ახალი ამბები

ენმ-ის, ევროპული საქართველოს და ლეიბორისტების განმარტებები სპა-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე

21 ნოემბერი, 2017 • 2170
ენმ-ის, ევროპული საქართველოს და ლეიბორისტების განმარტებები სპა-ს კანდიდატის მხარდაჭერაზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პატრიოტთა ალიანსის წევრი ზაზა ჩაჩანიძე აირჩიეს. მას მხარი საკრებულოს 15-მა წევრმა, ანუ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, მათ შორის ენმ-ის, ევროპული საქართველოსა და ლეიბორისტული პარტიის წევრებმა დაუჭირეს.

ნეტგაზეთმა ამ პარტიებს ჰკითხა, რატომ დაუჭირეს მხარი ბორჯომის საკრებულოში პატრიოტთა ალიანსს, რომელთანაც პოლიტიკურ კონფრონტაციაში იმყოფებიან. ენმ-ისა და ევროპული საქართველოსთვის პატრიოტთა ალიანსის საგარეო პოლიტიკური ხედვებია მიუღებელი, ლეიბორისტები კი პატრიოტთა ალიანსს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ.

“არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის”, – ამბობს გიორგი გუგავა, ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი. მისი თქმით, უმთავრესი არგუმენტი იყო ის, რომ ოპოზიციას გაემარჯვა და “ქართული ოცნებისთვის” უმრავლესობა ჩამოერთმია.

“ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს გადამწყვეტი ხმა ჰქონდა და ამ კენჭისყრაში მისი არმონაწილეობა ან ოცნებისთვის მხარდაჭერა მმართველი გუნდის  უმრვალესობაში დარჩენას ნიშნავდა. ვფიქრობ, წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც მმართველი პარტია ადგილზე ძალაუფლებას კარგავს”, – ამბობს გუგავა.

თუმცა, თუ ლეიბორისტების პოზიციაა, რომ პატრიოტთა ალიანსი ხელისუფლების სატელიტი პარტიაა, მაშინ რა აზრი აქვს საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრი გახდებოდა თუ ირმა ინაშვილის თანაგუნდელი?

“ოპოზიცია არის ახლა უმრავლესობაში და არა პატრიოტთა ალიანსი. ეს უნდა გავითვალისწინოთ. საკრებულოს თავმჯდომარე ყველაფერს არ წყვეტს. თანამდებობები, კომისიის თავმჯდომარეები და ა.შ. მთლიანად ოპოზიციამ გადაინაწილა. ამაზეა საუბარი. თუ ოცნება გაიმარჯვებდა, ის  თავად იქნებოდა პროცესის ბატონ-პატრონი. ახლა ოპოზიციური კონტროლი დაწესდა. ესაა განსხვავება. პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მოხდა ეს ამბავი და ლოკალურ ხასიათს ატარებს ბორჯომის სინამდვილეში.  ეს, ერთი მხრივ, იმიტომაც არის კარგი, რომ ოცნების გამგებელზე კონტროლს განახორციელებს ოპოზიციური საკრებულო”, – გვპასუხობს გიორგი გუგავა, რომელსაც ვკითხეთ, ხომ არ შეიცვალა თავისი პოზიცია პატრიოტთა ალიანსთან მიმართებაში?

“ეს პრაგმატული მოსაზრებები იყო და არა გლობალური პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების საკითხი. დამოკიდებულებები ერთმანეთში იცით… ასევე  სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებაში მიუღებლობის კუთხით, მაგრამ არჩევნების გაყალბების შესახებ საჩივარს ყველამ მოაწერა ხელი. ზოგადად, ბუნებრივია, წამიერად არ ვიცვლით დამოკიდებულებას, მაგრამ  როცა საერთო ოპოზიციური ინტერესია… პატრიოტთა ალიანსი კი არ მოსულა ხელისუფლებაში, ოპოზიციის უმრავლესობა გაკეთდა”, – ამბობს გუგავა.

ბორჯომი ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში, სადაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციაზე ნაკლები დეპუტატი შეიყვანა საკრებულოში. “ქართულ ოცნებას” საკრებულოში 13 წევრი ჰყავს, ხოლო ოპოზიციას – 15, მათგან 11 პატრიოტთა ალიანსს წარმოადგენს, 2 – ენმ-ს, 1 ევროპულ საქართველოს და 1 ლეიბორისტებს. სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე პატრიოტთა ალიანსს უმრავლესობის ჩამოყალიბება, თანამდებობებზე პოლიტიკოსების დანიშვნა და ა.შ. არ შეუძლია.

“ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ცხადი იყო, რომ ბორჯომის მოსახლეობამ ქართულ ოცნებას და მის მმართველობას უარი უთხრა. ახლა ხელისუფლება საკრებულოში უმრავლესობის მოპოვებას ყველა მეთოდის გამოყენებით ცდილობს: დაშინება, შანტაჟი, ძალადობა. ჩვენ გვგონია, რომ ყველა ოპოზიციონერი საკრბეულოს წევრის ვალდებულებაა, არ დავუშვათ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარედ ოცნების წარმომადგენლის არჩევა”, – ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს ევროპული საქართველოს სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე და აგრძელებს:

“ბორჯომში საკრებულო ოპოზიციური უნდა დარჩეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სრულიად მიუღებელია პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური შეხედულებები და, შესაბამისად, საუბარი რაიმე პარტიული კოალიციის შექმნაზე სრულიად გამორიცხულია. ამ ვითარებაში არჩევანი არის მკაფიო: ან  ოცნების ერთპარტიული მმართველობა გვექნება, ან ოპოზიციური საკრბეულო. ჩვენ მზად ვართ,  ხელი შევუწყოთ ქართული ოცნების მარცხს ბორჯომის საკრებულოში”, – აცხადებს კიკნაველიძე.

ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ პატრიოტთა ალიანსის ხედვები, განსაკუთრებით რუსეთთან და ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში, საფრთხის შემცველია. ირაკლი კიკნაველიძეს ვკითხეთ, ხომ არ გაზრდის ამ პარტიის პლატფორმას საკრებულოს თავმჯდომარე თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში, ხომ არ გააძლიერებს მას და ხომ არ არის ეს საფრთხის შემცველი?

“ზოგადად  მიგვაჩნია, რომ პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური ხედვები ჩვენი ქვეყნისთვის საშიში და სრულიად მიუღებელია.  ერთ რამეს უნდა დავუკვირდეთ, რომ პატრიოტთა ალიანსი ბორჯომის საკრებულოში ერთპიროვნული მმართველი ვერ იქნება იმიტომ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან  ფართო უარის თქმა გახდა საჭირო ოცნების მმართველობისთვის და  მას [პატრიოტთა ალიანსს] მოუწევს, რომ რაღაცები გაითვალისიწნოს. ამიტომ მე არ მიმაჩნია, რომ ეს გამორჩეულად საშიში იქნება ბორჯომის შემთხვევაში. [ოპოზიციური საკრებულო] დამატებითი ინტსრუმენტი იქნება ოპოზიციისთვის ბოჯრომში”, – აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

ერთიან ნაციონლაურ მოძრაობაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

“ჩვენ ვართ ბორჯომელები, ვთვლით, რომ აქ ქართული ოცნების მესვეურები არ მიმართავენ სწორად თავის მმართველობას და ამატომაც იყო ჩვენი გაერთიანება, მათ თავისი ხედვები აქვთ”, – განაცხადა ნეტგაზეთთან საუბარში პატრიოტთა ალიანსის წევრმა ზაზა ჩაჩანიძემ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი