გეგუთის მე–14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების პროტესტის მიზეზი საპყრობილის გარე პერიმეტრის დაცვის უფროსი ვაჟა ნაცვლიშვილია.  როგორც “ნეტგაზეთს” სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი კორძაიამ განუცხადა, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია გარე პერიმეტრის დაცვის უფროსის მხრიდან პატიმართა ოჯახის წევრები მიმართ ღირსების შემლახავ ქმედებებსა და დამამცირებელი ლექსიკის გამოყენებაზე. 


 “რაკი შიდა მოკვლევა მიმდინარეობს, დეტალებს ვერ გაგიმხელთ, შემიძლია გითხრათ, რომ ერთ–ერთი თანამშრომლის მხრიდან უხეშ მოქცევას ჰქონდა ადგილი. დამამცირებელი ლექსიკა იყო გამოყენებული. საუბარია ოჯახის წევრებზე, რომლებიც პატიმრების მოსანახულებლად მიდიოდნენ. იმაზე მეტს, რაც ჩემთვის არ უთქვამთ და რისი კომპეტენციაც არ მაქვს, გამოძიების დასრულებამდე ვერ გეტყვით”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” კორძაიამ. 

 

მისივე განცხადებით, სისტემაში არ შემოსულა ოფიციალური საჩივარი არც პაატიმართა ოჯახის წევრების და არც პატიმრების მხრიდან, თუმცა სამსახურეობრივი მოკვლევა მაინც დაიწყო, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც პირადად მან და სამინისტროს სხვა თანამშრომლებმა მიიღეს:

 

” თუ აღნიშნული დადასტურდება, არავის დანდობა არ იქნება”– განუცხადა “ნეტგაზეთს” ირაკლი კორძაიამ. 

 

მისივე თქმით, ვინაიდან მოკვლევა ჯერ არ დასრულებულა, ჯერ–ჯერობით ვერ იტყვის, რა ღონისძიებები გატარდა შიდა მოკვლევის ფარგლებში. 

 

პატიმრების განცხადებით, თუ  ვაჟა ნაცვლიშვილს თანამდებობიდან არ გაადააყენებენ, ისინი ხვალიდან, 15 ივლისიდან  შიმშილობას დაიწყებენ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *