დღეს, 27 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე საპარლამენტო უმრავლესობამ ევა გოცირიძე წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ექვსივე ფრაქციის წარდგინება პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა და საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. 2016 წელს საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძე ორ სხვა კანდიდატთან ერთად წარადგინა სტრასბურგის მოსამართლის პოსტზე, თუმცა ევროპის საბჭოს შესაბამისმა კომიტეტმა მისი კანდიდატურა ჩააგდო. ევა გოცირიძემ მაშინ განაცხადა, რომ მისი კანდიდატურის წინაღმდეგ ძალთა კონსოლიდაცია მოხდა.
ევა გოცირიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის დროს მხარი დაუჭირა სანდრო გირგგვლიანის საქმის განმხილველი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში დანიშვნას. როგორც გოცირიძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ლევან მურუსიძეს მოსამართლეთა კორპუსის “უპრეცედენტო მხარდაჭერა” ჰქონდა.
2017 წლის აპრილში ევა გოცირიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მოსამართლეთა შეურაცხყოფაზე რეგულაციები დაწესებულიყო:
“მოსამართლის ხელაღებით ლანძღვა და ისეთი ეპითეტების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, რომელსაც ახლა აქვს ადგილი ზოგიერთი პოპულისტი პოლიტიკოსის და ზოგიერთი ჟურნალისტის მხრიდან, რომელსაც მე დავარქმევდი მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებით ბოროტად გამოყენებას,”- ამბობს ევა გოცირიძე.
ევა გოცირიძე, არჩევის შემთხვევაში, ჩაანცვლებს ლალი ფაფიაშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პარლამენტმა 2007 წლის 28 დეკემბერს აირჩია.