თითქმის სამკვირიანი “დევნილობის” შემდეგ, ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი სამშობლოშია, მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ კი დროებით შეჩერებულია. ჰარირი, რომელმაც 4 ნოემბრს საზოგადოებას საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადიდან პოსტის დატოვების შესახებ აცნობა, სამშობლოში მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, ღამით დაბრუნდა. ბეირუთის აეროპორტში მას სამხედროები დახვდნენ, ლიბანის საზოგადოებრივი მაუწყებელი კი პროცესებს პირდაპირ ეთერში გადასცემდა. მისმა ქმედებამ, შეიძლება ითქვას, გაანეიტრალა მორიგი კრიზისი ახლო აღმოსავლეთში, რომლის მასშტაბმა რამდენიმე კვირის წინ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
საად ჰარირი, ამჟამინდელი მოცემულობით, თანამდებობაზე რჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე ითქვა საჯაროდ, მასსა და ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ. აუნმა ქვეყნის მთავრობის მეთაურს სთხოვა, შეეჩერებინა გადაწყვეტილების აღსრულება კონსულტაციების დასრულებამდე, რასაც ჰარირი დიალოგის იმედით ხსნის.
“დღეს მე წარვუდგინე ჩემი გადადგომის გადაწყვეტილება მის უბრწყინვალესობა პრეზიდენტს, რომელმაც მთხოვა, დროებით გამეუქმებინა ის, სანამ ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდება. გამოვთქვი მზაობა შეთანხმებისთვის იმ იმედით, რომ შეიქმნება პასუხისმგებლიანი დიალოგის საფუძველი”, – აღნიშნა ჰარირიმ ოთხშაბათის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ლიბანში დაბრუნების შემდეგ, პირველი სატელევიზიო მიმართვისას, ჰარირიმ უარყო არაერთგზის გახმიანებული ეჭვი მის პოლიტიკურ საქმიანობაში საუდის არაბეთის ჩარევის შესახებ. მისი თქმით, გასული რამდენიმე კვირა ერთგვარი გამოსაღვიძებელი სიგნალი იყო ლიბანელებისთვის, რათა იზრუნონ ლიბანის ინტერესებისთვის და არა პრობლემებისთვის, რომლებიც მათ ირგვლივაა.
“პრობლემები ჩვენ ირგვლივ მნიშვნელოვანია, მაგრამ ლიბანის ინტერესები – უფრო მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა მან.
საად ჰარირი თანამდებობიდან 4 ნოემბერს გადადგა. პრემიერ-მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება მან საუდის არაბეთის დედაქალაქ არ-რიადში გააკეთა და აღნიშნა, რომ ირანისა და მასთან დაკავშირებული ლიბანური ისლამისტური პარტია “ჰეზბოლას” ზეწოლის პირობებში, სამშობლოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. “ჰეზბოლა” ისლამისტური პარტიაა, რომელიც ლიბანის პარლამენტშია წარმოდგენილი და სამხედრო მილიციას ფლობს. ის აშშ-ის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.
ფაქტმა ლიბანი სუნიტური საუდის არაბეთისა და შიიტური ირანის დაპირისპირების ასპარეზად აქცია: იმავე დღეს ჰარირის მიერ პოსტის დატოვება საუდის არაბეთის ნავთობის მინისტრმა თამერ ალ-საბჰანმა ლიბანის მხრიდან ომის გამოცხადებად შეაფასა და ქვეყნის მთავრობა “ჰეზბოლასთან” პირდაპირ კავშირში დაადანაშაულა. 10 ნოემბერს კი მსგავსი ბრალდება საუდის არაბეთის მთავრობის მიმართ “ჰეზბოლას” ლიდერმა გააჟღერა , რომელმაც აღნიშნა, რომ საად ჰარირი საუდის არაბეთის ხელისუფლების ზეწოლით მოქმედებდა.
თუმცა, ლიბანის შიდაპოლიტიკასა და უშუალოდ ჰარირის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის შესახებ მხოლოდ “ჰეზბოლა” არ საუბრობს. ბოლო კვირების განმავლობაში მწიფდებოდა ეჭვი, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომა ოფიციალურმა არ-რიადმა აიძულა, ლიბანის მთავრობაში კრიზისის შექმნის მიზნით. “როიტერი”, რომელმაც აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, ჰარირისთან დაახლოებულ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მან გადადგომის გადაწყვეტილება რიადში, შინაპატიმრობის პირობებში მიიღო. გამოცემა ასევე წერს, რომ ჟურნალისტებმა მოიპოვეს მასალა, რომლის მიხედვითაც განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ჰარირის პირადი ტელეფონის ნომრის კონფისკაცია მოხდა, თავად პრემიერი კი რამდენიმე საათი ელოდა სატელევიზიო გამოსვლის ტექსტს, რომელიც პირდაპირ ეთერში, არ-რიადიდან წაიკითხა.
საად ჰარირი ლიბანის პრემიერ-მინისტრი 2016 წელს მეორე ვადით გახდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე პირველი მუსლიმია. ჰარირი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა, აქამდეც ოფიციალური არ-რიადის მოკავშირედ მოიაზრებოდა. ბოლოდროინდელი კრიზისისას, სამშობლოში დაბრუნებამდე, ის პარიზს ეწვია, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მისი მხრიდან პირველი განცხადება ლიბანში შესაძლო დაბრუნების შესახებ სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გაკეთდა.