ახალი ამბები

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთი წევრი ტოვებს

4 ივლისი, 2013 • 1662
საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ ერთი წევრი ტოვებს

“ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის ავადსახსენებელი კადრებია, სადაც სადიზმზე და ათას რაღაცაზეა საუბარი, უკვე ორი კვირაა მე ამ გადაწყვეტილებაზე ვფიქრობდი და ამის დამაგვირგვინებელი გახდა კოკი იონათამიშვილის შესახებ პირადი წერილის გამოქვეყნება. ამის შემდეგ უკვე მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც გადავწყვიტე, რომ გამოვსულიყავი ფრაქციიდან, რადგან პირადი, გინდა კადრების და გინდა წერილების გამოქვეყნება ჩემთვის მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის რიგებში უმრავლესობა არის და ყოველთვის იყო ქვეყნის შენებისათვის და განვითარებისთვის მოწოდებული, მაგრამ ყოფილან ადამიანები, ვინც ამის საპირისპიროს აკეთებდა. არ მინდა, რომ ასოცირება მქონდეს მათთან და დანარჩენი ჩემი მეგობრები რას გადაწყვეტენ, ეს მათი საქმეა”, – აცხადებს დავით წერეთელი.

 

დავით წერეთელი
დავით წერეთელი

მისივე თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ რომელიმე სხვა პარტიას შეუერთდეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიუღია:

 

“კონსულტაციებს გავივლი, იქითაც ჩემი მეგობრები არიან, თუ ჩვენი აზრები დაემთხვა, ყველა არა, მაგრამ ისეთი მიმართულებით, რომელიც ჩემი, როგორც პიროვნების და საქართველოს მოქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაშინ შეიძლება გავერთიანდე მათთან ერთად”, – აცხადებს დავით წერეთელი. ის საკრებულოში დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ რჩება.

 

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 1 ივლისს კოკი იონათამიშვილმა დატოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერილი, რომლის თანამხმადაც კოკი იონათამიშვილი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კომპანია შპს საბურთალო 2007–ში კუთვნილი 2 პროცენტის გასხვისებაში დახმარებას სთხოვს და წილის გასხვისების სანაცვლოდ 100 ათასი დოლარის მიღება სურს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი