Interviewsახალი ამბები

ჩატაევი, ტერორიზმის საფრთხე და საქართველოს მზაობა – ინტერვიუ ნოდარ ხარშილაძესთან

28 ნოემბერი, 2017 • 2281
ჩატაევი, ტერორიზმის საფრთხე და საქართველოს მზაობა – ინტერვიუ ნოდარ ხარშილაძესთან

თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ, ოფიციალური პირებისგან კვლავ არ გახმიანებულა, თუ ვისი ლიკვიდაცია მოხდა 21-22 ნოემბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. მედიაში გავრცელებული ვერსიით, რომელსაც სუს-ი არც უარყოფს და არც ადასტურებს, შესაძლოა, ლიკვიდირებულთა შორის ISIS-ის ერთ-ერთი ბატალიონის ხელმძღვანელი ახმედ ჩატაევიც იყოს. 

რა შეიძლება მოხდეს, თუ დადასტურდა, რომ ქართულმა მხარემ “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური მოკლა; რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა ორგანიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენად მზად შეხვდა სახელმწიფო გამოწვევას ტერორიზმის სახით  – “ნეტგაზეთი” თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტ ნოდარ ხარშილაძეს ესაუბრა.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჩატაევის ლიკვიდირებასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობენ როგორც თურქულ, ისე რუსულ მედიაში. ამ ეტაპზე, გვაქვს თუ არა საკმარისი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ ჩატაევი ნამდვილად ცხოვრობდა სამიზნე ბინაში და ლიკვიდირებულია?

საკმარისი ინფორმაცია არის ის, რომ თავად სუს-ის ხელმძღვანელმა განაცხადა ამის შესახებ, რომ შეიძლება, ეს მართლაც ჩატაევი იყოს, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს. ასე რომ, რთულია საუბარი, თუმცა ეჭვი სერიოზულია, რომ ეს ნამდვილად ჩატაევია. დამატებითი ანალიზი რომ გაკეთდება, მერე გამოჩნდება ყველაფერი. სუს-ს რომ არ ჰქონდეს ინფორმაცია, არ იტყოდა, ალბათ. მით უმეტეს, ძალიან  არ ეხალისებათ მსგავსი რაღაცები.

თუ ინფორმაცია დადასტურდა, გამოდის, რომ საქართველომ განახორციელა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაურის ლიკვიდაცია. რას ფიქრობთ, მოვლენათა განვითარების როგორ სცენარს უნდა ველოდოთ ამის შემდეგ? იზრდება ტერორისტული საფრთხე?

ამ შემთხვევაში, უნდა დავსვათ კითხვა: იყო ეს პროცესები პირდაპირ კავშირში ISIS-თან, თუ ეს იყო ცალკეული ჯგუფის ქმედება. ეს არ ვიცით ამ ეტაპზე და რთულია პროგნოზირება. თუმცა ის ფაქტი, რომ “ისლამური სახელმწიფოს” მეომარი გავანადგურეთ, რა თქმა უნდა, საფრთხე იზრდება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირადი ანგარიშსწორებით არ ატარებენ მსგავსი ორგანიზაციები ტერაქტებს. მათი მიზანი ყოველთვის დაშინება და გზავნილის გავრცელებაა. ამ შემთხვევაში, საქართველო ნაკლებად მომხიბვლელია, ვიდრე ევროპა. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ტერაქტები იქნება აქაც. რაც უფრო დაკარგავს ISIS საკუთარ ტერიტორიაზე კონტროლს, მათი ქმედება გახდება უფრო ქაოტური. ამიტომ საფრთხე, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

საქართველო მზად არის ამ გამოწვევისთვის?

არ მგონია, რომელიმე ქვეყანა იყოს მზად, მათ შორის, საქართველო. ტერორიზმი არის რთული და კომპლექსური საფრთხე და ვერაფრით გეტყვით, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ეჭვი მეპარება ძალიან, რადგან ნაკლები გამოცდილება გვაქვს. ჩვენზე მეტად ძლიერი სახელმწიფოებს გაუჭირდათ ამ პრობლემასთან გამკლავება. ამიტომ ტერორიზმის წინააღმდეგ მზადყოფნა ძალიან თეორიული ცნებაა და არ მგონია, რომელიმე სახელმწიფოს ევროპის კონტინენტზე შეეძლოს, თქვას, რომ მზადაა ტერორიზმის მოსაგერიებლად.

ამ კონკრეტულ ოპერაციას რაც შეეხება, საკმაოდ ნორმალურად ჩატარდა. მიუხედავად იმისა, რომ კოორდინაციის პრობლემა აშკარად იყო და იყო პასუხისმგებლობების დადგენის პრობლემაც, მივიჩნევ, რომ მაინც ნორმალური შედეგით დასრულდა, რადგან მსხვერპლი არ ყოფილა. ამას გარდა, არც მთლად დახვეწილი მეთოდებით, თუმცა ამ ხალხის[თავდამსხმელების] განეიტრალება მოხდა ყველანაირი სამოქალაქო მსხვერპლის გარეშე. ასე რომ, ცუდს არ დავარქმევდი ნამდვილად მოქმედებას, არ იქნებოდა სამართლიანი. თუმცა, კომპლექსური ოპერაციისთვის რამდენად ვართ მზად, ძალიან რთული სათქმელია. ჩვენ გამოცდილებაც არ გვაქვს მათი ჩატარების.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ ოპერაციას, უფრო კონკრეტულად, რა დადებითი და უარყოფითი ტენდენციები გამოიკვეთა პროცესში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით?

მთავარი პრობლემა იყო ის, რომ პრესასთან არ იყო დალაგებული ურთიერთობა. რადგან პრესა ხალხთან კონტაქტით პირველი წყაროა. შესაბამისად, თუ პრესასთან ურთიერთობა დალაგებული არ არის, ამან შეიძლება გამოიწვიოს პანიკა, ჭორები და ა.შ.

მეორე მხრივ, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი: განსასაზღვრია ერთი კონკრეტული პიროვნება და ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ეროვნული უსაფრთხოების კოორდინაციაზე. მსგავსი შეიძლება იყოს პრემიერის მრჩეველი… რაც გინდათ, ის დაარქვით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთულია უწყებების კოორდინირება. ჩვენზე დიდ სახელმწიფოსთან უძნელდებათ ეს.

და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია; თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ხალხი აქ ვერ შემოვიდეს. აქვე იბადება კიდევ ერთ კითხვა: როგორ მოხვდა კბილებამდე შეიარაღებული ხალხი თბილისში? ალბათ, ეს ისევ და ისევ იმის ბრალია, რომ ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ საზღვარს. ასეთი ადამიანების შემოსვლა ყველაზე მარტივია ოკუპირებული რეგიონებიდან, რაც ჩვენი სუბიექტური და ობიექტური სისუსტეც არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებს ვერ გააკონტროლებს, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, ამას ემატება ჩრდილოკავკასიური საზღვარიც, რაც ძალიან ცუდია.

საზღვრის დაცვის პრობლემის გარდა, ხომ არ იკვეთება ხარვეზებიც ინსტიტუციურ დონეზეც?

სუსიც და ანტიტერორისტული დეპარტამენტიც არის მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული ორგანოები, რომლებიც ასეთ დროს მხოლოდ ტაქტიკურ ნაწილს განაგებენ. ყველაზე დიდი პრობლემა არის იმის არქონა, რასაც ჰქვია ეროვნული უსაფრთხოების საკოორდინაციო ორგანო.  ის ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და სხვადასხვა სახელი ჰქვია, ჩვენ კი საერთოდ არ გვაქვს.

ამავე კონტექსტში, საინტერესოა, როგორ აისახება ამ მოცემულობაზე უკანასკნელი სტრუქტურული ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, როგორც კრიზისების მართვის საბჭო, ისე საგარეო დაზვერვის სამსახური, არსებული სახით ფუნქციონირებას წყვეტს?

დღეს გამოდის, რომ ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ მიმართულებაზე, არ გვაქვს. ეს არის ძალიან ცუდი. შესაბამისად, შეიძლება, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. უამრავი მაგალითებია 11 სექტემბრის ჩათვლით, ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს ჰქონდათ ამ მხრივ შეცდომები.  უწყებები ისედაც ცუდად კოორდინირდებიან სქემის არსებობის პირობებში და როცა სქემაც არ გაქვს, იმის იმედად ყოფნა, რომ თავისით დალაგდება ყველაფერი, არასწორია.

სოციალურ ქსელში აღნიშნული მოვლენების შეფასებისას ახსენეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ტაქტიკა და აღნიშნეთ, რომ რაც მოხდა, შეიძლება მხოლოდ დასაწყისი იყოს. ამ ეტაპზე, რა გვაძლევს საფუძველს, რომ მომხდარში „ISIS”-ის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ? რა მიზნები  შეიძლება ჰქონდეს ორგანიზაციას საქართველოსთან მიმართებაში?

ISIS-ის შემთხვევაში, მათი მთავარი მიზანი არის, შიში და დესტაბილიზაცია შეიტანონ ევროპულ სახელმწიფოებში, მათ შორის, ამერიკისა და ევროპის მხარდამჭერებს შორის. ჩვენს შემთხვევაში რას აკეთებდნენ, ეს არ ვიცი. საინტერესოა, რამდენად იყო დაგეგმილი ეს ოპერაცია. უფრო ჩანს, რომ შემთხვევით აღმოჩნდნენ ამ ვითარებაში: დაიჭირეს ერთი, ეს ხალხი ამხილეს და მერე ატყდა სროლა და ყველაფერი. გამომდინარე აქედან, შეიძლება სხვა მიზანი ჰქონდათ. ამაში უნდა გაერკვნენ თუნდაც იმ ერთი ადამიანის დახმარებით, რომელიც დაპატიმრებული ჰყავთ.

რამდენად მოსახერხებელია ISIS-სთვის ჩვენი ქვეყანა, როგორც ტრანზიტი?

საქართველო ამ მხრივ ძალიან მომხიბვლელია, რადგან გვაქვს ძალიან დიდი საზღვარი ჩრდილოეთ კავკასიასთან, სადაც ამ ადამიანებს აქვთ ძალიან დიდი გასაქანი კადრების მოზიდვისა და რესურსების მოპოვების. რა თქმა უნდა, ჩვენი პანკისის რეგიონიც, რომელიც სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის კონტროლირებადი, ასევე მნიშვნელოვანი რესურსია “ისლამური სახელმწიფოს” მსგავსი ორგანიზაციისთვის. ამიტომაც ვართ ძალიან მომხიბვლელები, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საიდანაც შეიძლება რაღაც ბაზის ორგანიზება და აქედან გაყვანა ან გატანა სხვადასხვა რესურსებისა.

თქვენი აზრით, რა ისწავლა სახელმწიფომ ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან? რა მიმართულებით არის სამუშაო, რომ მსგავს სცენარს უფრო მომზადებული დავხვდეთ, ვიდრე ახლა?

ყველაზე მარტივი  გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. კარგია, თუ დაჯდება სახელმწიფო  ახლა და გააკეთებს დეტალურ ანალიზს, თუ რა მოხდა კარგად და რა შეგვეშალა; რომ განიხილონ, რა ხდებოდა პრესასთან ურთიერთობაში, ევაკუაციის პროცესში… რა იყო პლუსები და რა – მინუსები.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივხვდეთ: ტერორიზმი ჩვენთვისაც საფრთხეა. ის არ არის მხოლოდ სადღაც პარიზში, უფრო ახლოს, სტამბოლში და ა.შ.

როგორ უკვე ვთქვით, უნდა განისაზღვროს ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაწევს უწყებებს შორის; ვინ უნდა აგოს პასუხი, ვის უნდა დაევალოს დღეს, მაგალითად, საზღვრის დაცვისა და სუს-ის ურთიერთთანამშრმლობა, რათა არ მოხდეს ჩატაევისნაირი ადამიანების შემოყვანა საქართველოში.

უნდა ჩამოყალიბდეს მექანიზმი, როგორ უნდა იმუშაოს ეროვნულმა უსაფრთხოებამ. დღეს ისე ჩანს, რომ ყველა პასუხისმგებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, არავინაა პასუხისმგებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი