ახალი ამბები

პრეზიდენტის ცნობით, 2017 წელს საქართველოში ფემიციდის 22 შემთხვევა დაფიქსირდა

24 ნოემბერი, 2017 • 1814
პრეზიდენტის ცნობით, 2017 წელს საქართველოში ფემიციდის 22 შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, 24 ნოემბერს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფემიციდის იმ შემთხვევებზე ისაუბრა, რომლებიც 2017 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა. როგორც პრეზიდენტი ამბობს, მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ფემიციდის 22 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ტრაგიკული რიცხვია და ამ მიმართულებით, ქალთა მიმართ ძალადობის უკიდურესი ფორმის შესამცირებლად, ქვეყანაში არაერთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. მარგველაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით ქვეყანას იდეალურთან ახლო მდგომარეობაც კი  არ აქვს:

“ჩემი ინფორმაციით, ტრაგიკული რიცხვი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა 2017 წელს, არის 22 შემთხვევა ფემიციდის. ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებზე მიმართვაც ამ წლის განმავლობაში 10 000-ს აღწევს. საზოგადოება რეაგირებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტებზე. რეაგირებს სახელმწიფოც და მე მინდა კმაყოფილებით  ვთქვა, რომ წელს ჩვენ მოვახდინეთ რატიფიკაცია  2011 წლის ევროპის საბჭოს კონვენციის, რომელიც აფართოებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ბრძოლის, პრევენციის არეალს.  ისიც შემიძლია ვთქვა, რომ სულ უფრო იზრდება კვალიფიკაცია და უნარი, როგორც ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების მიერ ამ პრობლემაზე რეაგირების, ასევე სასამართლო სისტემის მიერ ამ პრობლემის პრევენციისა და რეაგირების თვალსაზრისით.

რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ჩვენ არ გვაქვს არც იდეალური, არც იდეალურთან ახლო მდგომარეობა, ძალიან ბევრი ნაბიჯი კიდევ გადასადგმელია, მაგრამ ეს საკითხი არის  ძალიან მაღალი ინტერესის სფერო როგორც პოლიტიკოსების, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის,” – ამბობს მარგველაშვილი.

პრეზიდენტის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევების პრევენციაში დიდი როლი საზოგადოებას ეკისრება:

“ფემიციდთან დაკავშირებული საკითხები, ბუნებრივია,  არ არის ვიწრო, მხოლოდ ამ კონკრეტული კრიმინალური შემთხვევის გამოხატვა. ჩვენ ნათლად უნდა გავუსწოროთ თვალი იმ ფაქტს, რომ ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სოციუმის პრობლემაა. ბევრი საკითხის პრევენცია შესაძლებელია  ამა თუ იმ საკანონმდებლო ცვლილებით, ამა თუ იმ პოლიტიკის გატარებით.  დღეს მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას და ვუთხრა, რომ ქალთა წინააღმდეგ  ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება. გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, რანაირად აღვიქვამთ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ძალადობას ჩვენი თანამოქალაქე ქალების წინააღმდეგ.

მე მინდა ვთქვა, რომ ის, როგორც თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რეაგირებთ ყოველ შემთხვევაზე ძალადობის, რა კომენტარსაც აკეთებთ არა საჯაროდ, არამედ ოჯახში, თქვენს მეგობრებში; იმ შემთხვევაზე, როდესაც თქვენს მეზობლად ხორციელდება ძალადობა, რანაირად აფასებთ ხოლმე იმას, რომ ქალები იბრძვიან თვისუფლების დასაცავად, რა რეაქცია გაქვთ, როცა იგებთ ამა თუ იმ შემაძრწუნებელი შემთხვევის შესახებ – აქ წყდება ბედი მომავალი ჩაგვრისა თუ ძალადობის” – ამბობს პრეზიდენტი. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქალებს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ, თუმცა პოლიტიკურ სისტემებში მათი წარმომადგენლობა კვლავ მცირეა:

“2015 წელს, როდესაც ჩვენ ყველანი ვიყავით შეძრწუნებული იმ ძალადობის ფაქტებით, რაც 2014 წელს მოხდა, ფემიციდის შემთხვევებით, და ეს წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად, მაშინ ბევრი საინტერესო ინიციატივა წამოვიდა სამოქალაქო საზოგადოებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არის პოლიტიკურ სიებში გენდერული კვოტირებისა. ეს არ არის გემოვნების საკითხი. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ქმნიან ჩვენი ქვეყნის დოვლათის მნიშნველოვან ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არიან უაღრესად აქტიურები  ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, როგორც კულტურული, ისე ბიზნეს და საზოგადოებრივი ცხოვრების შექმნაში, ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ სისტემებში ქალთა წარმომადგენლობა არ არის საკმარისი და არ არის ნამდვილად  იმ სტანდარტზე, რა როლსაც რეალურად თამაშობენ.

არის სხვა ინიციატივებიც, რომლებიც ეხება, მაგალითდ, განსაკუთრებულ აქცენტირებას თვითონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის, ფემიციდის დასჯასთან დაკავშირებით. ყველა ეს ინიციატივა საინტერესოა, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ რეალობას ვქმნით არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ამ ქვეყნის მოქალაქეები,” – თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი