ახალი ამბები

იან კელი: აშშ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და უჩა ნანუაშვილს

18 ნოემბერი, 2017 •
იან კელი: აშშ მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და უჩა ნანუაშვილს

აშშ-ს ელჩი საქართველოში, იან კელი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის მიმართ ბოლო დროს გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს როგორც ომბუდსმენის ნსტიტუტს, ისე თავად უჩა ნანუაშვილს. იან კელის თქმით, ამერიკას იმედი აქვს, რომ აღნიშნული ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. ელჩის კომენტარის თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები, ჩვენი მთავრობა, მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები. თუმცა, იმისთვის რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე, არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მტავრობას შორის, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას”, – აღნიშნა იან კელიმ ჟურნალისტებტან საუბრისას.

უჩა ნანუაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 16 ნოემბერს გააკეთა. დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოქვეყნებული შეფასების გამო,  წულუკიანმა აღნიშნა, რომ ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია. ომბუდსმენი ასევე გააკრიტიკეს პროკურორმა და თბილისის საქალაქო სასამართლომ.

მინისტრის განცხადება უარყოფითად შეაფასეს არასამთავრობო სექტორში, სადაც მიიჩნევნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ სახალხო დამცველის კრიტიკისგან და ზიანი არ მიაყენონ ომბუდსმენის ინსტიტუტს. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში წერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი