ახალი ამბები

ომბუდსმენის განმარტებები ახმედ ჩატაევის სასარგებლოდ გაკეთებულ ძველ განცხადებებზე

24 ნოემბერი, 2017 • 2112
ომბუდსმენის განმარტებები ახმედ ჩატაევის სასარგებლოდ გაკეთებულ ძველ განცხადებებზე

საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, კიდევ ერთხელ მოუწია ახმედ ჩატაევთან დაკავშირებით მისი ძველი განცხადებების შესახებ განმარტებების გაკეთება. მეორე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთ-ერთი მოკლული პირი 2016 წელს სტამბულის აეროპორტში ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებული ახმედ ჩატაევია, რასაც ამ დრომდე არცერთი ქართული ოფიციალური უწყება არ ადასტურებს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს იმ პირთა ვინაობის შესახებ, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თითქმის 20 საათი უწევდა სპეცრაზმს შეიარაღებულ წინააღმდეგობას. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატი უკვე ჩართულია პროცესში და უახლოეს პერიოდში მოინახულებენ ტერორიზმის მუხლებით დაკავებულ პირს. როგორც ნანუაშვილი აცხადებს, სახალხო დამცველი მაქსიმალურად ეცდება დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას ამ საქმეზე.

რაც შეეხება საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველის მიერ 2012-12 წლებში გაკეთებულ განცხადებებს, სადაც ახმედ ჩატაევის საქართველოში უკანონოდ დაპატიმრებისა და უდანაშაულობის შესახებ საუბრობდა, უჩა ნანუაშვილი ასე განმარტავს: “სასამართლომ გაათავისუფლა ახმედ ჩატაევი იმის გამო, რომ ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც იყო დაკავებული. ეს იყო ის მოცემულობა და რეალობა, რომელიც იმ პერიოდში სწორედ სასამართლომ დაადგინა და გაამართლა.”

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ აღმოჩნდება მოკლულთა შორის ახმედ ჩატაევი, ჩაითვლება თუ არა სახალხო დამცველის 2014 წლის განცხადება და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ შეცდომად, უჩა ნანუაშვილი პასუხობს:

“დროს ნუ ურევთ. ის იყო სხვა დროს, ის იყო კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული. ასევე, როგორც მახსოვს, საქმეში იყო მესაზღვრეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ძალით მიაცემინეს გარკვეული ჩვენება ჩატაევის წინააღმდეგ. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. მხოლოდ ამის შემდეგ, რამდენიმე წლის შემდეგ, ის შევიდა ტერორისტთა სიაში და გახდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი.”

კითხვაზე, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით საუბრობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სახალხო დამცველი ახმედ ჩატაევის უდანაშაულობაზე, ნანუაშვილი პასუხობს:

“იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ ის იყო მოწვეული ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოში, როგორც შუამავალი, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც ლოპოტაში განვითარდა. ახმედ ჩატაევს ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც გასცა ავსტრიის ხელისუფლებამ. აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა დაცვით, რომელიც სხვათა შორის, რამდენჯერმე გამოიყენა – მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშუეობითაც მოხდა ახმედ ჩატაევის დაცვა და მისი ექსტრადაციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა.”

რისთვის სთხოვენ პასუხს უჩა ნანუაშვილს?

2012 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის იმდროინდელი ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი აცხადებდა, რომ ახმედ ჩატაევი უდანაშაულოდ იყო საქართველოში დაკავებული და უკანონოდ იმყოფებოდა პატიმრობაში. მისმა ორგანიზაციამ მაშინ ახმედ ჩატაევის საქმის თაობაზე გაეროს უკანონო დაკავებების სამუშაო ჯგუფს მიმართა.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მოხდა მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილებები, ლოპოტის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დეტალები კვლავ გამოუძიებელია. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ახმედ ჩატაევი არის უდანაშაულო და დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ჩვენმა ადვოკატმა მიმართა თბილისის პროკურატურას, რომ ახმედ ჩატაევისთვის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ.”

ახმედ ჩატაევის სასარგებლოდ 2012-13 წლებში გაკეთებულ განცხადებებს ქართული მედიის ნაწილი დღემდე ახსენებს უჩა ნანუაშვილს. 2015 წელს, სტამბულის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტამდე, სახალხო დამცველმა სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

2015 წელს სახალხო დამცველმა განმარტა, რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ახმედ ჩატაევისთვის ტერორიზმში მონაწილეობისთვის მუხლით ბრალი არასოდეს წაუყენებიათ; იგი 2012 წლის 28 აგვისტოს დააკავეს სოფელ ლაფანყურში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ იმ დროს ახმედ ჩატაევი საქართველოს შს სამინისტროს მაღალმა თანამდებობის პირებმა შეიარაღებული ჯგუფის წევრებთან ე.წ. მომლაპარაკებლად გააგზავნეს. სპეცოპერაციის დროს კი იგი დაიჭრა, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით.

ომბუდსმენის ცნობით, ახმედ ჩატაევს საადვოკატო მომსახურებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი უწევდა. საქმის განხილვის შედეგად, ახმედ ჩატაევი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში და გაათავისუფლა. ახმედ ჩატაევი 2003 წლიდან ოჯახთან ერთად ლტოლვილის სტატუსით ავსტრიაში ცხოვრობდა.

ვინ არის ახმედ ჩატაევი?

ახმედ ჩატაევი 2012 წლის 28 აგვისტოს საქართველოში, ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (“ლაფანყურის სპეცოპერაციის”) შედეგად დაიჭირეს. სპეცოპერაციას ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა. 2012 წლის 6 დეკემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა შეუცვალა 5000-ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა. ჩატაევი, თურქული მედიის ცნობით, 2013 წელს შეუერთდა “დაეშს” (ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს”).

თურქული მედია, 2016 წლის ივნისში, სტამბულის აეროპორტში თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორად ჩეჩნური წარმოშობის ახმედ ჩატაევს ასახელებდა. სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა  და სროლის შედეგად, დაიღუპა 42 და დაშავდა 239-ზე მეტი ადამიანი. “ბიბისის” ცნობით, სამმა თავდამსხმელმა აეროპორტის ტერმინალის შიგნითა და გარეთა მხრიდან დაიწყო სროლა, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა, თავი აიფეთქეს.

გაეროს ცნობით, ახმედ ჩატაევი პასუხისმგებელია “ისლამური სახელმწიფოსათვის” რუსულენოვანი მებრძოლების რეკრუტირებაზე და რუსეთის პოლიციის მიერ იძებნება. ის გაეროსა და ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ საერთაშორისო ტერორისტთა სიაშია შეყვანილი “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი