საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გრაკლიან გორაზე, რომელიც ეროვნული კატეგორიის ძეგლია, კავკასიაში აღმოჩენილი უძველესი წარწერის კონსერვაციას გეგმავს. წარწერა შესრულებულია საშუალო და მსხვილი ფრაქციის ქვიშანარევ თიხაზე და ის მიმდინარე წლის 15 ნოემბერს დაზიანდა – გაიბზარა მარცხნიდან პირველი ასო, დეფორმირებულია იატაკი.
ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „2016 წლის ზაფხულში აღმოჩენილი უძველესი წარწერის დასაცავად არქეოლოგიური პრაქტიკისა და კვალიფიციური სუბიექტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად მოხდა წარწერის დამუშავება და გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება. წარწერა გადახურულია და დაცულია ყოველგვარი ნალექისაგან, ეგვიპტოლოგიის ქიმიური ლაბორატორიის რეკომენდაციის შესაბამისად, წარწერა დაფარულია მშრალი სილის ფენით. წარწერის შენახვისა და დაცვისათვის გატარებული ყველა ზემოაღნიშნული ღონისძიებების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო წინასწარ განსაზღვრა იმისა, რომ დაიწყებოდა მისი დაზიანების შეუქცევადი პროცესი“.
სააგენტოს განცხადებით, შექმნილი ვითარების აღმოსაფხვრელად საჭიროა თიხის კონსტრუქციების გამაგრება, პრობლემური ადგილების სპეციალური წებოვანი მასით (SEKUNDENKLEBER) დაფარვისა და გაჟღენთვის გზით. აღნიშნული კონსერვაციისათვის საჭიროა 15 კგ წებო და სპეციალისტის მომსახურება, რასაც სააგენტო ტენდერის გარეშე გეგმავს.
„არქეოლოგიური ობიექტის წებოვანი ხსნარით კონსერვაციის პრაქტიკა აპრობირებულია და ხშირად ხდება მისი გამოყენება. წებო(SEKUNDENKLEBER)- ხსნარის რაოდენობა შესაბამისობაშია თიხის კონსტრუქციების თავისებურებასთან და მოცულობასთან“ – აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში აღმოაჩინეს, მაიამის ბეტა ლაბორატორიამ ძვ.წ XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა.