ახალი ამბები

ბაქრაძე: ჯაველინი საქართველო-აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიულ თანამშრომლობას დაუდებს საფუძველს

22 ნოემბერი, 2017 • 1994
ბაქრაძე: ჯაველინი საქართველო-აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიულ თანამშრომლობას დაუდებს საფუძველს

საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე შტატების მიერ საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის შესაძლო მიყიდვას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოხატულებად აფასებს. მისი თქმით, “ჯაველინის” ტიპის ანტისატანკო სისტემის შეძენა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას მეტად გააძლიერებს. ელჩის კომენტარს “რუსთავი2” ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობა საქართველოსთვის ტანკსაწინააღმდეგო სისტემის გადმოცემის თაობაზე, პირველ რიგში, გამოხატავს ორი სუვერენული სახელმწიფოს ნებას და ასევე არის, რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ძალიან მაღალი ურთიერთნდობის მკაფიო გამოხატულება. თავისთავად, ეს შეიარაღება არის თავდაცვითი ხასიათის და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერება. ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ამ გადაწყვეტილებით საფუძველი დაედება თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის სამხედრო ინდუსტრიულ სფეროში”, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით,  17 ნოემბერს გასცეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც კონგრესს “ჯაველინის” სისტემის შესაძლო გაყიდვის შესახებ ეცნობა. სააგენტოს ცნობითვე, საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ტრანსპორტირების, ლოჯისტიკის და ტექნიკური დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება 75 მილიონი დოლარია. საუბარია 410 რაკეტასა და 72 გამშვებ ბლოკზე.
მიუხედავად ამისა, ცნობა სამხედრო ტექნიკის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ ტექნიკის გაყიდვა უკვე გადაწყვეტილია.

ფაქტი დადებითი შეფასებები მოჰყვა როგორც საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, ისე სპეციალისტებს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი