

“როდესაც ანტიობიოტიკების მიმართ ბაქტერიები რეზისტენტული ხდება და აღარ მოქმედებს ისინი, ამ შემთხვევაში ბაქტერიების გენომის დონეზე შესწავლა უნდა ხდებოდეს. ამ მხრივ, სამეცნიერო კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველომ ახალი ანტბიოტიკების შემუშავებასაც უნდა შეუწყოს ხელი, ლუგარის სახელობის მე-3 დონის ლაბორატორია ამის ყველა შესაძლებლობას იძლევა და თანაბარ პირობებში გვაყენებს ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებთან,”- ამბობს პაატა იმნაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი.
ანტიმიკრობული რეზისტენტობის პირველი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC&PH) ორგანიზებით, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო პანელთან თანამშრომლობით(POE) გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ვადაჭკორიამ გახსნეს.
შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ, ასევე, ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატების, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ტექნიკური სამუშაო შეხვედრის მიზანია ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემის სამეცნიერო პროგრამის შემუშავება კვლევითი პროგრამების გზით.
სამუშაო შეხვედრა მიმართულია სამეცნიერო პროექტების საიდენტიფიკაციოდ, რომლებიც წარმოაჩენს საზოგადოებისა და ცხოველების ჯანმრთელობის მეცნიერების მხარდაჭერის საჭიროებას რეგიონში.
“ინფექციური, ანუ გადამდები დაავადებები თავის თვისებებს ხშირად იცვლიან, ის სამკურნალო წამლები კი, რომელიც ადრე მოქმედებდნენ და თრგუნავდნენ გამომწვევის ზრდას, ხდებიან შეუვალები, რეზსტენტულები. სწორედ ახალი მიდგომების შემუშავება მოხდება ამ სფეროში,”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სემინარის ორგანიზატორთა პრიორიტეტია ახალგაზრდა სპეციალისტთა მონაწილეობა დისკუსიებში, რაც ხელს შეუწყობს მათ სამეცნიერო წინსვლას.
“საერთაშორისო გუნდი ერთობლივად იმუშავებს სხვადასხვა საკითხების განხილვაში, მათ შორის: ანტიბიოტიკების როლზე და ანტიბიოტიკების რეზისტენტობაზე ბუნებაში, მზარდი რეზისტენტობის პრობლემასთან დაკავშირებული საშიშროების შემცირების ახალ მიდგომებზე. სამუშაო შეხვედრის პროცესში გამოიკვეთება საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესწავლის პრიორიტეტული მიმართულებები და კონკურენტუნარიანი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოში ბიოსამედიცინო მეცნიერებების, ბიოზედამხედველობისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.”
დღესვე მოეწერა ხელი ურთიერთგაგების ორ მემორანდუმს ოსლოს და მერილენდის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, ახალგაზრდა მეცნიერებს, იმუნოლოგიისა და ვირუსულოგიის დარგში საქართველოდან შანსი ექნებათ მეცნიერული მოღვაწეობა აღნიშნულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ.
