კვლევის მიხედვით, რუსეთს რეალურ საფრთხედ მოსახლეობის 26% აღიქვამდა მარტში, ივნისში კი მათი რაოდენობა
37%–მდე გაიზარდა.
მარტთან შედარებით ივნისში 8%–ით შემცირდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. მარტში ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 42%, ივნისში კი – 34%.
2013 წლის მარტში გამოკითხულთა 23% მიიჩნევდა, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, ივნისში კი მათი რაოდენობა 20%–მდე შემცირდა. 9%–მა არ იცის, წარმოადგენს თუ არა რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს. აღნიშნული მონაცემი უცვლელია.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 79% ემხრობა საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. მარტში აღნიშნულს მხოლოდ 76% ემხრობოდა. მარტიდან ივნისამდე უცვლელია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ეთანხმება მთავრობის მიერ გაცხადებულ მიზანს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მათი რაოდენობა გამოკითხულთა 73%–ს შეადგენს.
ივნისის მდგომარეობით, გამოკითხულთა 61%–ისთვის მისაღებია აფხაზეთის გავლით რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, მარტში აღნიშნულს 63% ეთანხმებოდა. ამ საკითხს არ ეთანხმება 18%, რამდენიმე თვის წინ კი ეს მაჩვენებელი 13% იყო.
კვლევა ჩატარებულია 12 ივნისიდან 26 ივნისის პერიოდში, სულ საქართველოს მასშტაბით გამოკითხულია 2 338 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით. საშუალო ცდომილების ზღვარი + – 2.9 პროცენტია. კვლევა ჩატარებულია NDI–ის დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშოროსო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.
