი სამხედრო გადამზადების ცენტრის აშენებაც იგეგმება. რუსეთს მიაჩნია, რომ მსგავსი სამხედრო მხარდაჭერა წარმოადგენს თბილისისთვის მიცემულ ბიძგს, რომ რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურა დაიწყოს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი ტიპის განცხადებები რუსეთში საქართველოსა და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების გასაჯაროების დღესვე კეთდებოდა, თუმცა, არაოფიციალურ დონეზე. ამის საპირისპიროდ, ფაქტს მეტად დადებითი შეფასებები მოჰყვა საქართველოს პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით,  17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია. საუბარია 410 რაკეტასა და 72 გამშვებ ბლოკზე.

მიუხედავად ამისა, ცნობა სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი