ახალი ამბები

სროლები, აფეთქებები და ევაკუაცია: თბილისში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება

22 ნოემბერი, 2017 • 3132
სროლები, აფეთქებები და ევაკუაცია: თბილისში კონტრტერორისტული ოპერაცია გრძელდება

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ადგილზე სროლებისა და აფეთქებების ხმაც ისმოდა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ცეცხლი ჩანს, რომლის ლიკვიდაციაც საგანგებო სიტუაციების სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე მოახერხეს. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ ბინაში იმყოფება ორი პირი, რომელთა აყვანას სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ცდილობენ. ადგილობრივი მოსახლეობა ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ სამართალდამცავები ორი პირის დაკავებას ცდილობენ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა ინფორმაცია დაუდასტურებელია.

 

სპეცოპერაცია 21 ნოემბერს, 20:00-სთვის დაიწყო, სროლები და აფეთქებები კი გამთენიისას, 05:00 საათის შემდეგ გაისმა. ახლომდებარე კორპუსებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ, ღამის განმავლობაში კი გათიშული იყო ელექტროენერგიაც.

ეპიცენტრიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია, იქვე მდებარე 97-ე საჯარო სკოლაში კი სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. როგორც “ნეტგაზეთს” განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოსწავლეთა მშობლები სპეცოპერაციის დაწყებისას გააფრთხილეს, რომ სკოლაში არ გამოცხადებულიყვნენ.

ასევე ევაკუირებულია ახლომდებარე #16, #86 #109 საბავშვო ბაღები, საიდანაც აღსაზრდელები და თანამშრომლები ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ დაუდასტურა. #16 ბაგაბაღის აღსაზრდელის მშობელმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ დაუკავშირდნენ საბავშვო ბაღიდან და უთხრეს, რომ წაეყვანათ ბავშვი ბაღიდან.

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალური დანიშნულების რაზმი, კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი. ადგილზე სასწრაფო დახმარების არაერთი ბრიგადა შევიდა. დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

21 ნოემბერს, ოპერაციის დაწყებისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ სპეციალურ ღონისძიებებს კონტრტერორისული დეპარტამენტი ახორციელებდა, მოსახლეობის უსაფრთხოებას კი საფრთხე არ ემუქრებოდა. იმ ადამიანებმა, რომელთა აყვანასაც სამართალდამცავები ცდილობდნენ, სპეციალურ დანაყოფებს ცეცხლი პირველად სწორედ ოპერაციის დაწყებისას გაუხსნეს.

უყურეთ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენებს “ნეტგაზეთის” ფეისბუქ გვერდზე, პირდაპირ ეთერში:

მასალების გადაბეჭდვის წესი