Interviewsახალი ამბები

პრობლემის მოგვარებას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და არა დედოლარიზაცია-ირაკლი ყიფიანი

15 ნოემბერი, 2017 • 2669
პრობლემის მოგვარებას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და არა დედოლარიზაცია-ირაკლი  ყიფიანი

იმაზე, თუ რამ განაპირობა ლარის გაუფასურება და რამდენად რეალურად დგას დღესდღეობით ინფლაციის ზრდის საფრთხე, ნეტგაზეთის კითხვებს, ეკონომისტმა, ირაკლი ყიფიანმა უპასუხა:

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორების ქცევამ განაპირობა ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება, მანამდე ფინანსთა სამინისტროს მოადგილეებმა ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, რომ ლარის მოკლევადიანი რყევა ბაზრის მოთამაშეების ქცევამ განაპირობა და ამ მოთამაშეებს შორის მანაც ბიზნესი დაასახელა ძირითად აქტორად, რამაც ეს რყევა გამოიწვია. თქვენ როგორ შეაფასებთ ხელისუფლების წარმომადგენლების ამ დასკვნებს? 

ვაჭრობით გამოწვეულ დოლარზე მოთხოვნაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკისთვის. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია ჩემთვის, რომ შევხედო და შევაფსოთ ეს არგუმენტი. მაგრამ მოლოდინები მაქვს, რომ მთავარი ფაქტორი, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას, არის ბაზარზე შექმნილი აჟიტოაჟი, კერძოდ, გარკვეული მოლოდინები: ბიზნესი ფიქრობს, რომ შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს ლარი. შესაბამისად, იმ თანხებს, რითაც უნდა განახორიცელოს იმპორტი, უკეთებს კონვერტაციას. ეს ქმნის გაუფასურებას კიდევ უფრო მეტად. აქ მინდა ხაზი გავუსვა რისკებს. ეს ყველაზე მეტად რისკის მატარებელია იმიტომ, რომ თუ ამ ადამიანებმა უკვე ამ კურსით დაიწყეს გადაკონვერტირება ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტაში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას იმიტომ, რომ მათ გაუძვირდათ პროდუქტის შემოტანა ბაზარზე, რაც აისახება ფასებში.

ეს რომ ფასებში აისახება, ამის შემდეგ ინფლაციური პროცესების თავიდან ასცილებლად, ეროვნულ ბანკს მოუწევს რეფინანსერების განაკვეთის გაზრდა ან შენარჩუნება. ამ პოლიტიკით ვიღებთ იმას, რომ გარკვეულწილად უარს ვამბობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთი პირდაპირ ნიშნავს ქვეყანაში ლარის გაძვირებას, როდესაც კომერციული ბანკები სესხულობენ ამ თანხას ეროვნული ბანკიდან. ეს ყველაფერი არის ერთმანეთთან კავშირში. ხელისუფლებამ რომ იძახოს, რომ ეს არის მოლოდინების ბრალი, კი, ამ ეტაპზე ეს ასეა, მაგრამ მოლოდინები რომ ამ მასშტაბით აუფასურებს ლარს, ეს უკვე არის ქვეყნის არასწორი პოლიტიკის ბრალი, რაც წლების განმავლობაში ხდება. შესაბამისად, ქვეყანაში რომ შემოდიოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ინვესტიცია, ქვეყანაში რომ ხდებოდეს რეალური სექტორის გაჯანსაღება, ამ ტიპის რყევას მოლოდინები ვერ განაპირობებდა. ფაქტობრივად, დღითიდღე ლარი რამდენიმე პუნქტით უფასურდება. ეს  ნიშნავს, რომ პოლიტიკა სუსტია, თუნდაც, მოლოდინებთან მიმართებაში.

ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ლარის გაუფასურების პროცესის შესაჩერებლად ეროვნული ბანკი იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ ინფლაციის საფრთხე შეიქმნება. თქვენი შეფასებით, არის თუ არა უკვე ეს საფრთხე  სახეზე?

მე განცდა მაქვს, რომ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური და ეროვნულ ბანკს მოუწევს რეფინანსირების გაზრდა ან შენარჩუნება. თუ დღეს ჭარბი მოთხოვნა არის უცხოურ ვალუტაზე, ეს იმას ნიშნავს,  რომ იმპორტიორი კომპანიები ყიდულობენ… მაგალითად, 100 დოლარის გადასახდელად უფრო მეტს ლარს იხდიან. შესაბამისად, შემოტანილი პროდუქცია უკვე იქნება  ძვირი იმიტომ, რომ ეს სავალუტო რისკი ასახვას პოულობს ფასებში. რადგან ასეთი ტემპით უფასურდება, მე განცდა მაქვს, რომ ეს უკვე   მასიურად ხდება და ის არგუმენტი, რომ კონკურენცია ჩამოიყვანს ქვემოთ, არა მგონია, სწორი იყოს იმიტომ, რომ ეს ფასების ზრდას მაინც მოახდენს.

ინფლაციის რეალური საფრთხე რომ დადგეს, რაც  უკვე ჩანს დღეს, ეროვნულ ბანკს შესაბამისი ინსტრუმენტი ხელთ უჭირავს. თუ ის დაინახავს, რომ ინფლაციის საფრთხე დადგება ქვეყანაში, უბრალოდ, რეფინანსირების განაკვეთს ან  გაზრდის, ან შეინარჩუნებს. ნებისმიერი ინფლაციის საფრთხის შემთხვევაში, გონივრული ქმედების შესაძლებლობა აქვს. ოღონდ ეს მოქმედება, რასაც ბანკი გააკეთებს (რეფინანსირების განაკვეთის ზრდას ან შენარჩუნებას), ეს პირდაპირ ნიშნავს ეკონომიკის ზრდის ტემპებზე უარის თქმას იმიტომ, რომ რეფინანსირების განაკვეთი, მარტივად რომ ვთქვათ, გზაა, რითაც ეროვნული ბანკი თანხას აძლევს კომერციულ ბანკებს. შესაბამისად, თუ რეფინანსირების განაკვეთის  პროცენტი არის გაზრდილი, ეს  ნიშნავს, რომ ბანკებისთვის ლარის რესურსი არის გაძვირებული. ლარის რესურსის გაძვირება ნიშნავს, რომ ნაკლებ ადამიანს მოუნდება ბიზნესსესხის აღება, ნაკლებად მოუნდება ბიზნესს სესხი, ნიშნავს, რომ ნაკლებად განვითარდება ბიზნესი. ამ დილემის წინაშვე ვდგავართ.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, რეაგირებაში შეიძლება მოიაზრებოდეს ისიც, რომ ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. არის ეს გამოსავალი? სხვა რა ღონისძიებას შეიძლება მიმართოს ეროვნულმა ბანკმა?

წარმოიდგინეთ, მონეტარული, ანუ იგივე რეფინანსირების განაკვეთი რომ გაიზარდოს, ამის შემდეგ დაიწყებს ბიზნესი ფიქრს, აიღოს  სესხი, თუ არ აიღოს. ეს  გზა რამდენიმე თვეში მოგცემს იმ შედეგს, რაც გვინდა. ოღონდ ეს ცუდად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე იმიტომ, რომ ლარი იზრდება ,ანუ ეროვნული ბანკი ეუბნება ბანკებს, რომ მე ლარის რესურსს გასესხებ ძვირად. კომერციულმა ბანკმა ხომ უნდა გაასესხოს, თუ ძვირად ისესხებს თავიდან, ხომ უფრო ძვირადაც გაასესხებენ ბანკები. ადამიანებს უფრო მეტად მოუნდებათ დაგროვება, შესაბამისად, დეპოზიტების პროცენტიც გაიზრდება. დაგროვება უფრო მიმზიდველი გახდება, ვიდრე დახარჯვა. თუ ნაკლებმა ადამიანმა ხარჯა ფული, ეკონომიკის ზრდაც იქნება სუსტი.
რაც შეეხება, სხვა რა ღონისძიებებს შეიძლება მიმართოს ეროვნულმა ბანკმა, მე მგონი, ამ ეტაპზე, არანაირს. მათი განცხადება იყო მნიშვნელოვანი. ისინი, ფაქტობრივად, ამბობენ, რომ ეს ფაქტორი უკავშირდება მოლოდინებს. ახლა რომ თქვას ვინმემ, რომ ამ ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიტანოს რეზერვები და გაყიდოს და შემდეგ დაიწყოს შევსება, როცა დასტაბილურდება, ესეც მცდარი მგონია იმიტომ, რომ შემდეგი წლების გნამავლობაში ეს ცუდი პრეცედენტი იქნება, რომ ბიზნესის მოლოდინების სამართავად ეროვნული ბანკი გაყიდის რეზერვებს, ცუდი  პრაქტიკა იქნება. ამ  ეტაპზე, ჩემი აზრით, ის, სადაც ვართ, ძალიან ცუდი არის, მაგრამ სხვა მყისიერი ინსტრუმენტი  არ არსებობს. ვამბობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რეზერვები, მაგრამ არ ვეთანხმები მათ გამოყენებას.

დღეს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ბლუმბერგის სისტემაში საქართველოდან მონაწილე სუბიექტების შესახებ ინფორმაცია და იქვე მიუთითა, რომ ბანკების მაღალ შემოსავლებს და, შესაბამისად, მათ აქტიურობას ბლუმბერგის სისტემაში განაპირობებს დოლარიზაციის მაღალი დონე საქართველოში და გამოსავალს ისინი ხედავენ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირებაში. ამ კუთხით მთავრობამ შარშან უკვე გადადგა ნაბიჯები, როცა ლარიზაციის პროგრამა განახორციელა, თუმცა ვხედავთ, რომ ამან ეფექტი ვერ გამოიღო, ევროსთან მიმართებაში ლარის გაუფასურებამ დღეს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. თქვენ როგორ ფიქრობთ, საერთოდ, უნდა მოხდეს თუ არა დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება და როგორ?

აბსურდია. მთავრობის პოლიტიკა დედოლარიზაციასთან მიმართებაში და ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის მცდარი. დოლარი იმიტომ კი არ არის პოპულარული, რომ ლამაზია, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტ სანდოობას იწვევს. როდესაც შენი ეკონომიკა განვითარებული არ არის და ჩვენ  ვართ იმპორტიორი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივი მოთხოვნა გვაქვს, რომ გვქონდეს უცხოური ვალუტა იმიტომ, რომ უცხოური ვალუტით ვახდენთ შესყიდვას უცხოური პროდუქციის საქართველოში. პრობლემის მოგვარებას სჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღება და არა დედოლარიზაცია. დედოლარიზაციის ნაწილში, რასაც ამბობს ეროვნული ბანკი, არის, რომ სესხები აიღოს ხალხმა ლარში. რას ამბობს, ნახეთ, იმას კი არ ეუბნება ხალხს, რომ სტაბილური  ვალუტა გექნებათ გრძელვადიან პერსპექტივაშიო, ეუბნება, რომ  გაუფასურების შემთხვევაში, აღარ ინერვიულებთ, თუ სესხები გექნებათ ლარშიო. მაგრამ როდესაც გაუფასურება ხდება ეროვნული ვალუტის, ურტყამს ბიზნესს. ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ, ჩვენ დოლარი გვჭირდება.

დედოლარიზაციის მაჩვენებელი არის ბუნებრივი წონასწორობა და დედოლარიზაციის მაჩვენებელი რაც არის, მივიდეთ და ქარის წისქვილებს ვებრძოლოთ ,არის არასწორი. ეკონომიკა უნდა იყოს ჯანსაღი, წარმოება უნდა იყოს განვითარებული, რეალური სექტორი უნდა მუშაობდეს. რომ ავიღოთ გარშემო ყველაფერი, ფაქტობრივად, არის იმპორტირებული და დოლარით ნაყიდი,  მე როგორ უნდა შევამცირო დოლარზე მოთხოვნა? იმ კომპანიებს ხომ დოლარი სჭირდება. მე არ მიმაჩნია, რომ დოლარიზაციის მაჩვენებლის შემცირება ქვეყნის პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს.  ჩვენი ამოცანა უნდა  იყოს, რომ ყველანაირი ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რომ გვქონდეს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და გვქონდეს ზრდა, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური სექტორის განვითარებაზე, სერვისების განვითარებაზე. ამაზე ორიენტირებული ეკონომიკა უნდა გვქონდეს, რაც ავტომატურად მოხსნის ყველა იმ პრობლემას, რასაც ისინი  ცდილობენ, რომ უმკურნალონ.

ბანკის ინსტრუმენტებში იგულისხმება, მაგალითად, საგასადახო ლიბერალიზაცია. მაგალითად, ესტონური მოდელი რომ გამოიყენეს, აქციზის გადასახადები გაზარდეს, რამაც რეფინანსირების განაკვეთი გაამკაცრა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდის შენელება. არადა, ესტონური მოდელი იმიტომ გავაკეთეთ, რომ ზრდა გაზრდილიყო. ანუ თუ ეს მოდელი მივიღეთ, უნდა გვეფიქრა ბიუროკრატიული ხარჯების მინიმიზაციაზეც. ის თანხები, რაც გამოთავისუფლდა, უნდა  დაებალანსებინა ბიუროკრატიულიდან გამოსულ თანხებს. გარდა ამისა, აუცილებელია, სასამართლო იყოს მოწესრიგებული. საკუთრების უფლებით, ჩვენი ქვეყანა არის 50-ე ადგილზე, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა არაფერი გაგაჩნია, ინვესტორს იმასაც ვერ ჰპირდები, რომ საკუთრება იქნება დაცული. კიდევ შეიძლება ინფრასტრუქტურული პროექტებიც დასახელდეს, რომელზეც არიან მეტ-ნაკლებად  გადართული და ეს კარგია. აი, ამ მიმართულებით  უნდა იყოს აქტივობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი