ახალი ამბები

რატომ გადაიდო ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკომიტეტო განხილვა

28 ნოემბერი, 2017 • 1703
რატომ გადაიდო ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკომიტეტო განხილვა

დღეს, 28 ნოემბერს პარლამენტს ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა უნდა დაეწყო. კანონპროექტი გაერთიანებულ სხდომაზე სამ კომიტეტს უნდა განეხილა, თუმცა სხდომა გაუქმდა. ამსი მიზეზა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს.

მდინარაძის თქმით, კომიტეტის სხდომის გადადება იმან განაპირობა, რომ გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ შესაჯერებელია. უმრავლესობის წევრის თქმით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით აზრთა სხვაობაა:

“არ დაგიმალავთ, მმართველ გნდში არის დიდი სხვაობა აზრებისა  ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით. ჩვენ ვჯერდებით ერთ საერთო პოზიციაზე, რომ ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს მომხმარებელთა მიმართულებით და, ამავდროულად, არ არის გამორიცხული, რომ გასაღებასთან დაკავშირებით გამკაცრდეს კიდეც კანონმდებლობა. ეს მიდგომა და ეს აზრიც არებობს მმართველ გუნდში. არ არის მარტივი ამ საკითხების შეჯერება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ პოზიციები დავაახლოვოთ ერთმანეთთან და მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, მომხმარებლების ინტერესებს არ დააზიანებს და მეორე მხრივ, ჩვენს საზოგადოებას რაიმე დარტყმას არ მივაყენებთ” – ამბობს მდინარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, გუნდში პოზიციების დაახლოების იმედი აქვს, რამაც შესაძლოა პროცესი დროში გაახანგრძლივოს, თუმცა, საბოლოო ჯამში, იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი გუნდის წევრები ოპტიმალურ პოზიციაზე შეჯერდებიან.

კანონპროექტის განხილვის გადადებაზე განცხადება ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამაც გაავრცელა. პლატფორმაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები ერთიან განცხადებაში ამბობენ, რომ კომიტეტის სხდომის გაუქმების მიზეზები მათთვის არავის განუმარტავს:

“გუშინ, გვიან ღამით, ჩვენთვის მედიიდან გახდა ცნობილი, რომ დანიშნული საკომიტეტო განხილვა მოულოდნელად გაუქმდა ისე, რომ მიზეზების შესახებ განმარტება არავის გაუკეთებია. ასევე მედიიდან ხდება ცნობილი, რომ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის გაუქმებას კანონპროექტზე პოზიციების შეუჯერებლობას უკავშირებს, რაც ჩვენთვის გაუგებარი და საგანგაშოა” – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ  კანონპროექტის ინიცირებიდან დღემდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა ინტენსიურ სამუშაო შეხვედრებს მართავდა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, ცდილობდა პოზიციების დაახლოებას და კომპრომისული ინიციატივის მიღებას, რის შედეგადაც კანონპროექტში შევიდა გარკვეული ცვლილებები.

“ამ პროცესში პლატფორმა წავიდა რიგ მნიშვნელოვან დათმობებზე, რომ მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება და საპარლამენტო განხილვების პროცესი დაბრკოლებების გარეშე დროულად დასრულებულიყო. ამ პროცესში ძირითადი წინააღმდეგობა გამოხატულია სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, რომლებთანაც, როგორც პროფესიული დაინტერესების მქონე უწყებებთან, სრული კონსენსუსის მიღწევა რთულად წარმოსადგენია. ამიტომაც მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შექმნის ამ ორგანოების განსხვავებული მუშაობის სტანდარტს და სამართლებრივ საფუძველს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან გაკეთებული კომპრომისი იყო საშუალება, რომ უმოკლეს დროში მოქმედი ნარკოპოლიტიკის შედეგად უსამართლოდ დაზარალებული ადამიანების ნაწილს მაინც ეგრძნო რეფორმის შედეგები. თუმცა პარლამენტის მხრიდან გუშინ მიღებული გადაწყვეტილება პლატფორმას აფიქრებინებს, რომ ხელისუფლება ვერ აფასებს რეფორმის მნიშვნელობას:

“ხანგრძლივი მოლაპარაკებების და კანონპროექტზე უკვე მიღწეული შეთანხმებების მიღმა, პლატფორმა ვერ ხედავს კომპრომისის დამატებით რესურსს და საკანონმდებლო განხილვების გადავადების საფუძველს. ამის გათვალისწინებით ვითხოვთ, კანონპროექტის შეთანხმებული ვერსია დადგეს კენჭისყრაზე და პარლამენტმა ფორმალურ პროცესში დააფიქსიროს, უჭერს თუ არა მხარს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასრულებას ქვეყანაში” – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი