ახალი ამბები

პრეზიდენტი: არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმა სრული უცოდინრობა გამოავლინა

3 ივლისი, 2013 • • 1040
პრეზიდენტი: არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრემიერმა სრული უცოდინრობა გამოავლინა

 

პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილის  მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა:

 

“მან [ივანიშვილმა] განაცხადა, რომ თურმე მე, როდესაც არჩევნების თარიღს ვარჩევდი 27 რიცხვსა და 31–ს შორის, იმიტომ ამოვარჩიე 31 ოქტომბერი, რომ სამი დღით გამეხანგრძლივებინა პრეზიდენტობა. მინდა ვუთხრა მას, რახან კანონების კითხვა ეზარება, რომ კანონში ზუსტად წერია, თუ როდის მთავრდება საპრეზიდენტო ვადა: ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად. ეს თარიღი არის მკაცრად განსაზღვრული და ვერ იქნება ჩემ მიერ შეცვლილი, მიუხედავად იმისა, 27–ში დაინიშნება და ჩატარდება არჩევნები თუ 31–ში. წინა [საპარლამენტო] არჩევნები ჩატარდა ზუსტადაც რომ სამუშაო დღეს [ორშაბათს, 1 ოქტომბერს] და მაშინ გამარჯვებულ კოალიციას არანაირი კრიტიკა, მე რამდენადაც მახსოვს, არ გამოუთქვამს. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ არჩევნებზე იყო რეკორდული დასწრება და მათ შორის იყო უცხოეთში მცხოვრები ქართველების საკმაოდ რეკორდული დასწრებაც”, – განაცხადა მან.

 

სააკაშვილი ასევე გამოეხმაურა არასამთავარობო ორგანიზაციების განცხადებას, რომლებმაც პრეზიდენტს არჩევნების თარიღის შეცვლისაკენ მოუწოდეს:

 

 

“მე კარგად მოვისმინე არასამთავარობო ორგანიზაციების არგუმენტები. მაინც რაღაც თემები აქვთ, რომელიც უკავშირდება უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიერ არჩვენებში მოანწილეობის მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური პრობლემები არ არის, იმიტომ, რომ დღეს მე შევხვდი ცესკოს თავმჯდომარეს, ბატონ ხარატიშვილს, დავავალე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს [ანდრო] ბარნოვს, რომ კიდევ ერთხელ შეხვდეს არასამთავარობო ორგანიზაციებს და კიდევ ერთხელ ყველა მათი არგუმენტი მოისმინოს. იმიტომ, რომ ჩვენ აკვიატებული არც ერთ თარიღი არ გვაქვს”, – განაცხადა მან.

 

“ჩვენ მზად ვართ, კარგად აწონ–დაწონილი რეაქცია გვქონდეს მათ შემოთავაზებაზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი