ახალი ამბები

ფანჯიკიძე მომხრეა, ემიგრნატებმა არჩევნებზე ხმა კვირადღეს მისცენ, ან არჩევანი წერილობით გააკეთონ

3 ივლისი, 2013 • • 1246
ფანჯიკიძე მომხრეა, ემიგრნატებმა არჩევნებზე ხმა კვირადღეს მისცენ, ან არჩევანი წერილობით გააკეთონ

 

როგორც სურგულაძემ დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტმა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით ქართველ ემიგრანტებს იგნორირება გაუკეთა. 

 

აღნიშნული საკითხი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემაც შეაფასა:

 

“იმაზე, თუ რამდენად სწორად არის არჩევნების თარიღი დანიშნული, ერთს ვიტყვი მხოლოდ, რომ ჩვენ იგივე პრობლემა გვექნება წელსაც, რაც გვქონდა შარშან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა ორშაბათს და საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ძალიან გაუჭირდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ხუთშაბათი ასეთივე პრობლემებს შეუქმნით ჩვენ მოქალაქეებს. კარგი იქნებოდა, შარშანდელის გათვალისწინებით ამაზეც ეფიქრათ. სამწუხაროდ, ამაზე არ იფიქრეს, რადგანაც, როგორც ჩანს, ბევრ სხვა რამეზე ფიქრობენ. ამიტომ, თუ შეიცვლება [არჩევნების თარიღი] და კვირა დღეს [იქნება] არჩევნები, ამას მივესალმები,  რადგანც ვიცი, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეები ძალიან მოწადინებულები არიან, რომ აქტიურად იყვნენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულები”, – განაცხადა მან.

 

“ნეტგაზეთის” კითხვას, აქვს თუ არა რაიმე სახის ბერკეტი საგარეო უწყებას იმისათვის, რომ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმაროს სამუშაო დღეს არჩევნებში მოანწილეობასთან დაკავშირებით, ფანჯიკიძე პასუხობს:

 

“არა, საგარეოს არ აქვს არანაირი ბერკეტი, რადგანაც ეს ხალხი მუშაობს იმ ქვეყნებში და  დაწესბეულებებში. ჩვენ რა უფლება გვაქვს, ამ კომპანიებს ვთხოვოთ ამ ადამიანების გათავსიუფლება ერთი დღით?! არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. თუკი საარჩევნო კანონში იქნება რაღაც ისეთი ცვლილება, რომ მათ საშუალება მიეცემათ ან წერილობით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან მათთვის კვირადღეს გაიმართოს არჩევნები, ეს უკვე არის საარჩევნო საკითხი და ამაზეც გავლენა საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს. ალბათ, შეიძლებოდა ამაზე ფიქრი, მაგრამ რახან ეს არ მოხდა, იმედი მაქვს, რომ აწი მაინც მოვახერხებთ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი