ახალი ამბებისამართალი

დიდუბეში ქალის შეურაცხყოფისთვის ორი პირი 100-100 ლარით დააჯარიმეს

21 ნოემბერი, 2017 • 20895
დიდუბეში ქალის შეურაცხყოფისთვის ორი პირი 100-100 ლარით დააჯარიმეს

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ქალის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ახალგაზრდა კაცი ჯერ პოლიციამ დააკავა წვრილმანი ხულიგნობისთვის, ხოლო მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100-100 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

ინციდენტი 17 ნომებერს მოხდა. როგორც დაზარალებული ამბობს, ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ მას ავტომობილიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები მიაძახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. მისი თქმით, სამართალდამცველები 20 წუთის დაგვიანებით მივიდნენ ადგილზე:

“ირგვლივ უამრავი კაცი მოგროვდა და იმის ნაცვლად, რომ მოძალადეები შეეკავებინათ, ჩემი დადანაშაულება დაიწყეს – ინტრიგანი და თავხედია ეს ვიღაცაო.”

ვიდეოკადრებში, რომლებიც დაზარალებულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ აგრძელებენ მის შეურაცხყოფას ახალგაზრდა კაცები, ხოლო დაზარალებული იმ ავტომობილის წინ დგას, საიდანაც შეურაცხყოფა მიაყენეს და ცდილობს, დამნაშავეები პოლიციის მისვლამდე შეაკავოს. კადრებში ასევე ჩანს, თუ როგორ აყენებს ერთ-ერთი ახალგაზრდა პოლიციას შეურაცხყოფას.

შსს-ს ინფორმაციით, ვიდეომასალების გაცნობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორივე ახალგაზრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, კერძოდ: საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარ მოქმედებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს.

ორივე მათგანი 24 საათის განმავლობაში პოლიციის იზოლატორში მოათავსეს, ხოლო მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. მოსამართლემ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 100–100 ლარით დააჯარიმა.

[red_box]გაფრთხილება – ვიდეო შეიცავს უხამს ქმედებებსა და შეურაცმყოფელ სიტყვებს, რასაც ნეტგაზეთი ემიჯნება.[/red_box]

მასალების გადაბეჭდვის წესი