ახალი ამბები

ბერძენიშვილი: “დინამო არენასთან” დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ

10 ივლისი, 2013 • • 1471
ბერძენიშვილი: “დინამო არენასთან” დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ

ლევან ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება:

“იმედი მაქვს, გათავისუფლებული იქნებიან ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ იმ ქვეყნის წამომადგენლების ჩამოსვლას, რომელსაც საქართველოს 20 % აქვს ოკუპირებული. რა იყო აქ გასაკვირი, არ მესმის კარგად და დასაპატიმრებელი ვინ არის ამ შემთხვევაში: მომწვევი მხარე, ის, ვინც ტაშს უკრავს, თუ აძლევს საშუალებას ოკუპანტებს ახლა საქართველოში ზეიმი გამართონ? მართალი გითხრათ, მე ახალგაზრდების მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი, რომელი პარტიის წარმომადგენლები არიან,”- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

დეპუტატი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ მსგავს ტიპის აქციები სამშობლოსთვის გამართონ და არა “ნაციონალური მოძრაობისთვის.”

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ივლისს “დინამო არენასთან” დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამართული აქციის მსვლელობისას დააკავეს, 2013 წლის 9 ივლისს გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე გადაწყვეტილებას დღეს, 10 ივლისს, 17 საათზე გამოაცხადებს. 

ადმინისტრაციული წესით პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამი პირი – დავით გოგოხია, ლაშა რუხაია და ირაკლი ჩხვირკაიაა ბრალდებული. 8 ივლისს სასამართლო პროცესი იმის გამო გადადიდო, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი