ახალი ამბები

პროკურორი: საქმის ინტერესების გამო, სპეცოპერაციისას დაკავებულის ვინაობას არ ვამბობთ

24 ნოემბერი, 2017 • 2031
პროკურორი: საქმის ინტერესების გამო, სპეცოპერაციისას დაკავებულის ვინაობას არ ვამბობთ

ტერორიზმში ბრალდებულის საქმეზე პროკურორი ნანა ხუნჭუა აცხადებს, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავებულის და ბრალდებულის ვინაობას არ ასახელებენ:

“საქმის მასალების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს, მტკიცებულებები გვაძლევდა საშუალებას, რომ მისთვის წაგვეყენებინა ბრალდება იმ მუხლებით, რომლებიც მას აქვს წარდგენილი და, შესაბამისად, დღეს ვიხილავთ მისთვის აღკვეთის ღონისძების შეფარდების საქმეს. [ვინაობას] ვერც ჩვენ დავასახელებთ იმიტომ, რომ ვიცით ჩვენ მისი პოზიცია ამასთან დაკაშირებით. გარდა ამისა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ჩვენ მოგვაჩნია მიზანშეწონილად, დავასახელით მისი ვინაობა ამ ეტაპზე,”- განაცხადა ნანა ხუნჭუამ.

ვინაობის გამხელის გარდა, დაცვის და ბრალდების მხარეს მსგავსი პოზიცია აქვთ სასამართლო პროცესის დახურვასთან დაკავშირებითაც. ის პროცესიც კი დახურულია, რომელზეც სასამართლომ პროცესის დახურვაზე უნდა იმსჯელოს. თუ რატომ მოხდა ასე, პროკურორმა შეკითხვას არ უპასუხა.

ნეტგაზეთთან საუბრისას ბრალდებულის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა, რომ დახურვის მოთხოვნით ისინიც შეიტანდნენ სასამართლოში შუამდგომლობას. ადვოკატი იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ ვინაობა ბრალდებულის მოთხოვნით არ სახელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში წითელი ლენტით არის შემოსაზღვრული იმ დარბაზის შესასვლელი, სადაც პროცესი უნდა ჩატარდეს და მანდატურები ჟურნალისტებს ამ ლენტის იქით არ უშვებენ. ამის გამო ჟურნალისტები პროცესის გახსნასაც ვერ ესწრებიან.


21 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაიწყო სპეცოპერაცია, რომელიც დასრულდა 22 ნოემბერს, 17:30 საათზე. სპეცოპერაციის დროს ადგილი ჰქონდა ინტენსიურ სროლასა და აფეთქებებს. შედეგად, დაიღუპა 1 სპეცრაზმელი და 3 პირი იმ ჯგუფიდან, რომელსაც სუსი უწოდებს დანაშაულებრივ ჯგუფს. ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რუსეთის მოქალაქეა. პროკურატურის ცნობით,  სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაკავებულია პირი ინიციალებით ს.დ. მას ბრალი წარედგინა ორი მუხლით, რომელიც ტერორიზმთანაა კავშირში და მუხლები ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი