ახალი ამბები

მინისტრი საპრეზიდენტო კანდიდატი

10 ივლისი, 2013 • 1116
მინისტრი საპრეზიდენტო კანდიდატი

არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მოითხოვს, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატობის პარალელურად განათლების მინისტრის პოსტს იკავებს, თანამდებობიდან გადადგეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მინისტრის თანამდებობა მარგველაშვილს სხვა კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტით ზურგგამაგრებული ისეთი პროექტებით, როგორიცაა მასწავლებლებისა თუ სკოლის ადმინისტრაციისათვის ხელფასის მომატება და მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება, არჩევნების წინ დამატებითი პოლიტიკური ქულების ჩაწერის შესაძლებლობას აძლევს, რაც უსამართლოა.

 

დღეს მოქმედი საარჩევნო კოდექსი არც მინისტრს და არც სხვა რომელიმე ნებისმიერი თანამდებობის პირს საპრეზიდენტო არჩევნებში
კანდიდატურის დაყენების გამო დაკავებული პოსტის დატოვებას არ ავალდებულებს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა უკვე განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს, მაგრამ უცნობია როდის.

 

მინისტრის განცხადების მიუხედავად, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მარგველაშვილის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების შესაძლო გამოყენებაზე აპელირებას მაინც განაგრძობენ და პრევენციას საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ, საარჩევნო კოდექსში ითხოვენ.

 

საარჩევნო კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით მუშაობას აგრძელებს პარლამენტის მიერ შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც საპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებიც შედიან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა – “საიამ”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” მოამზადეს რეკომენდაციები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელშიც განსაზღვრულია იმ სახელმწიფო თანამდებობების ჩამონათვალი, რომელიც თანამდებობის პირმა დროებით უნდა დატოვოს, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვეტს მონაწილეობას. ასეთი თანამდებობების ჩამონათვალში მინისტრის თანამდებობაც გვხვდება.

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არ არის მისაღები, როდესაც მინისტრი საარჩევნო კამპანიაში მთავრობის წევრის სტატუსით ერთვება და მათ სწორედ ამიტომ შეიმუშავეს ის რეკომენდაცია, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტი საარჩევნო კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებების შეტანას არ აპირებს.

 

“ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებულია ორი კანონპროექტი: ერთი ეხება ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში და მეორე – ცვლილებებს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში, რაც ეხება პარტიულ დაფინანსებას. ეს ორივე უკვე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ჩვენ ჯერ უნდა დაველაპარაკოთ ეუთოს და საქართველოში მომუშავე სხვა მისიებს, რადგან მათ სერიოზული პრობლემები აქვთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე მაშინ, როდესაც უკვე გამოცხადებულია არჩევნები”, – ამბობს პროცედურულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტის კვოტით ინტერფრაქციული ჯგუფის წევრიცაა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებია, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე საარჩევნო კოდექსი აღარ შეიცვალოს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ იმის შესაძლებლობას, რომ გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკონკურენტოდ მიიჩნევს, თავისი ამჟამინდელი თანამდებობა და სახელმწიფო პროექტები საარჩევნო-პოლიტიკური ქულების მოპოვების მიზნით გამოიყენოს:

 

“ბატონი მინისტრი როგორც კი შევა საპრეზიდენტო რბოლაში, თანამდებობიდან გადადგება, ასე რომ, არანაირ შემთხვევაში, ის არ იქნება ადამიანი, რომელიც თან არიგებს სახელმძღვანელოებს და თან საპრეზიდენტო კანდიდატია. ეს გამორიცხულია. ჩვენ კანონის დარღვევას და არავითარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ ვაპირებთ”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

 

“კანონის თანახმად, მას შეუძლია იყოს მინისტრიც და საპრეზიდენტო კანდიდატიც, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. თავიდან, როდესაც ვმსჯელობდით ამ საკითხზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიორგიმ არ უნდა შეასრულოს მინისტრის ფუნქციაო და საპრეზიდენტო კანდიდატობის პირობებში იგი უნდა იყოს თავისუფალი იმ პასუხისმგებლობისაგან, რასაც მინისტრის პორტფელი ჰქვია. საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული ამ საკითხზე. იგი გადადგება მაშინ, როდესაც ოფიციალურად გატარდება რეგისტრაციაში”, – უთხრა “ნეტგაზეთს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ აბაშიძემ, ვისი აზრითაც, როდესაც კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბი შეიქმნება (რომელსაც დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს) და საარჩევნო კამპანია რეგიონების მასშტაბითაც გაიშლება, მარგველაშვილი მინისტრის ფუნქციების შეთავსებას ვერც მოახერხებს.

 

“კანონმდებლობით მას საარჩევნო კამპანიის ბოლომდე შეუძლია იყოს მინისტრი, როგორც წესი, საარჩევნო კამპანია ცხადდება ხოლმე 60 დღით ადრე. ახლა კარგია, რომ მანამდე გამოცხადდა და მან თქვა, რომ ის მაინც გადადგება”, – აღნიშნავს ირინა იმერლიშვილი, რომლის ინფორმაციითაც, მარგველაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან დაახლოებით ერთ თვეში გადადგება.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და საპარლამენტო ოპოზიციის წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელობა არ აქვს, დეკლარირებულ დონეზე მარგველაშვილმა დაიწყო თუ არა უკვე საარჩევნო კამპანია, მთავარია, რომ საარჩევნო პროცესი უკვე გამოცხადდა 1 ივლისს.

 

“არჩევნების დრო დანიშნულია და ეს უკვე აბსოლუტურად ყველას საარჩევნო რეჟიმში გვაქცევს. ცალსახაა, არსებობს დიდი შესაძლებლობა, რომ მან ადმინისტრაციული რესურსები გამოიყენოს, თუნდაც ის, როცა აკეთებს შეხვედრებს მასწავლებლებთან და ლექტორებთან, ამას აკეთებს როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. ჯობია ახლავე გადადგეს მინისტრის თანამდებობიდან და ისე გააგრძელოს კამპანია”, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი