ახალი ამბები

მთავრობა აფხაზური ე.წ. პასპორტების ვალიდურობის აღიარებას უარყოფს

2 ივლისი, 2013 • • 1296
მთავრობა აფხაზური ე.წ. პასპორტების ვალიდურობის აღიარებას უარყოფს

როგორც ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის საქართველოსა და რუსეთის საკითხებზე თანამომხსენებლების მიერ საქართველოსა და რუსეთში 12-16 მაისს განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშიდან. დოკუმენტიდან ცნობილი გახდა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ თანამომხსენებლების ინფორმირება შესაბამისი უწყების ხელმძღვანელმა, პაატა ზაქარეიშვილმა მოახდინა.

 

“მუხლი 48: …მან [საქართველოს მთავრობამ] ასევე მოხსნა ის წესები, რომლებიც ართულებდა საქართველოს შიგნით მოგზაურობას იმ პირთათვის, რომელთაც გააჩნდათ  აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტები და ისინი აღიარა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებად”, – ნათქვამია იმ დოკუმენტში, რომელზედაც ნაცმოძრაობა აპელირებს.

 

რეინტეგრაციის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს, რომ ამგვარ ფაქტს ჰქონდა ადგილი. სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, დღევანდელ ხელისუფლებას არ უღიარებია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობა

 

“საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ან პარლამენტს არ გამოუცია არანაირი ნორმატიული აქტი, რომლითაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული ე.წ. პასპორტების ვალიდურობას აღიარებდა. ამდენად, ინფორმაცია, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ ე.წ. პასპორტების ვალიდურობა აღიარა, სინამდვილეს არ შეესაბამება”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეცვლილა წესები, რომლებიც აღნიშნული დოკუმენტებით საქართველოში გადაადგილებას არეგულირებს.

 

“არც ეს წესები გაუქმებულა. საქართველოს ხელისუფლებას არც ამ საკითხზე გამოუცია რაიმე ნორმატიული აქტი და არ მომხდარა არანაირი სამართლებრივი ცვლილება”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

 

 


 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი