ახალი ამბები

კითხვები მიქაუტაძის სიკვდილთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2013 • • 1430
კითხვები მიქაუტაძის სიკვდილთან დაკავშირებით

გელა ჯანელიძის ადვოკატი ამირან გიუნაშვილი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაფერი 5 ივლისს დაიწყო, დაახლოებით 13:00 საათზე, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ სატვირთო ავტომობილების სადგომზე.

 

„გელა ჯანელიძე ამ სადგომზე მივიდა ბიძაშვილის სანახავად ავტომობილით, სადაც შემთხვევით ნახა მამუკა მიქაუტაძე, რომელიც იყო მისი მეგობარი და მას გამოესაუბრა. ამ დროს მოვიდა პოლიცია, გელა ჯანელიძე დააკავეს, მიქაუტაძე კი დასაკითხად წაიყვანეს“, – ამბობს ამირან გიუნაშვილი. მისივე თქმით, პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას პოლიციამ ნარკოტიკი ვერ იპოვა, მათ სიგარეტის ქაღალდში გახვეული 12 გრამი მარიხუანა ავტომობილისგან 1 მეტრის მოშორებით იპოვეს.

 

პოლიციის ვერსიით, ჯანელიძე მიქაუტაძეს ნარკოტიკს გადასაცემად შეხვდა და პოლიცია რომ დაინახა, ნარკოტიკი ავტომობილიდან გადააგდო.

 

გელა ჯანელიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მიხედვით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკების უკანონო შენახვა–შეძენას გულისხმობს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 2 ათასი ლარი შეუფარდა, პროკურატურა კი 5 ათასი ლარის შეფარდებას ითხოვდა. ჯანელიძემ აღნიშნული უკვე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რადგან მიიჩნევს, რომ ეს არის არაადეკვატური თანხა. ადვოკატი ამბობს, რომ ჯანელიძე სოციალურად დაუცველთა ბაზაშია შეყვანილი და მის ოჯახს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. გარდა ამისა, ადვოკატი საუბრობს იმ დარღვევებზე, რაც, მისი აზრით, ჯანელიძის საქმეში არსებობს.

 

„გელა ჯანელიძემ დაკავებისთანავე მოახერხა ადვოკატ თამარ კვინტრაძესთან დაკავშირება და ისიც გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, მას არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო იმ საგამოძიებო მოქმედებებში, რომელსაც პოლიცია ახორციელებდა. ამის შემდგომ, 7 საათის გამავლობაში ჯანელიძე გადაყვანილი იყო იზოლატორში, ადვოკატი კი ცდილობდა მასთან დაკავშირებას გამომძიებლის საშუალებით, გამომძიებელი კი არ პასუხობდა ტელეფონს, მერე კი გაუთიშა, მეორე დღეს გამომძიებელმა განაცხადა, რომ მას ტელეფონი ჰქონდა გაფუჭებული“, – ამბობს ჯანელიძის ადვოკატი ამირან გიუნაშვილი.

 

მისივე თქმით, ჯანელიძე ბრალს არ აღიარებს, ხოლო მის საქმესთან დაკავშირებით არსებული მთავარი პრობლემა მამუკა მიქაუტაძის ჩვენებაა.

 

„მთავარი დარღევა საქმეში და მთავარი მტკიცებულება არის მამუკა მიქაუტაძის ჩვენება, რომელიც საეჭვო გარემოებაშია მიღებული. უნდა დადგინდეს, ეს ჩვენება არის თუ არა ზეწოლის შედეგად მიღებული“, – ამბობს ადვოკატი ამირან გიუნაშვილი.

 

5 ივლისს, პოლიციაში დაკითხვიდან დაბრუნებულმა მამუკა მიქაუტაძემ ცოლს, ზიზი ეძგვერაძეს განუცხადა, რომ მას მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად აიძულეს, იატაკზე დააგდეს და ცემეს, რის შემდეგაც ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე. აღნიშნული ჩვენების მიხედვით, გელა ჯანელიძეს 12 გრამი მარიხუანა სწორედ მიქაუტაძისთვის უნდა მიეცა. როგორც ზიზი ეძგვერაძე ამბობს, მას მიქაუტაძემ განუცხადა, რომ ამ სიცრუით ვერ იცხოვრებდა. ის 6 ივლისს, დილით, თბილისის ზღვაზე იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

 

მიქაუტაძის ოჯახს იურიდიულ დახმარებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უწევს. მათი დაკვეთით დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ ჩაატარა მამუკა მიქაუტაძის გვამის გარეგანი ექსპერტიზა, რომლის შედეგებიც დღეს, 9 ივლისს გახდა ცნობილი.

 

გვამის გარეგანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გარდაცვლილ მამუკა მიქაუტაძეს ცხვირის მარცხენა ნესტოსთან აღენიშნება დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც მიყენებული უნდა იყოს ბლაგვი, მკვრივი საგნით სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე. გარდა ამისა, გარდაცვლილს ორივე ფეხის ტერფზე აღენიშნება მოიისფრო ლაქები, თუმცა, შეუძლებელია ზუსტად თქმა, ეს დაზიანების კვალია თუ გვამური ლაქა. გარდაცვლილს კისრის არეში ასევე აღენიშნება ჩამოხრჩობის კვალი.

საია–ს თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დაზიანების მიღების დრო ემთხვევა მამუკა მიქაუტაძის პოლიციაში დაკითხვის დროს და ეს ამყარებს იმ ეჭვს, რომ დაკითხვისას მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა.
კახა კოჟორიძემ ასევე არასწორი უწოდა შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ამბავს თავად შსს გამოიძიებს. როგორც იურისტი ამბობს, სამართლებრივად, ფორმალურად ეს დარღვევა არ არის, თუმცა დაუშვებელია იმ უწყებამ გამოიძიოს ის სავარაუდო დანაშაული, რომელიც იგივე უწყებაში მოხვდა.

 

“ასეთი გამოძიება არ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი”, – ამბობს კახა კოჟორიძე.

 

მიქაუტაძის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით დღესვე განცხადებები გააკეთეს საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა.

 

„მეც გამიჩნდა ძალიან ბევრი კითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. პასუხები ჯერ არ მაქვს და მეც დიდი ინტერესით ველოდები გამოძიების დასრულებას. ფაქტები დღეისთვის ცნობილი გახდა სხვადასხვა წყაროებიდან. ადვოკატები საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე, ეს ყველაფერი თუ სიმართლეს შეეფერება, მგონი, კითხვები კიდევ უფრო მეტია, მაგრამ დასკვნებისგან და ვარაუდებისგან მე პირადად თავს შევიკავებდი,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ასევე გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ. მისივე თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მასაც აქვს კითხვები და ინტერესით დაელოდება გამოძიების დასრულებას.

 

შინაგან საქმეთა მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი ოჯახს და განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს “მუნდირის ღირსების საქმეა”. მანვე საზოგადოებას მოუწოდა, ნუ გააკეთებენ წინასწარ დასკვნებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი