ახალი ამბები

სპეცოპერაციისგან დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფარი მისცეს

22 ნოემბერი, 2017 •
სპეცოპერაციისგან დაზარალებულ ოჯახებს თავშესაფარი მისცეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ისნის გამგეობამ ორი ოჯახი თავშესაფრით უზრუნველყო. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ისნის გამგეობაში უთხრეს.

როგორც გამგეობაში იუწყებიან, სპეცოპერაციის შემდეგ უწყებაში 5-6 ზარი შემოვიდა, რომელთაგან 2 თავშესაფრის უზრუნველყოფის საკითხს ეხებოდა.

“ძირითადად მოსახლეობას, რომელიც გვიკავშირდება, საკუთარი სახლის ნახვა სურს, თუმცა ეს ამ დროისთვის შეუძლებელია. ორმა ოჯახმა მოგვმართა და ორივე დაკმაყოფილებულია თავშესაფრით. ისინი გადაყვანილნი არიან სასტუმრო “ნიცაში”, რომელიც ისანში, იუნკერის 3ა-ში მდებარეობს. გარდა ამისა, შემოვივიდა ერთი ზარი. მოქალაქეს მედიკამენტები ესაჭიროებოდა, რითაც დავაკმაყოფილეთ. ” – განაცხადეს ისნის გამგეობაში.

გარდა ამისა, გამგეობაში ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითონვე გადანაწილდა ნათესავებთან თუ ახლო პირებთან. კითხვაზე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქე მერიისგან თავშესაფრით იყოს უზრუნველყოფილი, განგვიმარტეს, რომ ამისთვის ივსება სპეციალური ბლანკი და მოწმდება მათი რეგისტრაცია.

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის ბერი გაბრიელ სოლოსის გამზირზე დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, 17:30 საათზე დასრულდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე სროლებისა და აფეთქებების ხმა გაისმა,  ეპიცენტრიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია დაიწყო.  თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ისნის გამგეობა მზადაა, გამზირზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რომლებიც ჯერჯერობით ვერ შედიან თავიანთ სახლებში ან მათი სახლები ოპერაციის შედეგად დაზიანდა, თავშესაფრით უზრუნველყოს.

“ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ გაბრიელ სალოსის გამზირზე ან მიმდებარე კორპუსებში, გვინდა დავამშვიდოთ, რომ არცერთი მათგანი არ დარჩება ყურადღების მიღმა. მერია, რასაკვირველია, იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უზრუნველყოფს მათთვის საჭირო ფართებს. ვთხოვთ მოსახლეობას, ვისაც აქვთ დროებითი ფართების საჭიროება, დროულად მიმართოს ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელში გადაყვანა.” – განაცხადა კახა კალაძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი