ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია

15 ნოემბერი, 2017 • 2121
თბილისის საკრებულოს ყველა კომისიის თავმჯდომარე უმრავლესობის წევრია

დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა კომისიების ხელმძღვანელები და ფრაქციები.

“ქართულ ოცნებას” სამი ფრაქცია ეყოლება საკრებულოში: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო, “ქართული ოცნება – მრეწველები” და “ქართული ოცნება – კონსერვატორები”.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე შეიქმნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია. “ევროპული საქართველო” მომდევნო სხდომაზე შექმნის ფრაქციას, რადგან დღეს საკრებულომ მხარი დაუჭირა დავით ჟღენტისა და ელენე ოზაშვილისთვის უფლებამოსილების მინიჭებას დავით დარჩიაშვილისა და დავით ავალიანის ნაცვლად. ახლა პარტიას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს საკრებულოში, რაც არაა საკმარისი ფრაქციის შესაქმნელად.

საკრებულომ ასევე დღეს დაუჭირა მხარი ენმ-ის წევრის, მარინა დათუკიშვილისთვის უფლებამოისლების მინიჭებას.

ქონების მართვისა და საფინანსო-საბიჯეტო კომისიის თავმჯდომარედ- ირაკლი ზარქუა.

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ გიორგი ბირბიჩაძე აირჩიეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარედ-  თამარ ტალიაშვილი.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კუხიანიძე გახდა.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ რიმა ბერაძე აირჩიეს.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარედ – თინათინ ნობლოშვილი.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე გახდა.

ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარედ ოთარ გრიგოლია აირჩიეს.

ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარედ რევაზ სოხაძე აირჩიეს. მარინა დათუკიშვილმა შესთავაზა კომისიის თავმჯდომარეს, რომ ნიკა ვაჩეიშვილი აერჩიათ კომისიის თავმჯდომარედ, თუმცა ტყემალაძემ უპასუხა, რომ ამისთვის საჭირო იყო საკრებულოს 10 წევრის თანხმობა.

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ლევან ჟორჟოლიანი აირჩიეს.

ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარედ- თედო ისაკაძე.

საკრებულომ მხარი დაუჭირა რეგლამენტის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, ფრაქციას შეიძლება ჰყავდეს ორზე მეტი მოადგილე.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ როდესაც ფრაქცია მრავალრიცხოვანია, მას შეიძლება ჰყავდეს ორზე მეტი თავმჯდომარე. აქამდე, რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას არაუმეტეს ორი თავმჯდომარის ყოლის უფლება ჰქონდა.

თბილისის მერის მიერ წარდგენილი გამგებლებისა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების კანდიდატურების დამტკიცებაზე საკრებულო პარასკევს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი