პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძის თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საარჩევნო კოლეგია აირჩევს:

 

“რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვისაც უნივერსიტეტში უჭირავს აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.”

 

მისივე განმარტებით, არ შეიძლება მხოლოდ აკადემიურმა საბჭომ შეარჩიოს მოვალეობის შემსრულებელი, რადგან საბჭოები “ნაციონალური მოძრაობის” დასაყრდენია:

 

“აკადემიური საბჭო არალეგიტიმური ორგანოა. საბჭო არის წინა ხელისუფლების მიერ ჩანერგილი, ხშირ შემთხვევაში ასეთი საბჭოების არჩევნებში უშიშროებაც ერეოდა. “

 

მისივე მტკიცებით, თუ უნივერსიტეტში მისი დამფუძნებელი, ანუ სახელმწიფო ჩაერეოდა, საქმე უფრო მალე გაკეთდებოდა, არჩევნებს კი დიდი დრო მიაქვს.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ საპარლამენტო და სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიყო: 

 

“ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, აგრეთვე, დიპლომატიური პროტესტის შემდეგ იყო პროტესტი უნივერსიტეტების და არასამთავროების მიერ გამოთქმული და სადავო მუხლი, რომელიც პრემიერ-მინისტრს უფლებას ანიჭებდა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაენიშნა, უმრავლესობამ დათმო. მე მინდა აქ ხაზი გავუსვა უმრავლესობის 12 წევრის პრინციპულ პოზიციას. თუმცა კანონში რჩება ბევრი ცუდი მუხლი, რომელიც ზღუდავს დოქტორანტების უფლებებს და, სხვათა შორის, არჩევნების დროსაც მას არ აძლევენ უფლებას მონაწილეობის, მაშინ, როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ, რომ სწორედ აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს მოვალეობის შემსრულებელი. ამჟამინდელი ფორმულირებით, ყველა აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირი, ვისაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.”

 

უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების მიხედვით, “უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს და აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ პირობებს.”

 

“კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულის იმ მმართველ სუბიექტებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამისი თანამდებობების დაკავებისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, უფლებამოსილება უწყდებათ”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *