ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირისგან 16 მილიონ ევროს მიიღებს

11 ივლისი, 2013 • • 905
საქართველო ევროკავშირისგან 16 მილიონ ევროს მიიღებს

ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსანდრე პეტრიაშვილმა დღეს ხელი მოაწერეს დაფინანსების ხელშეკრულებას ოთხწლიანი პროგრამისათვის “საზღვრის მართვისა და მიგრაციის შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში”.

 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოხდება საქართველოს საზღვრის მართვის გაუმჯობესება, ამ სფეროში ჩართული უწყებების მხარდაჭერის, მონაცემთა გაცვლის ხელშეწყობისა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, საზღვრების მონიტორინგისათვის თანამედროვე ტექნიკის უზრუნველყოფის მეშვეობით. ეს კი  გააძლიერებს ხელისუფლების მიერ მიგრაციის კოორდინირებისა და მართვის უნარს, ტექნიკური დახმარების მეშვეობით.

 

“ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ მიღებულ ზომებს საზღვრების სათანადო მართვის გაუმჯობესებისა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობისათვის, რაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ჩვენი დიალოგის მთავარი სფეროებია. დღეისათვის ეს ყველაზე დიდი პროგრამაა ამ სფეროში და ის ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”– აღნიშნა ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალის დასრულების შემდეგ ევროკომისარმა ფულემ. 

 

ევროკავშირსა და საქართველოს შორის პრინციპი “მეტი მეტის სანაცვლოდ” აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის პროგრამის (EaPIC) ფარგლებში ამოქმედდა. რაც უფრო მეტად და სწრაფად ახორციელებს ქვეყანა წინსვლას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის რეფორმების განხორციელების მიმართულებით, მით უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ის ევროკავშირისაგან.

 

ამ კონტექსტში საქართველომ 2012 წელს ისარგებლა ევროკავშირის დამატებითი მხარდაჭერით 22 მილიონი ევროს ოდენობით. თანხები გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის რეფორმის ხელშეწყობის არსებული პროგრამის გასაძლიერებლად, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებებს (6 მილიონი ევრო) და ახალი პროექტის მოსამზადებლად, სახელწოდებით “საზღვრის მართვისა და მიგრაციის შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში” (16 მილიონი ევრო). ბიუჯეტი გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისათვის გრანტების უზრუნველყოფის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის, საქართველოს ინსტიტუტების გაძლიერებისა და სპეციალური ტექნიკა-მოწყობილობების შესყიდვისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი