ახალი ამბები

ტრეფიკინგი თუ მკვლელობა?

8 ივლისი, 2013 • 1762
ტრეფიკინგი თუ მკვლელობა?

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ნოდარ თავართქილაძის ინფორმაციით, რომელიც ამბობს, რომ ცხედრის
აღმოჩენის შესახებ ხულოს პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო, გარდაცვლილი 25-დან 30 წლის ასაკის ქალია, რომელიც შქერნალის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელმა იპოვა. ქალი დაახლოებით სამი თვის წინ უნდა იყოს გარდაცვლილი.

 

“ძალადობის ნიშნების შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან პოლიციამ წინასწარი მონაცემებით ვერაფერი თქვა. მათი მონაცემებით, სავარაუდოდ, 3 თვეა გასული. დადგენილ-დაზუსტებული ჯერჯერობით არაფერია. მას ჯიბეში აღმოაჩნდა რუსული ფული – 100-რუბლიანი კუპიურა და 30 თეთრი, ჩვენი ფული”, – ამბობს ნოდარ თავართქილაძე.

 

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, გოგონა, სავარაუდოდ ხეზე იყო ასული: “იმ ადგილზე ორი ხე არის… და ხეზე იყო როგორც ჩანს, ან ავიდა, დაიმალა, ან როგორც ჩანს ღამე გაათენა, არ ვიცი, შიშით გარდაიცვალა თუ დაიძინა…. მერე ეტყობა, ხიდან იყო ჩამოვარდნილი… ვიზუალურად ნეკნები ჰქონდა დაზიანებული”.

 

ნოდარ თავართქილაძის თქმით, გვამი პირველად ერთ-ერთმა მცხოვრებმა შენიშნა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა. მოგვიანებით
კი საქმეში ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებიც ჩაერთნენ ბათუმიდან. ნოდარ თავართქილაძის ინფორმაციით, “გარდაცვლილის ცხედარი გადატანილია ბათუმის პროზექტურაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა და ალბათ, ყველაფერს იტყვიან”.

 

ცხედრის აღმოჩენის შესახებ “ბათუმელებს” ინფორმაცია დაუდასტურა ხულოს პოლიციის უფროსმაც. სხვა დეტალების გასარკვევად ვახტანგ ბერიძემ შს სამინისტროს პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

 

პროკურორისა და შს სამინისტროს შეფასება 

 

ხელვაჩაურის პროკურორის, ლაშა კლდიაშვილის თქმით, “ნაადრევია იმის მტკიცება, რომ გარდაცვლილი აზიური წარმოშობის
ქალია. არ ვიცით ქალი ახალგაზრდაა თუ მოხუცი, ცხედარიც აღარ ითქმის, გახრწნილი გვამია. ქალი რომაა იმით დადგინდა, რომ ბიუსჰალტერი აცვია და ქალის საცვალი, ბოტასებიც ქალისაა. არასწორი ინფორმაცია გაქვთ, რომ ეს ქალი შუააზიური წარმოშობისაა,
მარტო თავის ქალაა დარჩენილი და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ქალი არის აზიური წარმოშობის. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, ხოლო პირი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა ხელმოსაჭიდი გვაქვს და იმედია, დავადგენთ”.

 

ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ქალი მოკლულია? – ამ კითხვაზე ლაშა კლდიაშვილის პასუხია: “- ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, მაგრამ, სავარაუდოდ, თავში დაზიანებები აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ გვაქვს ძალადობის ნიშნები და ეს იყო მკვლელობა. ამ ეტაპზე ძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, ანუ თვითმკვლელობამდე მიყვანა, როცა გვამს ვნახულობთ, ასე ვიწყებთ ხოლმე. ექსპერტიზის დასკვნა როცა გვექნება, ვიმსჯელებთ და კვალიფიკაციასაც შევცვლით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირი არ არის დადგენილი, მაგრამ გვაქვს ვარაუდი, რომ ეს პირი შეიძლება იყოს აზიური წარმოშობის… პირადობის მოწმობა, პასპორტი, ან სხვა რამე დოკუმენტი არ ჰქონდა, მაგრამ მგონია, რომ ამ კუთხით მონაცემები დადგინდება მალე. შესაძლებელია დნმ-ით დადგინდეს მისი ვინაობა, შეიძლება გამოძიებით”.

 

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ბეშუმში დაფიქსირებულ ფაქტთან დაკავშირებით საქმე მკვლელობის მუხლით აღიძრა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კი ამბობენ, რომ მათ მონაცემებს მხოლოდ გამოძიებას მიაწვდიან.

 

როგორ აღმოჩნდადაცარიელებულ მთაში მსხვერპლი ქალი

 

წყარო, რომელმაც ქალის ცხედრის აღმოჩენის შესახებ “ბათუმელებს” თავდაპირველად შეატყობინა, ამბობს, რომ გარდაცვლილი შუააზიური წარმოშობის გოგონაა. როგორ მოხვდა უცხო ქვეყნის მოქალაქე საზაფხულო კურორტ ბეშუმში ჯერ კიდევ სამი თვის წინ, ანუ დაახლოებით აპრილში, როცა ბეშუმამდე მისასვლელი გზის ზოგიერთი მონაკვეთი 15 მაისის შემდეგ ტრაქტორებით გაწმინდა ხულოს გამგეობამ, რათა მოსახლეობას პირუტყვის იალაღზე გადაყვანა შეძლებოდა? ადგილობრივმა მოსახლეობამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბეშუმში პირუტყვის გადაყვანა. რაც შეეხება კურორტს – აქ სეზონი ოფიციალურად 5 ივლისს იხსნება.

 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, შქერნალის ტბა ბეშუმში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მონაკვეთია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თოვლი საგანგებოდ არ გაიწმინდა ტექნიკით, ტბის ტერიტორიამდე ტრანსპორტით ვერ მიაღწევ. შესაბამისად, აპრილში, როცა მსხვერპლი ბეშუმში აღმოჩნდა, იქ ადამიანები არ იყვნენ. რა განზრახვა შეიძლება ამოძრავებდეს ადამიანს, როცა დაცარიელებულ მთაში მიდის? – ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ის, რომ მსხვერპლს აჭარის მთებიდან არალეგალურად უნდოდა თურქეთში გადასვლა. გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს.

ბეშუმში ნაპოვნ გარდაცვლილი ქალის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ ბათუმის მერია დაკრძალავს, როგორც უპატრონო მიცვალებულს. მისი საფლავი #14 იქნება
ბეშუმში ნაპოვნ გარდაცვლილი ქალის ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ ბათუმის მერია დაკრძალავს, როგორც უპატრონო მიცვალებულს. მისი საფლავი #14 იქნება

 

ტრეფიკინგი საქართველოში

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 19 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც წერია: „საქართველოდან ქალები სექსუალური ტრეფიკინგის მიზნით კვლავაც მიჰყავთ თურქეთში, არაბეთში, შედარებით უფრო ნაკლებად – ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ასევე, ქალები უზბეკეთიდან და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებიდანაც ჩაჰყავთ საქართველოში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონაში – ბათუმსა და გონიოში, სადაც მათ პროსტიტუციას აიძულებენ”.

 

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად, საქართველოს მაჩვენებელი ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თვალსაზრისით გაუარესდა – ქვეყანამ პირველი კალათიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა. საქართველო რჩება ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და მიმღებ ქვეყნად, წერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. – აგრეთვე წერია, რომ ბოლო წლის განმავლობაში იკლო გამოძიების რიცხვმა და ტრეფიკიორების წინააღმდეგ გამოტანილმა სასჯელმაც, ასევე ნაკლებია ტრეფიკინგის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა რაოდენობა.

 

უზბეკი გოგონები ბათუმის პოლიციის პირველ განყოფილებაში

 

წელს, 15 მარტს, პოლიციის პირველ განყოფილებას ბათუმში ორმა უზბეკმა გოგონამ მიმართა. მათ პოლიციელ ედუარდ აბესლამიძეს უამბეს, თუ როგორ მოტყუებით ჩამოიყვანეს ბათუმში და აიძულებდნენ სექსმომსახურებას. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა ბათუმში მყოფი რამდენიმე ასეული უზბეკ გოგონათაგან ვინმემ პოლიციას მიმართა დასახმარებლად. ძიება დაიწყო იძულების მუხლით. ცოტა ხნის წინ საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა.

 

აჭარის პროკურატურაში ამბობენ, რომ საბოლოოდ არც ტრეფიკინგის ფაქტი დადასტურდა და არც იძულება. შესაბამისად, არავინ დასჯილა.

 

სამართალდამცავებს არც 2012 წელს ერთ-ერთი უზბეკი გოგონას თვითმკვლელობის საქმე გამოუძიებიათ გონიოში. სოფელში ამბობდნენ, რომ გოგონა ჯერ მოკლეს და მერე ჩამოკიდეს. უზბეკი გოგონა ბათუმის მერიამ დაკრძალა, როგორც უპატრონო მიცვალებული.

 

უპატრონო მიცვალებულის სტატუსით ბათუმის მერია დაკრძალავს ბეშუმში ნაპოვნ გვამსაც. ჯერჯერობით გვამი ბათუმის პროზექტურაშია, რადგან კანონი საგამოძიებო ორგანოებს ექსპერტიზის ჩატარებას ავალდებულებს.

 

საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ტრეფიკინგის შემთხვევები თითქმის არ ფიქსირდება. შსს-დან მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე დაფიქსირებულია ტრეფიკინგის მხოლოდ ორი შემთხვევა (ერთი ნოემბერში და ერთი – თებერვალში), ორივე საქმე გაუხსნელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი