ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად იქნება პარაფირებული

12 ივლისი, 2013 • • 1036
კვირიკაშვილი: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად იქნება პარაფირებული

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დროს მედიასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ვილნიუსის სამიტამდე ყველა დეტალის შეთანხმება მოხერხდება და ასოცირების ხელშეკრულება პარაფირებული იქნება:

 

“ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა. წავიწიეთ წინ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების კუთხით. პრაქტიკულად, ექვსი რაუნდი ჩატარდა, სადაც ყველა დეტალი თითქმის შეთანხმებულია, რამოდენიმე ტექნიკური დეტალია დარჩენილი. ვფიქრობთ, ვილნიუსის სამიტამდე მოხერხდება ყველაფერზე შეთანხმება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულება აუცილებლად იქნება პარაფირებული, რომლის შემადგენელი ნაწილიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება”.

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ყველა ინვესტორისთვის: ” საქართველო განიხილოს არა როგორც ოთხმილიონიანი ქვეყანა, ანუ ბაზარი, სადაც ოთხი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, არამედ მთელი ევროკავშირის სივრცე ხდება მიღწევადი იმ ინვესტიციებისთვის, რომელიც განხორციელდება საქართველოში. იმიტომ, რომ ყველა საქონელი და მომსახურება, რომელიც იწარმოება საქართველოში, შესაძლებელი იქნება, რომ მოხდეს ამის ექსპორტი ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული ინვესტიციებისთვის და საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი