“სომხეთი ისეთი ქვეყანა, რომელიც წარმატებულად უთავსებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობასა და ევროკავშირთან სამეზობლო სტრატეგიაში მონაწილეობას”, – ამის შესახებ ბრიუსელში, ევროპული სახალხო პარტიის სამიტზე გამოსვლის დროს სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ისაუბრა. მისივე განცხადებით, სომხეთი მომავალშიც ამ თანაარსებობის ფორმულით იხელმძღვანელებს.
ამასთან, ბრიუსელში სომხეთის პრეზიდენტმა ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობების განვითარების დინამიკის შესახებ ისაუბრა.
დღესვე, 24 ნოემბერს, სომხეთის დროით 20:00 საათზე, სომხეთისა და ევროკავშირის ახალი შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებას სომხეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში სკეპტიკურად უყურებდნენ. ამის მიზეზი კი სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორის, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ელიტის განწყობებია. სომხურ საექსპერტო წრეებში გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ წინა შეთანხმების მსგავსად, აღნიშნული შეთანხმებაც “ჩავარდებოდა”. პოლიტილოგების აზრით, სომხეთს დიდი სიფრთხილე უნდა გამოეჩინა იმისთვის, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსკოვისთვის “გაბრაზების” საბაბი არ მიეცა. არსებობს მოსაზრებაც, რომ NATO-საქართველოს 2017 წლის სექტემბრის წვრთნებში სომხეთმა მონაწილეობაზე უარი სწორედ მოსკოვის ზედმეტი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად განაცხადა.
2013 წელს, როდესაც სომხეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო და შეთანხმებაზე ხელმოწერის მოლოდინი გაჩნდა, სომხეთში აქტიური დებატები დაიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი საინტეგრაციო პროექტი უნდა აერჩია სომხეთს: ევროპული თუ ევრაზიული ინტეგრაციის. დღეს სომხეთში, როგორც უკვე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყანაში, მსგავსი დისკუსია აქტიური აღარ არის, რადგანაც გასაგები მიზეზების გამო, სომხეთმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. თუმცა, მიუხედავად სომხეთის EAEU-ს წევრობისა, ქვეყანა არ გეგმავს ევროპულ კურსზე უარის თქმას. შესაბამისად, როგორ დააბალანსებს ურთიერთობებს სომხეთი, ერთი მხრივ, ევროკავშირთან და, მეორე მხრივ, რუსეთთან და ევრაზიულ კავშირთან, სომხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ საკითხად რჩება.
ამავე თემაზე:
სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები