ახალი ამბები

რა შეიცვალა საგანელიძის რიტორიკაში 17 მაისის განცხადებისთვის პრემიერის შენიშვნის შემდეგ

4 ივლისი, 2013 • • 906
რა შეიცვალა საგანელიძის რიტორიკაში 17 მაისის განცხადებისთვის პრემიერის შენიშვნის შემდეგ

როგორც საგანელიძემ დღეს, 4 ივლისს “ფრონტნიუსის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე “ნეტგაზეთის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მან საყვედურიც მიიღო:

“17 მაისს მე ვუყურებდი კადრებს, რაც ხდებოდა [რუსთაველის გამზირზე] და ვიყავი ძალიან დაძაბული იმით, რომ ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა სერიოზული პრობლემები, უბედურებაც კი. უბედურებას მე ვეძახი იმას, როცა ერთი ქართველი მეორე ქართველზე ხელს ასწევს და ფიზიკურ დაზიანებას მიაყენებს, ეს ტალღა რომ იქით წასულიყო, რა მოხდებოდა, კაცმა არ იცის. ჩემს ქვეყანაში ასეთი ბევრი უბედურება მაქვს გავლილი. ყველაფერი მაქვს ნანახი, 50 წელს გადავცილდი უკვე, მე ვხედავდი, რა შეიძლება მომხდარიყო. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ არა სამართალდამცველი სტრუქტურების, კერძოდ, შს სამინისტროს ძალიან მაღალპროფესიული მოქმედება იმ დღეს, იქ მართლა ძალიან დიდი უბედურება მოხდებოდა. მე მაშინ, იმ დღეს 12:00 თუ 15:00- საათიან გამოშვებაში მართლაც ძალიან დაძაბულმა და აღშფოთებულმა ვთქვი, რომ – “ამ ორგანიზაციას… წავიდეს სახლში, დაანებოს რუსთაველზე დროშების ფრიალს თავი, თუ ინტერესები აქვს, სხვაგან, სხვა სიტუაციაში ჩაატაროს, ნუ მიიყვანენ ქვეყანას ასეთ სიტუაციამდე” – ეს იყო ჩემი სიტყვები, რაც მე ვთვქი, მართლაც ძალიან… მეორე დღეს, თუ იმავე საღამოს მე, როდესაც ქუთაისიდან თბილისში ჩამოვედი, პრემიერთან მქონდა შეხვედრა და მან მართლა მითხრა, რომ დათო, აი, შენს მიმართ ჰქონდათ კითხვები, მე არ მინახავს, მაგრამ ყოფილხარ ძალიან ისეთი… ტონი და პათოსი იყო ძალიან… და რაშია საქმეო. მე სიტუაცია ავუხსენი და ვუთხარი, რომ ამ კადრების შემდეგ ვიყავი მართლაც ძალიან აღელვებული იმიტომ, რომ ვგრძნობდი: იქ შეიძლება ბარიერი დარღვეულიყო და ქვეყანაში მომხდარიყო უბედურება და შეიძლება, რომ მე მართლა ძალიან… მან მითხრა, რომ კარგი იქნება, თუ ამას საზოგადოებას ეტყვიო. მე მართლაც იმავე საღამის ვთქვი ის, რასაც არაერთხელ ვამბობ, რომ მე ვარ ყველანაირი ადამიანის უფლებების დამცველი, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი აზრის გამოთქმის უფლება, თავიანთი პოზიციის დაფიქსირების უფლება, ადამიანებს რაც უნდათ ის უკეთებიათ, მაგრამ არის მეორე: ადამიანი ნუ იჭრება ჩემ ცხოვრებაში, ნუ შემოდის ჩემი ცხოვრების წესში, ნუ ახდენს ზემოქმედებას ჩემ შვილებზე… მე ერთი შვილი ორი წლის მყავს, მეორე – ერთის… ნამდვილად მინდა გაიზარდონ ისეთი, როგორიც ბებიაჩემმა და ბაბუაჩემმა მე გამზარდეს, ნურავინ ნუ მოახდენს ჩემს გარდა ჩემს შვილებზე ზემოქმედებას. იცხოვრე შენი წესებით, ღმერთმა გაგიმარჯოს, კარგად იყავი. არავინ არაფერს არ გიშლის. მეორე, ხედავ, რომ ასეთი სიტუაციაა, გაეცალე ცოტა ხანი, რადგან შენ ამ ქმედებას შეიძლება სერიოზული დაპირისპირება მოჰყვეს და უმართავ სიტუაციაში გადავიდეს. მე ეს ვთქვი აბსოლუტურად მშვიდად და წყნარად უკვე მერე. ეს იყო ჩემი რიტორიკის და ტონალობის გარკვეულად შეცვლა. ამაზე მე მივიღე კიდეც საყვედური მაშინ”, – აღნიშნა საგანელიძემ და დასძინა, რომ იგი თავის პირველ განცხადებაში საბოდიშოს ვერ ახლაც ვერ ხედავს რამეს: “რა მაქვს საბოდიშო?”

 

უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, მას თავის არც ერთ განცხადებაში არ უთქვამს, რომ ლგბტ თემს ან უფლებადამცველბს შეკრებისა და მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეთ.

 

“მე როდის ვთქვი, რომ [შეკრების უფლება] არ აქვთ? მაგრამ  ერთ რამეს გეტყვით: მე და თქვენ ახლა ვართ აქ, მაგრამ ჩვენ თუ ვიცით, რომ ჩვენი აქ შეკრებით აღმოჩნდება, რომ ამ კორპუსის მაცხოვრებლები ისე აღელდნენ, რომ შეიძლება ჩვენ რომ გავალთ, რაღაც უბედურება მოხდეს, დაანგრიონ და დაამტვრიონ… მოდით და გავიდეთ იქით მხარეს და ნუ შევაწუხებთ, რა არის ამაში ცუდი?” – აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საგანელიძის მიერ 17 მაისის თემაზე გაკეთებული განცხადების კომენტირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე “ნეტგაზეთმა” სთხოვა. პრემიერმა კი განაცხადა, რომ საგანელიძეს საბოდიშო არაფერი აქვს:

“ვიცი ეს განცხადება, მოსმენილიც მაქვს და შენიშვნაც მივეცი მას საბჭოზე. მას საბოდიშო არაფერი უთქვამს, რომ ბოდიში მოეხადა. მან დააზუსტა თავისი გამონათქვამი. მისი განცხადება იყო არაკორექტორული,”- განაცხადა ივანიშვილმა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.  

 

ამ საკითხზე ერთ–ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დღეს დავით საგანელიძესაც დაუსვა. იგი დაინტერესდა უმრავლესობის ლიდერის მოსაზრებით, ღირდა თუ არა 17 მაისის თემის გამო პრესკონფერენციაზე ივანიშვილისთვის კითხვის დასმა:

 

“არის რაღაც დადგმული სერიალი დათო საგანელიძეს წინააღმდეგ, რომელსაც გარკვეული ჟურნალისტები ასრულებენ. საიდან მოდის ეს წყარო, როგორ და რანაირად,  ამაზე არ ვისაუბრებ, ეს მათი მორალის და ჟურნალისტური ეთიკის თემაა და [არც იმაზე ვისაუბრებ] საერთოდ ასეთი ადამიანები ჟურნალისტები რამდენად უნდა იყვნენ. ძალიან ბევრი თემა იყო საინტერესო, რაზეც შეიძლებოდა პრემიერთან საუბარი და ახლა 2 თვის წინანდელი საკითხის, მე რა დავწერე და როგორ, ამის 195–ედ წამოწევა, რა თქმა უნდა, არ ემსახურებოდა მის ინტერესს, თუ აინტერესებდათ, მე ღია ვარ ყველასთვის, აქ ყოფილიყვნენ და აქ დაესვათ ეს კითხვა ჩემთვის,  პრემიერი რომ არ მოეცდინათ”, – განაცხადა საგანელიძემ დღეს, 4 ივლისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი