ახალი ამბები

სამთაწყაროს მუსლიმური თემის მოლა: სამკურნალოდ წამოვედი სოფლიდან

8 ივლისი, 2013 • 1069
სამთაწყაროს მუსლიმური თემის მოლა: სამკურნალოდ წამოვედი სოფლიდან

“ახლაც წამლებს ვსვამ, შიშები მაქვს, ნევროზი დამემართა მას შემდეგ, რაც მოხდა სოფელში,” – ამბობს სულიკო ხოზრევანიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

იგი არ მალავს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუუარესდა, რაც სოფელ სამთაწყაროში დაპირისპირება დაიწყო ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის, რაც გამოიწვია სოფელში სალოცავის მოწყობამ ერთ-ერთ კერძო სახლში.

სულიკო ხოზრევანიძე
სულიკო ხოზრევანიძე

“სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იყო პარასკევს ჩამოსული, რეინტეგრაციის მინისტრი, მუსლიმთა სამმართველოს უფროსი ტარიელ ნაკაიძე. იყო სოფელში გაუგებრობა, გალახვაც, მაგრამ მოიხსნა ეს ყველაფერი. უბრალოდ, სამმართველოს უფროსმა და სახალხო დამცველმაც მირჩიეს, რომ მიმეხედა ჯანმრთელობისთვის, თვითონაც ნახეს, რომ ცუდად ვიყავი და ამის გამო წამოვედი,” – აცხადებს სულიკო ხოზრევანიძე.

მისი თქმით, ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ განერიდა სოფელს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების შიშით:

“რატომ უნდა გავრიდებოდი? დავაშავე რამე? ჩემი ოჯახი იქ არის და მეც მალე დავბრუნდები, როგორც კი უკეთესად გავხდები”.

28 ივნისს, მუსლიმთა ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) დასრულების შემდეგ, სამთაწყაროს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა სულიკო ხოზრევანიძის სახლს, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მისმა მეუღლემ – ემინე ხოზრევანიძემ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს დღემდე აწარმოებს გამოძიებას და საქმე აღძრულია მუქარის მუხლით.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 151–ე  მუქარის მუხლი განმარტებულია როგორც  სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, -ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

გასულ პარასკევს სამთაწყაროში ჩავიდა სახალხო დამცველი, მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, თუმცა ამის მიუხედავად ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა ლოცვას არ დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი