ახალი ამბები

მეჭიაური: თიანეთში NATO-ს საინფორმაციო ცენტრს ჩემგან სრული ხელშეწყობა ექნება

15 ნოემბერი, 2017 • 6373
მეჭიაური: თიანეთში NATO-ს საინფორმაციო ცენტრს ჩემგან სრული ხელშეწყობა ექნება

საინფორმაციო ცენტრმა “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” შესაძლოა თიანეთში წარმომადგენლობა გახსნას. ცენტრის დირექტორის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი 14 ნოემბერს ამ რეგიონის ახალ მერს, თამაზ მეჭიაურს შეხვდა და სამომავლო თანამშრომლობაზე ესაუბრა.

როგორც გიორგი ფარეშიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საუბარი შეეხო თიანეთში NATO-ს ცენტრის წარმომადგენლობის გახსნას. ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მისასალმებელია თამაზ მეჭიაურის მხრიდან კეთილგანწყობა და მზაობა, მხარი დაუჭიროს მათ საქმიანობას.

თამაზ მეჭიაური საქართველოს NATO-ში შესვლას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. თიანეთის ახალმა მერმა ეს პოზიცია ჯერ კიდევ 2016 წელს, მმართველი პოლიტიკური პარტიის რიგებში ყოფნისას დააფიქსირა.

ნეტგაზეთი თიანეთის ახალ მერს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, შეიცვალა თუ არა პოზიცია NATO-ს შესახებ და თუ არა, მაშინ როგორ წარმოუდგენია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საინფორმაციო ცენტრისთვის ხელის შეწყობა მის რეგიონში. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პოზიცია არ შეუცვლია, თუმცა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლობას მისგან სრული ხელშეწყობა ექნება.

“არც მივესალმები და ვერც ავუკრძალავ. ჩემი პოზიცია NATO-სთან დაკავშირებით ცნობილია. მიმაჩნია, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება არის რისკის შემცველი, თუნდაც თურქეთის ფაქტორიდან გამომდიანარე. თუმცა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ვერ დავუპირისპირდები იმ პოლიტიკას, რასაც ხელისუფლება ატარებს. რა თქმა უნდა, მე მათ ყველანაირად შევუწყობ ხელს, რომ განახორციელონ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება.

პიროვნულადაც, გიორგი ფარეშიშვილზე დადებითი აზრის ვარ; რამდენადაც ვიცი, ის საპატრიარქოში მოღვაწეობდა დიდხანს. ასევე, თიანეთში მისი წარმომადგენელი არის სოფო ხარხელაური – დიდი პოეტის, ტარიელ ხარხელაურის ქალიშვილი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ასე რომ, ჩემი მხრიდან მათ თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ექნებათ სრული ხელშეწყობა.

ჩემი პოზიცია ნატოსთან დაკავშირებით უცვლელია, მაგრამ არ ვუპირისპირდები ქვეყნის საგარეო კურსს, რამეთუ დღესდღეობით არ ვარ “დიდ პოლიტიკაში” – ჩემი უფლებამოსილება ჩაკეტილია სხვა საკითხებით, რომელიც არ არის პირდაპირ შეხებაში საგარეო კურსთან,” – განუცხადა ნეტგაზეთს თამაზ მეჭიაურმა.

“ქართული ოცნების” კანდიდატ ლელა ქიტესაშვილს (3076 ხმა) დამოუკიდებელმა კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა (3077 ხმა) 1 ხმით მოუგო, თუმცა მოგვიანებით საოლქო კომისიაში 5 ბათილი ბიულეტენი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს ჩაუთვალეს, რითიც უკვე ის იმარჯვებდა არჩევნებში. თამაზ მეჭიაურმა აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა, მის ინტერესებს კი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. საიასთან ერთად დამოუკიებელმა კანდიდატმა ხელისუფლების წარმომადგენელს ყველა ინსტანციაში მოუგო სასამართლო დავა. თამაზ მეჭიაურმა მადლობა გადაუხადა როგორც საიას, ასევე ყველა ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში მის გვერდით იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი