“თანამდებობის დატოვებისთანავე დავიწყებ აქტიურ საარჩევნო აგიტაციას”, – განაცხადა მარგველაშვილმა. მისივე თქმით, კანონი მას არ ავალდებულებს თანამდებობიდან გადადგომას, თუმცა მმართველ პოლიტიკურ გუნდს სურს ახალი სტანდარტების დაწესება და ახალი კულტურის შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში:
“გუშინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართვა ახალი პოლიტიკური კულტურის დაფუძნების თვალსაზრისით. ჩემი თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებაც აბსოლუტურად ეხმიანება იმ პრინციპებს, რა პრინციპებითაც მოქმედებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი და რა პრინციპების დაფუძნებას ვახორციელებთ და მომავალშიც განვახორციელებთ ამ არჩევნების დროს. რამდენიმე დღეში მე დავტოვებ თანამდებობას, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შევძლებ დაწყებული პროექტების დასრულებას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
იგი ამბობს, რომ პრემიერის პრეროგატივაა, თუ ვინ შეცვლის მას განათლების მინისტრის პოსტზე:
“ვინ იქნება განათლების ახალი მინისტრი, არის პრემიერ- მინისტრის პრეროგატივა და თვითონ მას მიმართეთ ამ კითხვით”.
მარგველაშვილი ამბობს, რომ ექნება “ძალიან აქტიური საარჩევნო კამპანია, ლაღი და ორიენტირებული იმ სიკეთეზე, რომელიც უკვე განხორციელდა ქვეყანაში და რაც მომავალ საქართველოს ექნება.”
“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, იგი ორიენტირებული იმისკენ, რომ პირველივე ტურში მოიგოს.
