ბათუმის საქალაქო სასამართლომ თ. ზ–ს მთვრალ მდგომარეობაში ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის, რომელმაც ადამაიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თ. ზ–ს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეექვსე ნაწილის დარღვევა ედებოდა ბრალად, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.
პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი თ.ზ. ქ.ბათუმში, გ.ტაბიძის ქუჩაზე, „მერსედესის“ მოდელის ავტომობილს მართავდა, რა დროსაც დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი და „ოპელის“ მოდელის ავტომობილს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ოპელის“ მძღოლი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. თ.ზ. მიემალა გამოძიებას.
2017 წლის 31 იანვარს თ.ზ-ს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა თ.ზ. 2017 წლის 12 ოქტომბერს სარფის საბაჟო საკონტროლო გამშვებ პუნქტზე დააკავეს, აცხადებს პროკურატურა.