კანონპროექტის მესამე თავში საუბარია პოლიციის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებზე. ამ ნაწილის მიხედვით, “პოლიციის ძირითადი ფუნქციაა,
უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგისთვის საფრთხის თავიდან აცილება.”
კანონპროექტში “მართლწესრიგი” შემდეგნაირადაა დეფინირებული – “მართლწესრიგი – საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობის სისტემა, რომელიც წესრიგდება კანონმდებლობით და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მისთვის ასეთი განსაზღვრება მისაღებია:
“მართლწესრიგი – ეს არ არის მარტო კანონით რეგულირება საზოგადოების ცხოვრების და ურთიერთობების. რაღაც ნაწილი რეგულირდება კანონით, როცა სახელმწიფო რეპრესიას ახორციელებს. ფაქტობრივად, კანონი ეს არის რეპრესია, ამბობს, რომ ასე თუ არ მოიქცევი, დაგსჯი. რაღაც ნაწილი თავად ადათით, წესით, ცხოვრების იმით რეგულირდება და კანონი არ საჭიროებს. მაგალითად, ჩვენთან არ ჭირდება კანონი იმას, რომ და-ძმას შორის არ იყოს, ვთქვათ, ქორწინება. აი, რაღაც ასეთი წესები რეგულრიდება ჩვეულებრივი ადათ-წესებით და ჩვევებით. ეს ყველაფერი ერთად თუ არის თანხვედრაში, ის წესები კანონთან და არ ეწინააღმდეგება კანონს, მაშინ წარმოადგენს მართლწესრიგს. იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც ადათი კანონს ეწინააღმდეგებოდეს, მაშინ ეს უკვე მართლწესრიგის ცნებიდან გადის, მაგალითად, სისხლის აღება. მართლწესრიგის ასეთი ფორმულირება პრინციპში მისაღებია.”
შავგულიძისთვის ეს ფორმულირება მისაღებია, თუმცა კანონპროექტში ფორმულირების სხვა პრობლემას ხედავს, კერძოდ:
“თვითონ პოლიციის ფუნქცია, რომ მართლწესრიგს იცავს საფრთხისაგან, არასწორია. მე მიმაჩნია, რომ საზოგადოებას იცავს მართლწესრიგის შესაბამისად, რომ იქნეს დაცული მისი უსაფრთხოება, თორემ მართლწესრიგს, როგორც ცნებას, ხომ არ იცავს საფრთხისგან? ეგ არ მომეწონა რაღაც. “
კითხვაზე, შეუქმნის თუ არა საფრთხეს აღნიშნული კანონი იგივე სექსუალურ უმცირესობების უფლებებს, რადგან მათი ცხოვრება საზოგადოების წეს-ჩვეულებებისთვის მიუღებელია, დეპუტატი პასუხობს:
“სექსუალურ უმცირესობებს იცავს კანონი და მართლწესრიგის შემადგენელია კანონი. მიუღებლობაში რას ვგულისხმობთ? რომ ვთქვათ, ქართული ადათ-წესი არ ახდენდა ამის პოპულარიზაციას, არ ახდენდა ამის წახალისებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში კოცონზე წვავდნენ ადამიანებს, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ. ასე რომ, მიუღებელია, ცნებაც საჭიროებს დაფიქრებას, რაში მდგომარეობს ეს მიუღებლობა. ისტორიაში ერთი შემთხვევა მაინც შეუძლია ვინმეს თქვას, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი რაღაცა წესით დასაჯეს, ან საზოგადოებამ, ან სახელმწიფომ, ხომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა? ვერავის ვერ მოყავს. თუ ეს არ იყო წახალისებული საზოგადოებრივი მორალის თვალსაზრისით და სახელმწიფოდან კანონის თვალსაზრისით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იყო რეპრესირებული და განდევნილი იმ დონეზე, რომ ამ ადამიანს არ დაედგომოდა საზოგადეობაში და არ ეცხოვრებოდა. ხელოვნურად არის უფრო გაზვიადებული ეს პრობლემა, ვიდრე რეალურად არის. ცუდია, თუ ცალკეულ შემთხვევებში არის აგრესიული გამოვლინება, აქ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო, უნდა აღკვეთოს, მაგრამ მე არა მგონია, რომ ეს სახელმწიფოებრივი დონის პრობლემას წარმოადგენდეს დღეს საქართველოში, როგორც რელიგიური შეუწყნარებლობა, ასევე, სექსუალური უმცირესობების შეუწყნარებლობა და ა.შ.”
შავგულიძე მიიჩნევს, რომ საქმე მორალის პოლიციასთან არ გვაქვს:
“ვიმეორებ, აქ დახვეწა უნდა იმას, რომ მართლწესრიგი კი არ უნდა დაიცვას პოლიციამ, არამედ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების უსაფრთხოება, არსებული მართლწესრიგის შესაბამისად. ასეთ დეფინიციას უფრო მივემხრობოდი. “
საპირისპირო მოსაზრება აქვს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს, თამარ კორძაიას. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტი დახვეწას საჭიროებს:
“მე არ ჩავყვები თითოეული ტერმინის დეფინიციას. ეს დეფინიცია არ არის ნათელი და განჭვრეტადი. მე, როგორც მოქალაქეს, არასდროს არ მექნება პასუხი, ჩემი ესა თუ ის ქცევა ვიღაცისთვის ზნეობრივად მისაღები იქნება თუ არა და მით უფრო ხელისუფლებისათვის. რა არის მართლწესრიგი- ეს არის სამართლის თეორიის ფუნქცია და არ კანონის ფუნქცია. კანონის ფუნქცია არის ისეთი წესების შემოღება, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფუნქციაც ეს არის. მე ვხვდები, ამ მუხლის მიზანი ამის უკეთ უზრუნველყოფაა, მაგრამ ვეჭვობ, რომ ისეთ შედეგს არ გამოიღებს, როგორიც უნდა ჰქონდეს. ამიტომ ასეთი ფართო დეფინიციების შემოღება არის ძალიან საშიში. როდესაც მოქალაქე კითხულობს ნორმას და აკრძალვას მის მიმართ, მას უნდა შეეძლოს განჭვრეტა, თუ რა შემთხვევაში დაისჯება. ასეთი ნორმების არსებობის შემთხვევაში ეს ცოტა რთული გასაკეთებელია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ნორმა დახვეწას საჭიროებს.”








