ბორჯღალოსნებმა “თიბისი რაგბის სერიები 2017” გამარჯვებით დაასრულეს; თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა საკმაოდ ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების გუნდი დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულით დაამარცხა – 21:20.
მატჩის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა აღნიშნეს, რომ ამერიკელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაც დღევანდელ შეხვედრაშიც კარგად გამოჩნდა. საქარველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2017 წელს ბოლო ტესტ-მატჩი გამართა. შესაბამისად, კარდიფში, უელსთან კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებისთვის მნიშვნელოვანი იყო აშშ-თან გამარჯვება.
პირველი ლელო სტუმრებმა, კერძოდ, ჯო ტაუმ დადო, თუმცა ჯარიმა ვერ გამოიყენეს და მხოლოდ 5 ქულით გავიდნენ წინ. მალევე საქართველომაც უპასუხა მეტოქეს ტექნიკური ლელოთი, რასაც სოსო მათიაშვილის ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა მოჰყვა – 7:5. პირველი ტაიმში ამერიკელებმა კიდევ ერთხელ ვერ გამოიყენეს ჯარიმა.
პირველ ტაიმში მსაჯმა ვიქტორ კოლელიშვილი გააძევა მოედნიდან, რასაც შერკინება, ამერიკელების მეორე ლელო და ზუსტად შესრულებული ჯარიმა მოჰყვა. სტუმრები ცოტა ხნით დაწინაურდნენ. მიუხედავად ამისა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი საქართველოს ნაკრები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ლევან ჩილაჩავამ მეორე ლელო დაუდო ამერიკელებს, ხოლო სოსო მათიაშვილმა კვლავ ზუსტად შეასრულა ჯარიმა.
მალევე, ლელოს ავტორს, ლევან ჩილაჩავასაც უჩვენა მსაჯმა ყვითელი ბარათი, თუმცა რიცხობრივი უპირატესობით კვლავ ვერ სარგებლობდნენ სტუმრები. ბორჯღალოსნებმა ჯერ ერთი სახიფათო იერიშიც მოიგერიეს, შემდეგ კი ჯაბა ბრეგვაძემ მესამე ლელოც დადო, ხოლო მათიაშვილმა მორიგი საჯარიმო შეასრულა ზუსტად.
ამრიგად, შეხვედრის პირველი ნახევარი საქართველოს 9-ქულიანი უპირატესობით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა აშკარად აჯობეს ბორჯღალოსნებს; ქართველმა მორაგბეებმა მეტი ქულის მოპოვება ვეღარ მოახერხეს მეორე ტაიმში, ხოლო ამერიკელებმა მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში უკვე ამერიკელებს გაუძევა მოთამაშე მსაჯმა, თუმცა სტუმრები მაინც აქტიურად უტევდნენ საქართველოს ნაკრებს. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მაინც ბორჯღალოსნებს დარჩათ.