ახალი ამბები

გიორგი ცინცაძე კალათბურთელთა პროფკავშირის შექმნას აპირებს

17 ნოემბერი, 2017 •
გიორგი ცინცაძე კალათბურთელთა პროფკავშირის შექმნას აპირებს

ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე საქართველოში მოთამაშე პროფესიონალ კალათბურთელთა კავშირის გაკეთებას აპირებს, რომელიც მოთამაშეთა უფლებებს დაიცავს. ამის შესახებ ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს განუცხადა ნეტგაზეთს.

“მე კონკრეტულად ერთ პრობლემაზე მინდა ლაპარაკი, რაც გამოსასწორებელია ქართულ კალათბურთში. მინდა გაკავეთო კალათბურთელთა პროფკავშირი, რომელიც დაიცავს მოთამაშეების უფლებებს და არ მოხდება ისეთი ფაქტები, როგორიც შარშან. ამის მერე გადავწყვიტე მოთამაშეთა კავშირის გაკეთება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მოხერხდა, სამწუხაროდ,” – ამბობს გიორგი ცინცაძე.

როგორც კალათბურთელი ამბობს, ქუთაისის საკალათბურთო კლუბში თამაშისას, საქართველოს თასის მოპოვების შემდეგ, მის გუნდს კუთვნილი საპრიზო თანხა არ მისცეს. მისი თქმით, პროფკავშირის შექმნა სწორედ ამ ფაქტის მერე გადაწყვიტა:

“შარშან ქუთაისის გუნდში ვთამაშობდი და მოვიგეთ საქართველოს თასი; დაწესებული იყო საპროზო ფონდი, რომელსაც მანამდე იღებდნენ გამარჯვებული გუნდები, თუმცა ჩვენს შემთხვევაში არ მოხერხდა ამ თანხის მიღება. ძირითადად, ამ ფაქტის გამო გადავწყვიტე პროფკავშირის შექმნა. ასევე. იმის გამო, რომ საქართველოში მოთამაშე პროფესიული კალათბურთელები იყვნენ დაუცველები და მათ არ ექცეოდათ არანაირი ყურადღება. შეიძლება, მე ვერ ვიხსენებ. ძირითადად, საქართველოში არ მიწევდა ყოფნა, მაგრამ ნამდვილად ჩახედული ვარ ქართულ კალათბურთში და, მგონია, რომ არანაირი აქტივობა ხდებოდა ამ მხრივ, ხოლო დარღვევები საკმაოდ ბევრი იყო გუნდების მიმართ, თუმცა ეს არ ეხება ფედერაციას.”

გიორგი ცინცაძის განცხადებით, პროფესიულმა კავშირმა მოთამაშეები თვითონ გუნდებისგან უნდა დაიცვას. ცინცაძის თქმით, ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელები, ამ დრომდე, სავარაუდოდ, შიო ხეცურიანთან მისი კარგი დამოკიდებულების გამო არ არეგისტრირებენ პროფკავშირს.

“სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა აქამდე პროფესიული კავშირის დარეგისტრირება იმიტომ, რომ ჩემი შიოსადმი პატივისცემისდან გამომდინარე, ალბათ, იფიქრეს, რომ არ იყო საჭირო. პირადად მე, ვერანაირ დავას დავიწყებდი ამაზე იმიტომ, რომ არ ვიცოდი ვისთან უნდა მებრძოლა. გუნდს ჰქონდა პრეტენზიები ფედერაციასთან, თუმცა ეს ამბავი დასრულდა გაურკვევლად,” – ამბობს კალათბურთელი.

როგორც გიორგი ცინცაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ამ ეტაპზე მუხლის ტრავმა აქვს და ამიტომ ვერ ვახერხებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს, თუმცა, მისი თქმით, დაზიანება არ არის სერიოზული და სადღაც ერთი თვის შემდეგ შევძლებ მოედანზე დაბრუნებას: “ასე რომ, უკვე თებერვალში, ალბათ, ნაკრებშიც ვითამაშებ, თუ გამომიძახებენ.”

გიორგი ცინცაძე. ფოტო: CC

დღეს, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, შიო ხეცურიანმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ ბრიფინგი გამართა და სამომავლო გეგმები გააცნო მედიას. სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ხეცურიანთან ერთად იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კალათბურთელი, გიორგი ცინცაძეც.

შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ დღეს ერთადერთი ნათელი წერტილი ქართულ კალათბურთში არის ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო დონის გუნდად თვითონ კალათბურთელებმა გახადეს. მისი თქმით, ქართულ კალათბურთში რამდენიმე ძირითადი პრობლემაა, რომლიც გამოსწორებასაც გეგმავს, მისი არჩევის შემთხვევაში, მათ შორის: ქალთა და ბავშვთა კალათბურთია.

როგორც ხეცურიანი ამბობს, ფედერაციაში არაერთი პროფესიონალი მუშაობს, რომლებთანაც პრეტენზიები არც აქვს. მისი თქმით, პრეტენზიები მხოლოდ იმ ჯგუფთან აქვ, რომლებიც მართავენ დღეს კალათბურთის ფედერაციას და იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს.

შიო ხეცურიანი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ პროგრამას და განვითარების სტრატეგიას, რომელიც მისმა გუნდმა შეიმუშავა, უახლოეს მომავალში გააცნობს საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი