ახალი ამბები

მდინარაძე: საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო  ქვეყანათა ჩამონათვალში

22 ნოემბერი, 2017 • 1678
მდინარაძე: საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო  ქვეყანათა ჩამონათვალში

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარე მამუკა მდინარაძე თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება. მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ნაადრევია დეტალებზე საუბარი, თუმცა, თუ გამოძიებას ხელი არ შეეშლება, კომპეტენტური ორგანოები დეტალურ ინფორმაციას თავად გაავრცელებენ.

“პირველ რიგში, ბუნებრივია, ღრმა მწუხარებს გამოვხატავთ გარდაცვლილი გმირი პოლიციელის, სპეცრაზმელის დაღუპვის გამო, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, მთელ საქართველოს. რაც შეეხება დეტალებს, ამაზე საუბრობენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები და მათი წარმოამდგენლები. დარწმუნებული ვართ, თუ გამოძიების ინტერესებს ხელი არ შეეშლება, ისინი დეტალებს ასევე გაამჟღავნებენ და გამოძიების შედეგად საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ხარისხი ყველა სამსახურის მწყობრი და შეთანხმებული სამსახურის მიერ უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი. ამისათვის, ბუნებრივია, დიდ მადლობას ვუხდით მათ,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, ფრაქციის თავმჯდომარე უერთდება პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომელმაც, თავის მხრივ მოუწოდა ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს, თავი შეეკავებინათ მოსაზრებების საჯარო სივრცეში გავრცელებისგან.

“ჩვენი მხრიდან გვინდა შევუერთდეთ პრემიერის მოწოდებას და მოვუწოდოთ სხვადსხვა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, თავი შევიკავოთ ნაჩქარევი და, რიგ შემთხვევაში, პოპულისტური განცხადებების გაკეთებისგან.

საქმე არ ეხება რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, არამედ ქვეყნის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, ამიტომ ყველას ვთხოვთ, გაათვიცნობიერონ თავისი განცხადებების ნეგატიური მოსალოდნელი შედეგები, თითოეული განცხადების თუ ფრაზის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთხოვთ კოლეგებს, თავი შეიკავონ ნეგატიური კომენტარებისგან. გვექნება ჩვენ იმის დრო, რომ ამ თემაზე დისკუსია გავმართოთ. საქართველო არის და დარჩება უსაფრთხო  ქვეყანათა ჩამონათვალში და გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ უმაღლეს სიკეთეს არანაირი საფრთხე არ დაემუქროს,” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი