პირველი ინფორმაცია ციხიდან წამებაზე

გალში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული მალხაზ არქანია სამართალდამცავებმა 2011 წლის 5 თებერვალს სოფელ რუხში დააკავეს. 2011 წლის 22 ივნისს პატიმარმა ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის წარმომადგენელს, სადაც დეტალურად აღწერდა განხორციელებული ძალადობისა და წამების ფაქტებს, რომლებსც ადგილი ჰქონდა მისი დაკავებისას და შემდგომ უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში როგორც მის მიმართ, ასევე სხვა პატიმრის მიმართ.

„ერთ-ერთ ოთახში, სადაც გაგრძელდა ჩემი ცემა, მუქარა, ისინი ასევე მაფურთხებდნენ, მირტყამდნენ თირკმლების არეში, რის გამოც გავხდი ცუდად და დავკარგე გონება.

ამიყვანეს დირექტორის კაბინეტში, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ  ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით.

განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულთან არანაირი შეხება არ მქონდა, რაზედაც მან ჩემთვის უცნობ ორ პირს უთხრა, რომ ჩაიყვანეთ კარანტინშიო.

ჩაყვანისას ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც ჩანდა, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. მეუბნებოდნენ ,კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა, თან მეუბნებოდნენ, თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, იმავეს მიზამდნენ. ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა და მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება. თავის გადასარჩენად ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ. მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული. აღნიშნული ნაწერი აუტანეს მეგის ქარდავას და ცოტა ხანში მეც ამიყვანეს. მეგის ქარდავა კითხულობდა ჩემს ჩვენებას და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისის ახლდა, იმან ძალით, ცემაში შემაჭამა ის ნაწერი. მერე ეუბნება, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და „მოტ…თ, მაგის დედა ვატირეო.

ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და დახურეს. ამის შემდეგ იხსნება ტუალეტის კარები და გამოდის ორი მასკიანი მამამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე გავუწიე წინააღმდეგობა, ერთი ეუბნება მეორეს, რომ წესიერად დამიკავეთო, ეს ნაბიჭვარი უნდა მოიტ…ო.  უცებ გაიხსნა “კარმუშკა”, საიდანაც იხედებოდა ორი პირი, ვინც ახლდა მეგის ქარდავას და მიღებდნენ სურათებს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი და ერთი მეორეს ეუბნებოდნენ, ჯერ პირში მ… და მერე მოვტ…ო. მე დავიწყე თავის დარტყმა ბეტონზე, ამ დროს შემოვარდა გარეთ მყოფი ის ორი პირი, ერთ-ერთმა ფეხი დამადო თავზე, რომ არ ამეწია, ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი, მეორე პირმა მომადო თავისი სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათები. ქარდავას თანმხლებმა პირებმა მითხრეს, თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ ფოტოებს დადებდნენ ინტერნეტში. გაუპატიურების და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი ჩვენება, რომელიც დამაწერინეს მოწმის სახით“.

– ეს ციტატები მხოლოდ ნაწილია იმ ვრცელი ახსნა-განმარტებიდან, რომელიც პატიმარმა ომბუდსმენის წარმომადგენელს სასჯელაღსრულების #8  დაწესებულებაში მისცა. თუმცა ომბუდსმენს ამ ახსნა-განმარტებაზე რეაგირება არ ჰქონია და გამოძიებისთვის არ გადაუგზავნია, რადგან მეორე დღეს, 2011 წლის 23 ივნისს,  სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმის მიხედვით, პატიმარს აღარ სურდა მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე რეაგირება, „რადგან მის მიერ მითითებული დამნაშავე პირები უარესს უზამენ. ეშინია შურისძიების“.  

მაშინდელმა ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა მოგვიანებით ამაზე ინფორმაცია გაავრცელა და განმარტა, რომ რეაგირება არ მისცა ამ ახსნა-განმარტებას, რადგან ეს პატიმარს არ სურდა. პატიმრის მონათხრობი მაინც გაავრცელა ადვოკატმა ლექსო არქანიამ, რომელსაც ომბუდსმენის ოფისმა, პატიმრისვე თხოვნით, ახსნა-განმარტება გადასცა.

ამის შემდეგ პატიმრის მონახულების შესაძლებლობა აღარც ადვოკატს ჰქონდა, რადგან პატიმარმა უარი უთხრა მას დაცვის უფლებაზე.

მეორე ახსნა-განმარტება


2012 წლის 26 სექტემბერს მალხაზ არქანიამ სახალხო დამცველს მეორედ მისცა ახსნა-განმარტება, რომლითაც ცნობილი ხდება, თუ რატომ განაცხადა მაშინ პატიმარმა, რომ არ ჰქონოდა ომბუდსმენის ოფისს რეაგირება და რატომ მისცა აცილება ადვოკატს:

„იმავე დღეს, 22 ივნისს,[როცა ომბუდსმენის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტება მისცა]  ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც დამხვდნენ #8 დაწესებულების მაშინდელი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, უსაფრთხოების უფროსი ვიქტორ ყაჭეიშვილი და ადმინისტრაციის თანამშრომელი ბესიკ მელაძე, რომლებმაც სასტიკად მცემეს და გამაფრთხილეს, რომ თუ სახალხო დამცველის რწმუნებულს არ ვეტყოდი, რომ ყველაფერი მოვიტყუე, ისინი სასტიკად გამისწორდებოდნენ“.

არქანია ახსნა-განმარტებაში წერს, რომ მას დაემუქრნენ გაუპატიურებით, ასევე დაემუქრნენ, რომ დაიჭერდნენ მისი ოჯახის წევრებს – დას, მეუღლეს და შვილს, რომელიც 6 წლის იყო, ასევე, ადვოკატს, რომელსაც მის თვალწინ გაუპატიურებითაც დაემუქრნენ.

ამ ახსნა-განმარტებაში პატიმარი დეტალურად აღწერს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას და პირებს, სახელებისა და გვარების ჩათვლით, რომლებიც მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და სთხოვს მაშინდელ სახალხო დამცველს ტატიანა ხუნწარიას, რომ ორივე ახსნა-განმარტება გადააგზავნოს პროკურატურაში.

გამოძიება და ხელისუფლების უმოქმედობა

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე 2012 წლის ოქტომბერში თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. გამოძიება მიმდინარეობს ზუგდიდის პროკურატურაშიც, რომელიც ასევე დასრულებული არ არის. დღემდე მალხაზ არქანია გამოძიებას დაზარალებულად არ უცნია და დღემდე არ არიან ბრალდებული პირები. საქმის გამოძიება კი ამ დრომდე თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს, რაც დაზარალებული მხარის მთავარი პრეტენზიებია გამოძიებისა და ხელისუფლების მიმართ.

ადვოკატმა ლექსო არქანიამ 2013 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს და მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს საჩივარი გაუგზავნა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიუღია.

საჩივარში ადვოკატის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ თბილისის პროკურატურამ დროულად, გაჭიანურების გარეშე აწარმოოს მალხაზ არქანიას საქმის გამოძიება, თუმცა მას დღემდე არც ერთი ადრესატისგან პასუხი არ მიუღია და საქმეც გამოუძიებელია.

„თუ წინა ხელისუფლება და რეჟიმი პატიმრებს აუპატიურებდა, დღევანდელი ხელისუფლება უმოქმედობით აკეთებს ამას. ძალიან ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამოძიებით გამოვლენილი პირები დასაჯონ“, -აცხადებს ადვოკატი ლექსო არქანია.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე აცხადებს, რომ არქანიას საქმის გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და როგორც კი დასრულდება, საზოგადოებას აცნობებენ.  „ბათუმელების“ კითხვას, თუ რატომ არ არის აქამდე დასრულებული გამოძიება, იგი პასუხობს: „გამოძიება ხანდახან 10 წელი მიმდინარეობს და 11, ეს არც ისე დიდი ხანია გამოძიებისთვის. თუ არ იქნა მტკიცებულებები, თუ არ იქნა ერთობლიობა მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენება არ არის პრიორიტეტი გამოძიებისთვის. ჩვენება არის იმ შემთხვევაში, თუ არის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ამიტომ გამოძიებას, როცა გვინდა საქმე იყოს ნორმალურად გამოძიებული, სჭირდება ვადა“.

„ბათუმელები“ ესაუბრა თბილისის პროკურატურის ანტიკორუფციული საგამოძიებო სამსახურის უფროს გამომძიებელ ზურაბ სამხარაძეს, რომელიც აღნიშნულ საქმეს იძიებს. მისი თქმით, გამოძიება თითქმის დასრულებულია და უახლოეს ხანში გადაწყვეტილება იქნება მიღებული. სხვა დეტალებზე, მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

ლექსო არქანია
ლექსო არქანია

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ვერ დასრულდა გამოძიება აქამდე, რადგან  მისი თქმით, მალხაზ არქანიამ ორი პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს, ამოიცნო, ხოლო მეორე ამოსაცნობად არ წარუდგინეს, იმის მიუხედავად, რომ მხარემ დაადგინა მისი ვინაობა და გამოძიებას მიაწოდა. ორივე პირი დაკავებულია ბრალდებულ სერგო თეთრაძის საქმეზე, თუმცა მათ არქანიასთან დაკავშირებით ბრალი წარდგენილი არ აქვთ.  ადვოკატის ცნობით, ორივემ აღიარა დანაშაული მალხაზ არქანიაში საქმეში, თუმცა ამ დრომდე ბრალი წარდგენილი არ აქვთ.

„მალხაზ არქანიას ველაპარაკე თქვენთან ინტერვიუმდე,  ამ ვიზიტის შესახებ იცოდა და მთხოვა, ჩემი სახელით განაცხადი გააკეთე, სანამ მე აღვასრულებ სამართალს, ვთხოვ პროკურატურას, თვითონ აღასრულოს სამართალი და თვითონ დასაჯონ ის პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ჩემზე ზეწოლასო“, –  ამბობს ადვოკატი.

ლაშა ყოლბაია

„თუ არ იქნებიან ის პირები დასჯილი, როცა შემხვდება მე ლაშა ყოლბაია, როცა შემხვდება მერაბ შენგელია, გამომძიებლები, რომლებიც ჩემ მიმართ ახორციელებდნენ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მე ფსიქოლოგიური მდგომარეობა არა მაქვს ისეთი, რომ ჩემს მოქმედებებზე პასუხი ვაგო“, – ამბობს ადვოკატის პირით მალხაზ არქანია.

მეგის ქარდავასთან ერთად ლაშა ყოლბაიას თავის ახსნა-განმარტებებში არაერთხელ ახსენებს ყოფილი პატიმარი:

„მოდის ჩემთან გამომძიებელი (ზუგდიდის სამხარეოს გამომძიებელი), ლაშა ყოლბაია, რომელმაც მომთხოვა მისი ხელით დაწერილ ჩვენებაზე იძულებით ხელის მოწერა, რაზედაც მე უარი განვაცხადე. ამის შემდეგ ალეკო მუხაძე, რომელმაც ცხვირის არეში ჩამარტყა რაცია და მითხრა, რომ შეეშვი ტრაკის თამაშს და გავიდა ოთახიდან, რის შემდეგ მე ისევ უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, ამის შემდეგ ლაშა ყოლბაიამ ისევ დაუძახა ალეკოს და ვიქტორს, რომლებსაც უთხრა, რომ არ ვაწერდი ხელს ჩვენებაზე, რის შემდეგაც რამდენჯერმე ჩამიყვანეს კარანტინში, სადაც სასტიკად გამისწორდნენ, ამის შემდეგ იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა“.

მალხაზ არქანიას და, ნინო არქანია ამბობს, რომ როცა გამოძიებამ თბილისში დაკითხა მალხაზის საქმეზე, იმედი მიეცა, რომ დამნაშავე პირები დაისჯებოდნენ და ლაშა ყოლბაიას დაურეკა:

„ვუთხარი,  რომ როგორც იქნა სამართლიანობა აღსდგა და დანაშაულზე, რომელსაც თვითონ ჩადიოდნენ, აუცილებლად აგებდნენ პასუხს. განერვიულებული ადამიანის პოზიცია იყო იმ დროს. იოცნებე, იოცნებე, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო. ზუსტად ეგ იყო მაგის სიტყვები. როგორც ჩანს, მაშინაც ჰქონდა მაგის იმედი, რომ თავის ადგილას დარჩებოდა. მე მიკვირს, რაში ადგება სახელმწიფოს ასეთი გამომძიებელი“, – ამბობს ნინო არქანია.

„ბათუმელები“ ზუგდიდში ტელეფონით დაუკავშირდა ლაშა ყოლბაიას, რომელმაც დაადასტურა, რომ დღემდე მუშაობს შსს-ს გამომძიებლად ზუგდიდში, თუმცა მალხაზ არქანიასთან დაკავშირებულ კითხვებს და მხარის ბრალდებებს მან არ უპასუხა.  უცნობია, დაკითხა თუ არა იგი გამოძიებამ.

მალხაზ არქანია 2013 წლის იანვარში გათავისუფლდა პატიმრობიდან ამნისტიის შედეგად.  რეაბილიტაციის კურსს ის „ემპათიაში“ გადის, რომელმაც მისი პატიმრობის დროს, 2012 წლის ოქტომბერში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა და სამედიცინო ექსპერტიზა მოამზადა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *