ტერორიზმში ბრალდებულის საქმეზე პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლულ სავარაუდო დამნაშავეთა ცხედრები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის:
ეს განცხადება მან გააკეთა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, არის თუ არა გარდაცვლილთა შორის ახმედ ჩატაევი.
“მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არაა. შესაბამისად, პასუხს ვერ გაგცემთ,”- განაცხადა ირაკლი მარშანიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის მუხლით იძიებს საქმეს, რომლის ფარგლებშიც 21-22 ნოემბერს თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. სპეცოპერაციის ფარგლებში ერთი პირია დაკავებული, რომლისთვისაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროცესი დახურულია. დაკავებული პირის მიმართ გამოძიება სიხლის სამართლის კოდექსის 3231-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორზმთან დაკავშირებული მუხლებია.
“ს.დ-ს დაკავების შემდგომ, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მყოფმა სამმა ტერორისტმა უარი განაცხადა სამართალდამცველთა მოთხოვნაზე – ბინის კარის გახსნასა და იარაღის ჩაბარებაზე. მათ ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცველების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის ხუთმა წევრმა, ხოლო ერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა”, – აცხადებს პროკურატურა.