ახალი ამბები

იდიგოვი: ბინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულების გარდა ქალი და 2 ბავშვი ცხოვრობდა

22 ნოემბერი, 2017 • 32427
იდიგოვი: ბინაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულების გარდა ქალი და 2 ბავშვი ცხოვრობდა

კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი უმარ იდიგოვი ესაუბრა “ნეტგაზეთს” 21-22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ. იგი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის თხოვნით მივიდა შემთხვევის ადგილზე. იდიგოვი დღეს გამთენიიდან განვითარებულ მოვლენებს იხსენებს:

როგორ მიხვედით შემთხვევის ადგილზე და ჩაერთეთ პროცესში?

მე დღეს გამთენიისას დამირეკეს საქართველოს ხელისუფლებიდან ახლობლებმა და მთხოვეს, მივსულიყავი ადგილზე და დავხმარებოდი, თუკი ნამდვილად იყვნენ ისინი ჩეჩნები, რომ დავლაპარაკებოდი და საერთო ენა მომეძებნა.

რომელ საათზე დაგირეკეს?

04:15 საათიდან დაიწყეს რეკვა. პირველ ჯერზე უხეშად ვუპასუხე – მე КГБ-ში ხომ არ ვმუშაობ- მეთქი. მაგრამ მეორედ რომ დამირეკეს, უკვე წავედი იმ ადგილზე. მე იქ 2-ჯერ მივედი. პირველად როდესაც მივედი, საერთოდ არაფერი იყო ისეთი. დაახლოებით 5 საათი იყო. პისტოლეტიდან იყო სროლის ხმა.

საიდან ისმოდა სროლის ხმა? ამ ბინიდან ისროდნენ გარეთ?

დიახ. მეორედ როცა მივედი იქ, უკვე მოლაპარაკება შეუძლებელი იყო. როცა მსხვილკალიბრიანი იარაღით მიდის დაცხრილვა, იქ ლაპარაკი შეუძლებელია. მე მათ [სამართალდამცავებს] ვუთხარი, თუკი მომცემთ შესაძლელობას, რომ შევიდე და გააჩერებთ სროლას, მე მათ დაველაპარაკები და გამოვიყვან ბავშვებს. იქ როგორც მითხრეს, იყო 2 ბავშვი, 1 ქალი და 2 კაცი. მაგრამ მაჩერებდნენ და არ შემიშვეს. ამის გამო ძალიან გავბრაზდი იმ მაღალჩინოსანზე, რომელმაც დამირეკა და ეს ვთქვი კიდეც ხმამაღლა. როგორც მე იქვე მცხოვრები მეზობლებისგან ვიცი, ეს იყო ჩეჩნების ოჯახი.

ანუ თქვენ იქ ადგილზე გაარკვიეთ, რომ იქ ცხოვრობდა ჩეჩნების ოჯახი?

ჩემთან მოვიდა ერთი ქართველი, რომელმაც მიამბო, ვინ იყვნენ ისინი, როგორ ჩამოვიდნენ სამკურნალოდ საქართველოში. ამ ქალმა მითხრა, რომ ეს ოჯახი უკვე ერთი თვეა, რაც ამ ბინაში ცხოვრობდა, ისიც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა. ეს ოჯახი ცხოვრობდა პირველ სართულზე და მეორე სართულზე ეს ქალი ხშირად ალაგებდა სადარბაზოს. ზოგჯერ ეს ქალი ბავშვებით მიდიოდა ხოლმე სადღაც.

მაშინ მეორე სართულზე როგორ აღმოჩნდნენ ისინი, როგორც დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, მეორე სართულზე იყვნენ გამაგრებულები?

ზუსტად არ ვიცი, ეგ ბინა როგორაა მოწყობილი. მე მანდ ადრე ვარ ნამყოფი, როცა თინა გაურგაშვილი ცხოვრობდა. ის ავსტრიაში წავიდა 6 წლის წინ, ჟურნალისტი იყო, მას აქ მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს – ასლანბეგი, მუშაობს ბენზინგასამართ სადგურზე, მე მასაც ძალიან კარგად ვიცნობ, ძალიან წესიერი ადამიანია და მთლიანად ოჯახი ძალიან კარგია.

თუკი ამ ბინაში ადრეც ნამყოფი ხართ, გეცოდინებათ, ეს დუპლექსის ტიპის ბინაა, თუ მხოლოდ პირველ სართულზე ჰქონდათ ბინა?

არ ვიცი ზუსტად, სადარბაზოში რომ შედიხარ, მარცხენა მხარეს არის კარი. მე როგორც ვიცი პირველი სართულია, მაგრამ ვიცი, რომ იქ იწვოდა როგორც პირველი, ისე მეორე სართული. არ დავასახელებ მინისტრის მოადგილეს, თუმცა მე მას იქვე ვუთხარი, რომ იარაღი შეემოწმებინათ სამხარაულის ლაბორატორიაში. თუკი მათ აქვთ იარაღის არსენალი, ე.ი. თქვენ მიეცით ისევე როგორც ლაფანყურში, და თუ არა აქვთ იარაღის არსენალი, ე.ი. მათ რაღაცნაიარდ მოიპოვეს პისტოლეტები და მათ რაღაცის ეშინოდათ.

ანუ რომ დავაზუსტოთ, თქვენ ადგილზე მეზობლისგან შეიტყვეთ, ვინ ცხოვრობდა იმ სახლში?

მე ასე ვიცი. იქ ისეთი სიტუაცია იყო, რომ საკუთარი სპეცრაზმელი ვერ გამოიყვანეს ადგილიდან, როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ისე ეშინოდათ ახლოს მისვლა. როგორც ჩანს, როცა ხალხმა დატოვა სადარბაზოში სახლები, მათ გადაინაცვლეს სხვა სახლებში. არავითარი ტერორისტები ესენი არ იყვნენ.

საიდან იცით ეს? თქვენს წყაროებთან გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია, თუ თქვენით მიხვედით ამ დასკვნამდე?

მე ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

რა გაძლევთ ამის საფუძველს, რომ ამაში იყო დარწმუნებული?

ისინი რომ ტერორისტები ყოფილიყვნენ, მძევლად ხომ აიყვანდნენ იმ ადამიანებს, ვინც იმ სადარბაზოში ცხოვრობდა?!

მაგრამ თუკი ეს ადამიანები უკვე ევაკუირებული ჰყავდათ სამართალდამაცავებს?

არავითარი ევაკუაცია არ იყო, მათ ხომ მხოლოდ დილით დატოვეს სადარბაზო?! ზოგიერთები არც კი ტოვებდნენ სახლებს.

რა ინფორმაციას ფლობთ, ამ ქალმა და ბავშვებმა როგორ დატოვეს ტერიტორია?

როგორც მე გავიგე, ეს ქალი და ბავშვები ღამით გაიქცნენ, მათ 2 ადგილობრივთან ერთად დატოვეს ტერიტორია.

თქვენ თქვით, რომ იქ იყო 2 მამაკაცი, 1 ქალი და 2 ბავშვი. სუსი აცხადებს, რომ ადგილზე მოკლულია 3 პირი, თუკი ქალი ბავშვებთან ერთად გაიქცა, მაშინ ვინ არის ის მესამე მოკლული, თუ იცით?

საქმეც მაგაშია, რომ მესამე მკვდარი არ არსებობს, დაე, გვაჩვენონ. მე ამას ხვალ გავიგებ, მათ ყველა ვარიანტში უნდა მაჩვენონ მე ცხედრები, ვინაიდან მე წარმოვადგენ აქ ჩეჩნეთის საკითხებს. მეორეც – ისინი ამბობენ, რომ ერთი აიყვანეს ცოცხლად. რეალურად საუბრობენ ასლანბეგზე, რომელიც დაკითხვაზე ჰყავდათ. ამაშიც იტყუებიან. თუკი მოკლეს, 2-ია მოკლული, მესამე მკვდარი არ არსებობს.

რატომ არ მეკითხებით ყველაზე მთავარ შეკითხვას? – რატომ გაწელეს და მიიყვანეს საქმე აქამდე? ეს ხომ სიგიჟეა, რომ 2 ადამიანის დასაკავებლად მთელი მებრძოლების არმია გამოიყვანეს.

რატომ, როგორ ფიქრობთ?

გეტყვით – გუშინ ხომ უსმინეთ ახალ ამბებს, რომ ამერიკელებმა უნდა მოგვყიდონ იარაღი 75 მილიონ დოლარად, ჩვენ კი ფული არ გვაქვს საყიდლად. ხოლო ასეთი რეკლამას თუ დადებდნენ, ამერიკელები უფასოდ მოგვცემენ იარაღს.

ანუ ფიქრობთ, რომ ეს სპექტაკლი იყო?

ეს ისეთივე სპექტაკლი იყო, როგორც ლაფანყურის.


შეგახსენებთ, რომ ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერ, 20:00 საათზე დაიწყო და 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. სუს-ის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი და დაკავებულია ერთი. სუს-ის ცნობით მოკლულები არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან. სუსი ასევე არ აკონკრეტებს, რა დანაშაულში იყვნენ ისინი ეჭვმიტანილები, თავდაპირველად იყო საუბარი მათი მხრიდან ტერორიზმთან კავშირზე, რაც საბოლოოდ არ დაუდასტურებიათ. სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია 1 სპეცრაზმელი და დაჭრილია 4. ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეკუთვნის პანკისელ თინა გაურგაშვილს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გააქირავა გაურგაშვილის შვილის – ასლანბეგ ჯაბრაილოვის ცოლის ძმამ, რიზვან გორნაკაშვილმა. დუისის რწმუნებულის ცნობით, სწორედ გორნაკაშვილია დაკავებული სუს-ის მიერ, ხოლო ჯაბრაილოვი თავად მივიდა დღეს პოლიციაში და განაცხადა ბინის გაქირავების შესახებ მისთვის ცნობილი ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი